logo_geo
eng_logo
ბელგიაში ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდის კარიც შეაღო...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 მარტი. 2016. 15:13


ცხრა წლის იყო, როდესაც საქართველოდან წავიდა და ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. საკმაოდ რთული იყო მისთვის პირველი დღეეები, ადაპტირება უცხო ქვეყანაში. ენატრებოდა ქართველი მეგობრები, ნათესავები, კლასელები და საქართველო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დრო ყველაფრის მკურნალი აღმოჩნდა, და წასვლის მიზეზიც დღევანდელი გადმოსახედიდან სწორედ ის იყო, მდგარიყო იმ საფეხურზე, სადაც ახლაა.


24 წლის ბონდ მღებრიშვილი ბელგიაში ცნობილი მსახიობი გახლავთ. ის ერთ-ერთმა რეჟისორმა აღმოაჩინა, შემდეგ სხვებიც დაინტერესდნენ მისით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ბონდმა ჰოლივუდის კარიც შეაღო - უკვე ორ ჰოლივუდურ ფილმში იღებენ. „ჩრდილში" (the shadow within) - სადაც ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ლინდსი ლოჰანთან ერთად მონაწილეობს. მეორე ფილმის სახელწოდებაა „მფრინავი" (Airmen) - წარმატებული მფრინავის როლს ირგებს. ამ ყველაფერზე ბონდ მღებრიშვილი რეპორტიორს" პარიზიდან უამბობს, სადაც the shadow within"-ის გადაღებები მიმდინარეობს, რთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთვის დრო მაინც გამონახა.


- მე და ჩემს ძმას საქართველოს დატოვება თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, შემდეგ შევეგუეთ ბელგიაში ცხოვრებას. თავდაპირველად, მარკეტინგის მენეჯმენტს ვსწავლობდი. შემდეგ კი კინო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში... კინემატოგრაფია და მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. როდესაც „მამაცი გული" (Bravehearts) პირველად ვნახე, ლეგენდარული მელ გიბსონის შესრულებით და ფილმის საუნდთრექი მოვისმინე, პიანინოზე დაკვრის სურვილი გამიჩნდა. მგონია, რომ ამ მუსიკას მაინც ყველაზე კარგად ვუკრავ. მსახიობობაზეც ვფიქრობდი ალბათ, რადგან ფილმებიდან სხვადასხვა სცენებსა და მსახიობებს განვსახიერებდი ხოლმე. ორი წელი კონსერვატორიაში დრამის ფაკულტეტზე ვისწავლე. მე რომ დღეს პიანინოზე ვუკრავ ეს ხომ კინოს დამსახურებაა... ჩემი აზრით, მსახიობს კარგი სმენაც უნდა ჰქონდეს, სიმღერაც შეეძლოს, სპორტის მიმდევარიც იყოს. არავინ იცის, რა როლს შესთავაზებენ და ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს.


ასევე საბრძოლო ხელოვნებით ვარ გატაცებული. თუმცა, ახლა ძირითადად ფიტნეს ცენტრში ვვარჯიშობ, რომ ფორმა არ დავკარგო. საბრძოლო ხელოვნებაში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, ინტენსიური ვარჯიში კი ჩემს კარიერას ხელს ძალინ უწყებს.


წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ ნაადრევია, ყველაფერი წინ მაქვს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემს კარიერულ წინსვლაში ქართველობა ძალიან დიდ როლს ასრულებს. ბევრი სირთულის მიუხედავად, რაღაც მაინც შევძელი და გავაკეთე, კიდევ უფრო ბევრს ვიშრომებ, რათა საქართველო ვასახელო...


- ქართველი ბიჭის ბელგიურ, წარმატებულ მოღვაწეობაზე გვიამბეთ...

 

 

 

 

- ჩემი პირველი დებიუტი შედგა ფილმში „წამებული" (mujahid), მოკლემეტრაჟიან თრილერში, სადაც ძლიერი მოკრივეს როლი შევასრულე. ჩემი სპორტული აღნაგობიდან გამომდინარე ამ როლს კარგად მოვერგე. ამის შემდეგ, მონაწილეობა სრულმეტრაჟიან ფილმში მივიღე „უკანასკნელი თამაში" (the last game), თურქული ბანდის მეთაურის როლი შევასრულე, დაპირისპირება იტალიურ მაფიასთან მქონდა. ასე გრძელდება კინოში ჩემი მოღვაწეობა და არამარტო, სერიალებში, სარეკლამო რგოლებშიც გადამიღეს, „Axe"-ის, „Côte D'or"-ის და ა.შ.


ზოგადად ჩემთვის ყველა როლი ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით, გამოვარჩევდი, ქართველი რეჟისორის არმაზ ხორნაულის ფილმს „ახალი ცხოვრების დაწყება" (To start a new life), სადაც გენიალური გია ყანჩელის მუსიკაც ჟღერს. ამერიკაში ფესტივალზე იყო წარდგენილი და კინოკრიტიკოსებმა ნამუშევარს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს. ასევე გამოვარჩევდი ფილმებს „ვაჟის ხრიკები" (Son Oyun), „გველის ტვინი" (Snake brain), თითქმის ყველა დრამა და თრილერია, რაც მე ძალიან მიზიდავს, მითუმეტეს ნიჭიერი ხალხის გაკეთებული. ძალიან ცნობილი და დიდი რეჟისორები მირეკავდნენ, უამრავი დაინტერესება იყო ჩემს მიმართ. ახალ პროექტებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.


