საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-დან გზავნილით საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით გაჟღერებული გზავნილი იყო, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს.
კვლავ გაიმეორეს საერთაშორისო სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სრულ თავსებადობაში იყო იმ ფუნდამენტურ უფლებებთან, რაც საერთაშორისოდ აღიარებულია.
ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ამ არჩევნების თითქოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მგონია, დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არის საფუძველი დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამიტომ არ არის მიღებული ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაში, რომ პარტიები, რომლებმაც მიიღეს ამომრჩევლის სერიოზული მხარდაჭერა, უარს ამბობენ და არ შედიან პარლამენტში.
მესამე გზავნილით კი საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, ასევე აშშ-ის სენატორების მხრიდან, რომ ქვეყანა თანმიმდევრულია, მიდის დასავლური კურსით და ეს ყველაფერი შეუქცევადია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.