„ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება.
თქვენ იცით, რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა ახლა ასევე სახეზეა ორპარტიული წუხილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ამ ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია. ამ რეგიონში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად.
საქართველო კარგად უნდა პოზიციონირებდეს, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, მისწრაფება, გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ეს ის შანსია, რაც საქართველომ არ უნდა დაკარგოს.
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მოვუწოდებთ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ შეძლონ ამ დიდ ცვლილებებზე კონცენტრირება, რაც შეინიშნება ამ ქვეყნის ირგვლივ. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.