„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი და „თიბისიტივის" დამფუძნებელი ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.
ყუბანეიშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა ტელეკომპანია „იმედის" საქმეზე და გაიხსენა, თუ რა სცენარით მოხდა ჟურნალისტების გადაბირება.
როგორც ყუბანეიშვილი ამბობს, მასთან მივიდა შემდეგ უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი გოგი გეგეშიძე და სთხოვა, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირებაში დახმარებოდა, თავის მხრივ გადაბირებაში დახმარება გეგეშიძეს დავით კეზერაშვილმა სთხოვა.
„გოგის ჰქონდა შეხვედრა დავით კეზერაშვილთან, მათი საერთო თხოვნა იყო. მე არანაირი უფლება არ მქონდა, გოგისთვის უარი მეთქვა, მითუმეტეს, რომ შემეძლო, დავხმარებოდი, დავთანხმდი. შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა დავით კეზერაშვილთან თავდაცვის სამინისტროში. პირობებზე ვისაუბრეთ, ვგულისმხობ, რა მხარდაჭერა შეიძლებოდა მქონოდა მე ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების პროცესის დროს. კეზერაშვილმა მითხრა, რომ ყველნაირი ტიპის მხარდაჭერა შეიძლებოდა მქონოდა, ფინანსურიდან დაწყებული, სხვა იურიდიული საკითხებით დამთავრებული", - ამბბოს ჩვენებაში ყუბანეიშვილი.
კითხვაზე, რა იგულისმხებოდა ფინანსურ მხარდაჭერაში, ყუბანეიშვილი პასუხობს:
„თუ შესათავაზებული იქნებოდა რაღაც გარკვეული თანხა, რომ ეს ადამიანები გადამოსულიყვნენ ან მათი შემდგომი საქმიანობისთვის, რაიმე ტიპის პროექტებისთვის".
ყუბანეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრა შედგა 2007 წლის დეკემბერში, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რა ფორმით უნდა წამოსულიყვნენ ჟურნალისტები „იმედიდან".
„ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვსაუბრობდით, რა ფორმით წამოსულიყვნენ ისინი არხიდან. ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ გაეკეთებინათ განცხადება არხის მეპატრონის, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. ეს თემა, ფორმა შეთანხმებული იყო დავით კეზერაშვილთან. უნდა გაეკთებინათ განცხადება, ეთქვათ მიზეზი, რომ მათი არხის მფლობელი იწყებდა პოლიტიკურ საქმიანობას და მათთვის ეს მიუღებელი იყო. ამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ ფორმაზე, რას გააკეთებდა ეს ჯგუფი. ამის შემდეგ მე მქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დავით კეზერაშვილთან, ვუთახრი, რა პირობებიც იყო ჟურნალისტების მხრიდან, მათ შორის - ფინანსური პირობები, რაც ამ ჯგუფმა წამოაყენა, რაზეც მივიღე მხარდაჭერა. მე და გოგი შემდეგ შეხვდით ამ ჯგუფს, ჩამოვყალიბდით, რომ გადაცემა გავიდოდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", რადგან ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ფორმატი, რაც მათ უნდოდათ, ყველაზე კარგად შეეფერებოდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს". გავაფორმეთ ხელშეკრულება, ამ ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია „ახალი დროება", ჩვენ - „ჯიელტივი". მილიონ 900 დოლარი დაახლოებით იყო კონტრაქტის ფასი, შიგნით თანხა როგორ ნაწილდებოდა, ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა", - აღნიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ყუბანეიშვილმა.
როგორც ყუბანეიშვილი ამბობს, „ახალი დროების" პროდუქტის საბოლოო შემსყიდველი იყო „საზოგადოებრივი მაუწყებელი", შუამავალი - კომპანია „ჯიელტივი", ხოლო პროდუქციის მწარმოებელი - „ახალი დროება".
კერძოდ, ყუბანეიშვილის ჩვენების მიხედვით, გაფორმდა 1-წლიანი, დაახლოებით მილიონ 900 ათასი დოლარის კონტრაქტი, უნდა მომზადებულიყო დაახლოებით 39 გადაცემა, ერთი გადაცემას „ჯიელტივი" ყიდულობდა ჟურნალისტებისგან დაახლოებით 50 ათას დოლარად, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებელზე" ყიდდა 7-8 ათას დოლარად.
სასამართლოში დასმულ კითხვაზე, რატომ ყიდდა „ჯიელტივი" 50 ათას დოლარად შესყიდულ გადაცემას 7-8 ათას ლარად, ყუბანეიშვილი პასუხობს, რომ ეს „ჯიელტივისთვის" ზარალიანი არ იყო, რადგან ფინანსური მხარდაჭერის გარანტია ჰქონდათ დავით კეზერაშვილისგან.
ყუბანეიშვილის ჩვენების მიხედვით, 2007 წლის აპრილში იგი აირჩიეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორად, აღარ ჰქონდა უშუალო შეხება ამ საქმესთან, თუმცა გოგი გეგეშიძის მონაყოლიდან იცოდა, როგორ განვითარდა მოვლენები.
კერძოდ, 2008 წლის აპრილში ეთერში არ გავიდა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი.
„როგორც გოგი გეგეშიძემ მითხრა, ჰქონდა შეხვედრა კეზერაშვილთან და გიგი უგულავასთან, რომლებმაც უთხრეს, რომ არ უნდა გასულიყო სიუჟეტი, შემდეგ გოგი შეხვდა ჟურნალისტებს და ჟურნალისტებთან საერთო შეთანხებით გადაწყდა, რომ ეს სიუჟეტი არ უნდა გასულიყო ეთერში", - აღნიშნა ყუბანეიშვილმა.
მისივე თქმით, „ახალმა დროებამ" 2008 წლის მაისის ბოლომდე იმუშავა, დახურვის მიზეზი გოგი გეგეშიძისგან შეიტყო.
„გოგიმ მითხრა მიზეზი - ჰქონდა შეხვედრა კეზერაშვილთან და გიგი უგულავასთან, სადაც საუბრი იყო, რომ ეს გადაცემა უნდა დახურულიყო, მათ ეს მოსთხოვეს, გოგიმაც შეასრულა და გადაცემა დაიხურა", - აღნიშნა ყუბანეიშვილმა.
ამასთან, ყუბანეიშვილის თქმით, ამ თემაზე გიგი უგლავასთან უშუალოდ საუბარი არ ჰქონია და ინფორმაციის წყარო გოგი გეგეშიძე იყო.
მისივე ინფორმაციით, „დროების" ჟურნალისტების გადაბირების მცდელობა ჰქონდა გივი თარგმაძესაც, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ლევან ყუბანეიშვილმა სასამართლოს ჩვენება 4 ივლისს მისცა.