„მე ერთ დონეზე დავაყენებდი „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ისე ეფექტის მხრივ“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, კოვიდ ინფექცია გადაიტანეს ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ვინც იცის, რომ ინფექცია გადაიტანა, მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ ვაქცინაცია მათთვისაც დასაშვებია და შესაბამისად, დასაშვებია მათთვის, ვინც ისე გადაიტანა, რომ არც იციან, ვინაიდან უსიმპტომო პერიოდი ჰქონდათ და მწვავე პერიოდი არც ჰქონიათ.
მათთვის ვაქცინაცია არანაირ წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოში გაცილებით სხვანაირი კონტროლი იქნებოდა. იცით, რამდენი ადამიანია, ვინც გადაიტანა და არ იცის?! ასეთი ძალიან ბევრია, ორჯერ და სამჯერ მეტი და ამ ხალხს სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სპორტ-დარბაზებში და მარკეტებში რომ ცრიან, ასე ხომ არ იქნებოდა?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს ისეთი მოლოდინი, რომ ვაქცინირებული ადამიანი გარანტირებულია და მისი ინფიცირება არ მოხდება.
„ვაქცინა ყველაზე მეტად ამცირებს მძიმე შემთხვევებს, კრიტიკულ შემთხვევებს, სიკვდილობას და შემდეგ, სიმპტომურ ინფექციებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.