logo_geo
eng_logo
დავით მირცხულავა: ძალიან დიდი უსინდისობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სულხან მოლაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიყენა!
- +

12 ივლისი. 2016. 16:49


 


ნაციონალი სექტანტები - ნიკა რურუა, გიორგი კანდელაკი და სხვები ურცხვად აცხადებენ, რომ სულხან მოლაშვილის წამება მითია და ციხეში მისთვის ხელი არავის დაუკარებია, ხოლო თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი იმის თქმასაც კი კადრულობს, რომ სულხან მოლაშვილმა საკუთარი თავი აწამა და სხეულზე უმძიმესი დაზიანებები თვითონ მიიყენა. ამ საკითხზე ვესაუბრებით საქართველოს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას, რომელიც სააკაშვილის ციხეში სასჯელ სულხან მოლაშვილთან ერთად იხდიდა:


- ძალიან დიდი სისულელე და უსინდისობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სულხან მოლაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიყენა. სულხანს არაერთ ინტერვიუში აქვს გაცხადებული, რომ მის წამებაში ვალერი გრიგალაშვილი მონაწილეობდა და ამის შესახებ პირადად მეც მომიყვა, როცა ციხეში ვისხედით.


- საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი ის დაზიანებები, რომლებიც სულხან მოლაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა?

 

- რა თქმა უნდა, საკუთარი თვალით ვიხილე სულხანის დამწვარი ზურგი და პირდაპირ გეუბნებით, რომ მსგავსი საშინელება არასოდეს მინახავს.


ყოვლად წარმოუდგენელია, ჭკუათმყოფელ ადამიანს აზრადაც კი გაუელვოს, რომ სულხან მოლაშვილი ასეთ დაზიანებებს თვითონ მიიყენებდა.


გრიგალაშვილი იმის თქმას ცდილობს, რომ სულხანმა საკუთარი ზურგი თვითონვე ამოიწვა, სანამ დააპატიმრებდნენ? თუ ვინმე ამას სიმართლედ ჩათვლის, მაშინ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე!


- გრიგალაშვილი ამბობს - მოლაშვილმა თვითონ მითხრა, რომ დაზიანებები საკუთარი ხელით მიიყენაო...

 

- შეუძლებელია, სულხანს გრიგალაშვილთან ესაუბრა, მას არ დაელაპარაკებოდა, ეს გამორიცხულია!


ზურგის გარდა, ფეხებიც საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ახლა ამაზე ცდილობენ აპელირებას, თითქოს ვარიკოზი სჭირდა. ტერფები სულ გაშავებული ჰქონდა და შეუიარაღებული თვალითაც ყველა მიხვდებოდა, რომ ეს ვარიკოზი კი არა, ძალადობით მიყენებული დაზიანებები იყო.


ვინც სულხანს იცნობდა, ყველამ იცის, რომ ბრწყინვალე მეტყველება ჰქონდა და შესანიშნავი ორატორი გახლდათ, ციხეში მოხვედრის შემდეგ კი, ელემენტარულად, ლაპარაკიც არ შეეძლო, ვეღარ მეტყველებდა. როცა დააპატიმრეს, 145 კილოგრამს იწონიდა, 3 თვეში კი ამხელა კაცი 65 კილოგრამი გახდა.


- ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა სამედიცინო დასკვნაში რატომ არ ჩაწერეს, რომ სულხან მოლაშვილს სხეულზე ძალადობის არაერთი კვალი აღენიშნებოდა?

 

- სააკაშვილის რეჟიმის დროს რომელი ციხის ექიმი გაბედავდა ამის დაფიქსირებას? მათ სამედიცინო დასკვნაში ის უნდა დაეწერათ, რასაც უბრძანებდნენ. ვისაც ნაციონალების ციხე გამოუვლია, ყველამ იცის, რომ ექიმები, ფაქტობრივად, პატიმრები იყვნენ და მსჯავრდებულებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ საღამოს სახლში წასვლის უფლება ჰქონდათ.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ძალიან დიდი უსინდისობაა იმაზე ლაპარაკი, რომ სულხან მოლაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიყენა!


- პროკურატურას სულხან მოლაშვილის წამების საქმე რომ გამოეძიებინა, ახლა გრიგალაშვილს, რურუასა და სხვა ნაციონალებს ამდენი სალაპარაკო ხომ არ ექნებოდათ?

 

- სულხან მოლაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისი წამების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას ერთხელაც არ დაუკითხავს!


გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილის რეჟიმს ამ საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ გააჩნდა, მაგრამ გასაოცარია, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ქვეყანაში არც დღეს არსებობს.


არადა, როგორ შეიძლება, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მხილებული ადამიანები არ დაისაჯონ?!


ვფიქრობ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ დღევანდელ სამართალდამცავ უწყებებში წინა რეჟიმის დროინდელი ძალიან ბევრი კადრი მუშაობს და მათი მხრიდან, როგორც ჩანს, ერთგვარი კორპორაციული ინტერესის დაცვას აქვს ადგილი!


აქედან გამომდინარე, ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რომ სულხან მოლაშვილის მწამებლები დაისჯებიან!




ესაუბრა ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner