მამა ბასილ მკალავიშვილმა სააკაშვილის დროს ციხეში არსებულ რეჟიმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს თავისი გეგმების შესასრულებლად ორი ჯგუფი ჰყავდა ბოკერია- მერაბიშვილის და ძმები ახალაიების ხელმძღვანელობით.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ სააკაშვილს თავისი მზაკვრული გეგმების შესასრულებლად ორი ჯგუფი ჰყავდა, რომლებიც შუაღამისას შავნაბადას რეზიდენციაში იკრიბებოდნენ. ერთ ჯგუფს გიგა ბოკერია და მერაბიშვილი მართავდნენ, მეორეს - ძმები ახალაიები და ე.წ. მასტერა. იქ წყდებოდა, ვისთვის უნდა გამოეძალათ ფული, ვინ მოეკლათ, ვინ ეცემათ და ა.შ.
ციხე ისეთი აკადემიაა, სადაც ყველაფერი იციან. სააკაშვილს გამორჩა, რომ მის საუბრებს იქ მყოფი დარაჯებიც ისმენდნენ და ინფორმაციას კანონიერ ქურდებს აწვდიდნენ.
ციხეში, როგორც ღვთისმსახურს, ყველა პატივისცემით მექცეოდა და ყველაფერს მიყვებოდნენ. ორი კვირით ადრე ვიცოდი ისიც, რომ ციხის ბუნტი მზადდებოდა, რომლის უშუალო დამგეგმავი გიგა ბოკერია იყო.
როდესაც სააკაშვილის მთავრობა შეიცვალა, ჩემთან ატირებული სპეცრაზმელი მოვიდა - მიშველე, მამაო, ექვსი წელიწადია, ნორმალურად არ მძინავს, სულ თქვენ მიდგახართ თვალწინო. როგორც მან მიამბო, გიგა ბოკერიას გამოგზავნილმა პიროვნებამ ბუნტის დროს რკინის ხელკეტი მისცა ხელში, რომელსაც ჩემთვის და სულხანისთვის კეფაში უნდა ჩაერტყა და მოვეკალით. ეს ყველაფერი კი ისე შერჩებოდათ, როგორც 8 კაცის სიკვდილი შერჩა ბოკერიას.
დღეს გიგა ბოკერია ქუჩაში თავისუფლად დადის, ეს სამართალია? მოვუწოდებ პროკურატურას, სასწრაფოდ აღძრას საქმე გიგა ბოკერიას წინააღმდეგ, თორემ თუ მათ ეს ყველაფერი შერჩათ, უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
ბოკერიას პროცესზე მოწმედ მოვალ. მისი სადიზმის უშუალო თვითმხილველი ვარ. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პირობას ვდებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე სულხან მოლაშვილის, გურამ შარაძის მკვლელები არ დაისჯებიან", - ამბობს მამა ბასილ მკალავიშვილი.