 

 


მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეგობრები მუდამ გვერდში მედგნენ და მინდა, მათ განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო.


მრავალი სირთულე გამოვიარე უცხო ქვეყანაში, თუნდაც ის, რომ აქაური არ ვიყავი და ამან ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე დამჩაგრა. უთქვამთ, რატომ არის ეს ქართველი და არა ჩვენიანიო. თუმცა, დგება დრო, სადაც უკვე შენ ირჩევ, საით უნდა წახვიდე.

 

- ახლა Hollywood-ზე ვისაუბროთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰოლივუდის კინოინდუსტრიის კარი უკვე წარმატებულად შეაღეთ...

 

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ კარი შევაღე, მაგრამ ბოლომდე თუ შემიშვებენ, ეგ ჯერ საკითხავია... თუმცა, უკვე ისიც დიდი წარმატებაა, რომ კარი შევაღე. ალბათ, თითქმის ყველა მსახიობის ოცნება ჰოლივუდში მოხვედრაა, თუნდაც ერთ ფილმში მონაწილეობა. ჩემმა აგენტმა როდესაც მითხრა, რომ შეიძლებოდა დაერეკათ და როლზე შემოთავაზება მიმეღო, არც კი დავიჯერე. დარეკვა რომ დააგვიანეს, ვიფიქრე, ალბათ, ეს დიდი ხუმრობაა-მეთქი. ჩაწერაზე ვიყავი, როდესაც ლოს-ანჯელესიდან დამირეკეს. მოლაპარაკებები ბრიუსელში გვქონდა. გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში, ბრიუსელსა და დუბაიში, ახლა კი პარიზში. 16:00-დან დილის 06:00-მდე მქონდა ხშირად გადაღებები. ძალიან გადაღლილი, უძილო ვიყავი. მხოლოდ ის მეწყინა, რომ იმ პერიოდში საქართველოდან მეგობრები ჩამოვიდნენ და სამწუხაროდ, დრო ვერ დავუთმე, მაგრამ ჩემი ამბით იყვნენ ძალიან გახარებულები.


 ფილმის სახელწოდებაა „the shadow within", რეჟისორი ტიაგო მესქუტა (Tiago Mesquita) გახლავთ. მინდა, ცოტაოდენი ინტრიგა დავტოვო და ჩემს პერსონაჟზე მხოლოდ ის გითხრათ, რომ მას „მეისონი" „Meison" ჰქვია და მსახიობ შარლოტა ბეკეტის (Charlotte Beckett) დაუძინებელი მტერი ხდება ფილმში. ამ ყველაფერს კი ყველასთვის ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი, ფილმში კი, დეტექტივი პატრიცია იძიებს. ურთულესი და ძალიან საინტერესო სცენები მაქვს. როდესაც ამერიკელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე, სადაც წერს, რომ სულმოუთქმელად ელიან ლინდსი ლოჰანის სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ფილმში ხილვას, და მთავარი როლების ჩამონათვალში ჩემი სახელი და გვარი წავიკითხე, აი, მაშინ კი სიამაყე ვიგრძენი.


- როდის შედგება ფილმის პრემიერა?

 

- სავარაუდოდ 2017 წელს.


- გადასაღებ მოედანზე ყოფნის პერიოდს ხომ ვერ გაიხსნებეთ, სადაც ჰოლივუდელებთან ერთად გიწევდათ და ახლაც გიწევთ ყოფნა...

 

 

 


- რეჟისორთან არაჩვეულებრივი კონტაქტი დავამყარე. ბევრჯერ რისკზეც წავედი როლისთვის, მაგალითად, ნახტომის დროს ქუსლი ვიღრძე და ოთხი დღე შევისვენე. ასეთი სცენის გათამაშება სავალდებულო სულაც არ იყო, მაგრამ ქართულმა სისხლმა მაინც თავისი გააკეთა. მინდოდა, ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ სცენა უფრო კარგი გამოსულიყო.


ყველაზე დიდი დახმარება ცნობილმა მსახიობმა ჯანი კაპალდიმ (Gianni capaldi) გამიწია. გადაღებისას თითქოს ხალხს ვცხრილავდი, ამას უფრო გაბრაზებული გამომეტყველებით ვაკეთებდი, მე ასე ვიგრძენი, მოსწონდათ კიდეც. თუმცა, მერე კაპალდი მოვიდა ჩემთან და ჩუმად მითხრა, აბა, სცადე, ირონიული გამომეტყველებით, სახეზე ღიმილით, მოკალიო და ასეც მოვიქეცი, ყველა გაოცდა, ძალიან მოეწონათ.


