სამგორის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ყრილობას, რომელიც მათი თქმით, დიდგორზე უნდა გამართონ, აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს არ დაუშვებს. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და განაცხადა, რომ „სააკაშვილს, ბოკერიას, გაბაშვილს, რამიშვილს და თარგამაძეს დიდგორზე ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ!"
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი:
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ლიდერები და ქინძის-ხანი სააკაშვილი ვერ პატიობენ ქართველ ხალხს, რომ მათი რეჟიმი საზოგადოებამ გადააგდო.
ვიცი, „ნაციონალები" დაიწყებენ საუბარს, რომ მეც მათთან ერთად ვიყავი 9 წელი და ახლა მოჩვენებითი წინააღმდეგობა დავიწყე. მაგრამ, მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომ არასდროს ვყოფილვარ მათი პარტიის წევრი და გავემიჯნე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახე, „ნაციონალები" ყველაფერი ქართულის მტრები იყვნენ. მოგეხსენებათ, ყველას სხვადასხვა მოთმინების ფიალა აქვს. გარკვეული დროის მერე, ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები, შეფასებები მათ მიმართ შეიცვალა. დავინახე მათი შინაგანი დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ. დავინახე მათი მიზნები, მათი სისასტიკე, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდნენ. ჩემთან, როგორც მაჟორიტართან, მოსული ათი ადამიანიდან ხუთს პრობაციონერი ნათესავი ან ოჯახის წევრი ჰყავდა.
დავინახე, რომ ყველაფერი ქართული „ნაციონალებისთვის" უცხო იყო და ყალბად იყენებდნენ ჩვენი სულიერებისთვის ძვირფას თემებს. ჩვენი კულტურა, ტრადიციები ჩვენი სულიერების საგანძურია და სწორედ ამას ესხმოდნენ მუდმივად თავს. ისინი თავს ესხმოდნენ უწმინდესის და უნეტარესის რეპუტაციას, დედა-ეკლესიის ავტორიტეტს.
ხშირად ისინი იყენებდნენ ამერიკელი მეგობრების ავტორიტეტს, ვითომ თვითონ იყვნენ პროამერიკული ძალა. რეალურად კი, მათი საქციელი საზოგადოებაში ამერიკის მიმართ თანდათან აჩენდა გულისწყრომას და ცუდ დამოკიდებულებას, რადგან „ნაციონალები" ყველანაირ უბედურებას ამერიკას უკავშირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი პროამერიკული ღირებულებები იყო.
მე გავხდი ამერიკული რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ძველი და ავტორიტეტული კლუბის საპატიო წევრი და ვიცი, რომ ამერიკელების ღირებულებები აბსოლუტურად განსხვავებულია ნაცბანდისა და მათთან სულიერად ახლოს მდგომი ე.წ. პროამერიკული პარტიების ღირებულებებისგან. ამერიკელები ძალიან დიდ პატივს სცემენ ოჯახს, ტრადიციებს, პატრიოტიზმს, კულტურას, პასუხისმგებლობას, ზნეობას. ამ ღირებულებებზე დგანან ეს ადამიანები. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ „ნაციონალები" პროამერიკელები კი არ არიან, არამედ პრორუსულ საქმეს აკეთებენ, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი, ძლიერი, გავლენიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ უარყოფით განცდებს უჩენენ საზოგადოებას. რეალურად ისინი რუსეთს ემსახურებიან და უკეთესი აგენტი, ვიდრე სააკაშვილია, რუსეთს არ ჰყოლია და კიდევ დიდხანს არ ეყოლება, რადგან ეს ადამიანი სადაც მიდის, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებს. პროდასავლურ იერს ამოფარებული სააკაშვილი ანგრევს ყველა იმ ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ანექსიას, ტოტალიტარიზმს.
რაც შეეხება დიდგორს და „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ ყრილობას, ვთქვი და კიდევ გავმეორდები, ჩემთვის სამგორში გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუ ჩვენ დავმარცხდით დიდგორში. მათ სპეციალურად აარჩიეს ისეთი ადგილი, რომელიც ქართველებისთვის არის უწმინდესი, სადაც ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა ჩვენმა წინაპრებმა მოიგეს. თავის დროზე, როდესაც ეს ქინძის-ხანი დავით აღმაშენებლის საფლავზე მივიდა, ბევრს სჯეროდა, რომ აღმაშენებლის ღირებულებებზე იდგა მისი ცნობიერება და ამ ფასეულობებზე უნდოდა აეშენებინა საქართველოს მომავალი. თანდათან დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო ბუტაფორია, ზოგმა ადრე, ზოგმა გვიან, მაგრამ ბოლოს მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ეს არის ბუტაფორია.
„ნაციონალები" ცდილობენ, რომ ქართველი კაცი იყოს ხელგაწვდილი, გლახაკი, რომელიც არ ქმნის, არ იბრძვის, ამაგი არ აქვს თავის სამშობლოზე და შესაბამისად, სუსტდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩვენი თინა სპასალარიც დიდად არ განსხვავდება „ნაციონალებისგან". რამდენი დაისიცხება, იმდენჯერ თუ ქვეყნისთვის საზიანო პროექტს მოაწერს ხელს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საზიანოს, ასე არ გამოვა. ხან ცივა და ხან ცხელა დედამიწაზე და ამინდის მდგომარეობა არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის გადაწყვეტილებების მიღების უნარს, მითუმეტეს, თავდაცვის მინისტრის. მაგრამ, კიდევ ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკური პარტია და კიდევ სხვა მათთან სულიერად ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროამერიკელობას იბრალებენ, არიან ლიბერტარიანული ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პროდასავლური ღირებულებები დამახინჯებულად გავიგოთ და მეტად გაგვიჩნდეს სურვილი ჩვენი „კეთილმეზობელი" რუსეთისკენ სვლისა და დაახლოების. რეალურად, ეს უკვე დაახლოება კი არა, ჩაბარება იქნება.
- განაცხადეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დიდგორი სპეციალურად აირჩიეს. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რატომ მაინცდამაინც დიდგორი?
- დიდგორში ისინი ფეხს ვერ დაადგამენ! ყველას აქვს უფლება, ავიდეს დიდგორში და პატივი მიაგოს გმირების სულებს, მაგრამ ადამიანებს, ვისთვისაც ეს უბრალოდ მინდორია, უფლება არ აქვთ, იქ ყრილობა ჩაატარონ! ისინი კანონით უფლებამოსილნი არიან, ჩაატარონ ყრილობა და ვერაფრით შეზღუდავ, მაგრამ ეს იცით, რას ნიშნავს? ვიღაც რომ მოვიდეს და ეკლესიაში გადაწყვიტოს ყრილობის ჩატარება! თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, მაშინ უბრალოდ აღარ ვართ, აღარ ვარსებობთ, არაფერი აღარ იწვევს ჩვენში პროტესტის გრძნობას, სიყვარულის დაცვის სურვილს! მაშინ, ძალიან დავჩლუნგებულვართ! ეს მარაზმატიკი, ბილწი ადამიანები თუ წაგვიბილწავენ ამ ღირებულებასა და ფასეულობას, მაშინ რაღა ვყოფილვართ ჩვენ!
- რას აპირებთ ამ იდეის საწინააღმდეგოდ?
- მე ვერავის ვეტყვი, რომ წამოვიდნენ და გვერდში დამიდგნენ „ნაციონალების" წინააღმდეგ. მაგრამ მე ავალ დიდგორში. ღვთის წინაშე, ერის წინაშე, ჩემი ოჯახისა და სახელის წინაშე ვამბობ, შევეწირები, მაგრამ იქ ისინი ყრილობას ვერ ჩაატარებენ! მარტოც რომ ავიდე იქ, ამ იდეას შევეწირები! მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთი არ ვიქნები, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ერში იქნება ისეთი ძალის პროტესტი, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იგივეა, ყრილობა ჩაგვიტარონ ტაძარში. რაღაც შეიძლება მოითმინო, მაგრამ რაღაც არასდროს არ უნდა ჩაყლაპო, თორემ აღარ ხარ, ტყუილად არსებობ! ვფიქრობ, ყველა ქართველი გაიგებს ჩემს სამართლიან გულისწყრომას. ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, ვიჯდე სახლში და ვუყურო იმ მასკარადს, რომ ჯერ დიდგორში შეიკრიბონ ყრილობის ჩასატარებლად ეს ბილწი და სექტანტური საზოგადოების თავკაცები და მერე იქიდან მსვლელობით ჩამოვიდნენ თბილისში და მომიწყონ „მაიდანი". „მაიდანს" თბილისში ვერ მოაწყობენ, მათ უნდათ, საქართველოს დამარცხება დაიწყონ დიდგორიდან, არ გამოვა ასე!
თან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. საერთოდ ვერ გარკვეულა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა. მას საერთოდ არ აქვს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მას არ აქვს სამშობლოს სიყვარულის, დაცვის უნარი. ის ისევე გულში მჯიღის ცემით იძახის - „მე ვარ უკრაინელი", როგორც მანამდე იძახდა - „მე ვარ ქართველი"! ხვალ შეიძლება იყოს კონგოელი, ინდოელი, ეტყობა, ყველა ეროვნებაშია „განათებული" მისი გადაღრძოებული გონება.
ამიტომ ვამბობ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს „მაიდანს" აქ არ მოვაწყობინებთ! კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ხალხის გულამდე მივიდეს ეს ამბავი, დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ქინძის-ხანი სააკაშვილი გეგმავს, დიდგორიდან დაიწყოს საქართველოს დამარცხება, საქართველოს სახელმწოფოებრიობის დაშლა, საქართველოში ქაოსის გაჩენა და მერე მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანაში შეძლოს ხელისუფლების უზურპირება. ჩვენ თუ დუმილით, უმოქმედობით, გულგრილი დამოკიდებულებით ამას დავუშვებთ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ!
მე უკან დასახევი არაფერი მაქვს, ვდგავარ იქ, სადაც არის ჩემთვის წყალგამყოფი. ვერ დავუშვებ, როგორც ერთი ქართველი, რომ სულში ჩამაფურთხონ და მერე ასე ჩაფურთხებულმა ვიცხოვრო. ისედაც ბევრი მოვითმინეთ! ამიტომ, „ნაციონალებმა" უნდა იცოდნენ, რომ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. მათ არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენი სიწმინდეები გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური და მზაკვრული გეგმებისთვის. ეს არის ჩემი მიზანი. მე ავდივარ დიდგორში და ქინძისხანი სააკაშვილი ვერ ჩაატარებს იქ ყრილობას!