ლინდსი ლოჰანს რაც შეეხება, ამპარტავნობა შევატყვე. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გადასაღებ მოედანზე დაგვიანება უყვარდა, რის გამოც, მაგალითად, მე სამი საათი გადამედო გადაღების პროცესი. ზოგადად კი, ვცდილობდი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა.


ასეთი ინტენსიური გადაღებების გამო სამი კილო დავიკელი. ვფიქრობ, ფილმი კარგი უნდა გამოვიდეს. მაქვს ახალი შემოთავაზებებიც, შესაძლოა, სტივენ სიგალთანაც მომიწიოს თანამშრომლობა, მაგრამ ამაზეც ჯერ ბევრს ვერაფერს ვიტყვი.


- „მფრინავი" (Airmen) - ასე ერქმევა მეორე ჰოლივუდურ ფილმს, რომელზეც პარალელურად მუშაობთ...

 

 

 

 

- ამ ფილმის რეჟისორი ოლივერ მარქსია (Oliver Marks), სადაც წარმატებული, გამოცდილი მფრინავის როლს ვასრულებ. სწორედ ასეთი ჟანრის ფილმში მონაწილეობაზე ვოცნებობდი. როდესაც ფილმის გადაღებულ მონაკვეთს ვუყურე, რეჟისორს ვუთხარი, ეს ფილმი ვიცი, „პერლ ჰარბორია"-მეთქი გაიცინა და მითხრა - ეს ჩვენი ფილმიაო, მაშინ ვეცადე, რომ ემოციები მომეთოკა. გადაღებები ჯერჯერობით პარიზში, ლონდონსა და ამსტერდამში გვქონდა. ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემებზეა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს განვასახიერებ. მთავარ როლებს ქრის ბრიანტი და ოლივერ ბისქბაკი. (Chris Briant & Oliver Biscback) ასრულებენ.


- ფიქრობთ მოღვაწეობის გაგრძელებას ჰოლივუდში?


- ჯერჯერობით ბელგიაში ბევრი პროექტი მაქვს განსახორციელებელი და ჯერ იქ ვაპირებ ყოფნას, თუმცა, მომავალში ჰოლივუდს აუცილებლად ვუმიზნებ.


- 23 წლის ასაკში უკვე ბევრი წარმატება გხვდათ წილად, მომავალშიც დიდი გეგმები გაქვთ... ამბობთ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი ძალიან გიყვართ, ამაყობთ ქართული სტუმართმოყვარეობით ევროპაში... შესაძლებელია, ოდესმე დაბრუნდეთ საქართველოში, არა დროებით, არამედ სამუდამოდ?

 

- საქართველო ძალიან მიყვარს, როგორც კი ვახერხებ, ჩამოვდივარ ხოლმე ზაფხულობით ჩემს ქვეყანაში. აქ ძალიან ბევრი ნათესავი, მეგობარი მყავს. არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ მოვა დრო, როდესაც მე დავბრუნდები საქართველოში და დავბრუნდები სამუდამოდ. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჯერ აქეთ ყოფნა სჯობს, მინდა, საქართველო ვასახელო, ჩემი სამსახიობო კარიერა განვაგრძო და ეს კარგი იქნება, არა მხოლო ჩემთვის, არამედ საქართველოსთვისაც.


- როგორ ფიქრობთ, რითი დააინტერესეთ რეჟისორები?


- ისეთი ემოციით, როგორიც მხოლოდ ქართველებს გვაქვს.


- ქართულ კინემატოგრაფიაზე რას გვეტყვით...


- საქართველო სავსეა ნიჭიერი მსახიობებითა და რეჟისორებით. კახი კავსაძე ჩემი საყვარელი მსახიობია. მინდა, ბიზნესმენებს და ზოგადად ვისაც შეუძლია მივმართო, დააფინანსონ ნიჭიერი რეჟისორები და მთელ მსოფლიოში ისინი თავის სათქმელს იტყვიან.


შესაძლოა, ძალიან ცნობილ ქართველ რეჟისორებთანაც მომიწიოს თანამშრომლობა.


- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან უცხო ქვეყანაში იზრდებოდით და წარმატებებს აღწევდით, საქართველოს სიყვარული და შეიძლება ითქვას, ქართულიტემპერამენტი" შეინარჩუნეთ, რამ განაპირობა ეს? ვისი ან რისი დამსახურებაა?

 

- მე საქართველოთი ვამაყობ... ყველასთან და განსაკუთრებით გადაღებების დროს, ხშირად ვამბობ, რატომ არ მიდიხართ საქართველოში? ჩვენ ისეთი არაჩვეულებრივი ადგილები გვაქვს-მეთქი. თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს. როცა ზაფხულობით ჩამოსვლას ვახერხებ, მეგობრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობ. ეს სიყვარული კი, ჩემი ოჯახის დიდი დამსახურებაა, თუნდაც ის, რომ ქართული ენა არ დამვიწყებია. ჩემი აზრით, ოჯახზეა დამოკიდებული თუ როგორ აღზრდი შვილებს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართველებმა ჩემით იამაყონ. ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი გულით, ნიჭითა და ამბიციებით. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭირო იქნება და საქართველოს აუცილებლად ვასახელებ... 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner