logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: წყალქვეშა სასაფლაო
- +

12 ივლისი. 2016. 16:53


 

 

აბუ-გრეიბი ქართულად

 

თავი მეექვსე: წყალქვეშა სასაფლაო


2008 წლის აგვისტო იდგა.


ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები სულ ახალი დასრულებული იყო.


სააკაშვილის ავანტიურის გამოისობით რუსული დათვის მიერ დატორილ საქართველოს ღია ჭრილობიდან სისხლი თქრიალით სდიოდა.


თუმცა, ნაციონალურ ფაშიზმს სისხლი კიდევ სწყუროდა - ქართველთა სისხლი.


დიახ, ნაციონალურ ფაშიზმს ეცოტავებოდა ქართველთა ცხედრები, რომლებითაც სამაჩაბლოს მიწა იყო მოფენილი.


დიახ, ნაციონალურ ფაშიზმს არ აკმაყოფილებდა მუხათგვერდში ბულდოზერებით გათხრილი საძმო საფლავები.


ის კი არა, ნაციონალურ ფაშიზმს ქართველთა დასამარხავად ხმელეთი აღარ ჰყოფნიდა.


ამიტომაც გახსნა ნაციონალურმა ფაშიზმმა წყალქვეშა სასაფლაო.



***

მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობას აბრალებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუს მეგობარ გოგონასთან სატელეფონო საუბარში კოდორის ხეობა ახსენა.


თუ რამეზე ეჭვი ჰქონდათ, ცინდელიანი უნდა დაეკავებინათ, საქმე გამოეძიებინათ, კონკრეტული სამხილების საფუძველზე მისთვის დანაშაული დაემტკიცებინათ და სასამართლოს წინაშე წარედგინათ.


თუმცა, ასე დემოკრატიულ ქვეყანაში მოიქცეოდნენ!


ნაციონალური ფაშიზმი კი საქართველოში სხვა „კანონებით" და სხვანაირი „სამართლით" ხელმძღვანელობდა.


კაცის კვლა ერქვა იმ „კანონებს" და იმ „სამართალს".


2008 წლის 16 აგვისტოს დათო ცინდელიანი მამასთან - ზაურ ცინდელიანთან ერთად სვანეთიდან ქუთაისისკენ მიემგზავრებოდა, სადაც დასავლეთ საქართველოს სატყეო სამმართველოს თანამშრომელთა გაერთიანებული თათბირი იყო დანიშნული.


ქუთაისში მამა-შვილ ცინდელიანებს კუდ-ის თანამშრომლები დახვდნენ. დათო მანქანაში ჩაისვეს და თბილისისკენ აიღეს გეზი, მაგრამ მალევე კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას სატელეფონო ზარი გაისმა - ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ყველაზე დაუნდობელმა ჯალათმა საკუთარ ხელქვეითებს უბრძანა, მეტყევე-რეინჯერი ცინდელიანი თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაეყვანათ.


კუდელებმა თუ კუდიანებმა ახალაიას დავალება შეასრულეს - დათო ცინდელიანი ბათუმში ჩაიყვანეს და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას ჩააბარეს.


შამათავამ და მისმა ხელქვეითებმა ახალგაზრდა მეტყევე-რეინჯერი შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც წინასწარ დაბევებული მოტორიანი ნავი ელოდებოდათ.


შამათავამ დათო ცინდელიანს თვალები აუხვია და ნავში ჩასვა, მერე კი თავის ერთ-ერთ თანამშრომელს უბრძანა, გამომყევიო.


ზღვაში ნავით სამნი გავიდნენ.


ნაპირს დაახლოებით 4-5 კილომეტრით მოშორდნენ.


ზღვა არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.

 

მან - შამათავამ - მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და დათო ცინდელიანს ტყვია პირდაპირ თავში დაახალა.


მეტყევე-რეინჯერი იქვე გათავდa, ჯალათს მეორე გასროლა აღარ დასჭირვებია.


ზღვა ისევ არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.


მან - შამათავამ - მშვიდად აიღო ბეტონნარევი რკინის ღუზა, დათო ცინდელიანის გვამს თოკით ფეხზე შეაბა და...


ზღვიდან სანაპიროზე ორნი დაბრუნდნენ - შამათავა და მისი ხელქვეითი.


დიახ, აი, ასე: არანაირი გამოძიება, არანაირი სასამართლო, მხოლოდ ცხელი ტყვია და ბეტონნარევი რკინის ნაჭერი.


დათო ცინდელიანის ცხედარი შავმა ზღვამ დანთქა.

 

ზღვა არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.



***

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერ პაატა ქარდავას ზუგდიდში ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და თავისივე ავტომანქანით ფოთისკენ წაიყვანეს.


იდგა 2008 წლის 27 აგვისტო.


სულ 14 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ შუა ზღვაში დახვრიტა მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი.


მისი გვამი, ალბათ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამხდარიყო წყლის ბინადართა ნადავლი.


ზუგდიდის ცენტრიდან გატაცებული პაატა ქარდავა, რომელსაც ხელბორკილი ედო და თვალები ახვეული ჰქონდა, სოფელ ცაიშთან „ნივის" მარკის ავტომობილში გადასვეს და ოზურგეთისკენ გაუყენეს გზას.


კვალი რომ აერიათ, ქარდავას კუთვნილი „მერსედესი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში წაიყვანეს და აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დატოვეს.


იმიტაცია შექმნეს, თითქოს ქარდავა, რომელსაც სეპარატისტებთან თანამშრომლობას სწამებდნენ, აფხაზეთში გაიქცა.


ზუგდიდიდან გატაცებული და დატყვევებული პაატა ქარდავა ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში რომან შამათავას გადასცეს.


შამათავამ ქარდავა ბათუმში წაიყვანა.


შავი ზღვის სანაპიროსთან ისევ იდგა მოტორიანი ნავი.


ისევ ის ნავი.


რომან შამათავამ პაატა ქარდავას თვალები აუხვია და ნავში ჩასვა.


ამჯერად სხვა არავინ უახლებია თან.


ზღვაში მხოლოდ ორნი გავიდნენ - ჯალათი და მსხვერპლი.


ცოტა შორს შეცურეს - ნაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე.


ზღვა ოდნავ ღელავდა.

საერთოდ არ ღელავდა ჯალათი.


მან - შამათავამ - ისევე, როგორც 11 დღის წინათ, მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და პაატა ქარდავას ტყვია თავში დააჭედა.


მეორე გასროლა არც ახლა დასჭირვებია.


ნავზე ისევ იდო ბეტონის ნატეხი, რომელიც შამათავამ პაატა ქარდავას ფეხზე შეაბა და ცხედარი ზღვაში გადაუძახა.


კვლავ არანაირი გამოძიება, არანაირი მტკიცებულებები და არანაირი სასამართლო, ისევ ის ჯალათი, ისევ ის ნავი, ისევ ცხელი ტყვია, ისევ ბეტონის ნატეხი და სხვა მსხვერპლი.


ზღვა ნელ-ნელა უმატებდა ღელვას.

ჯალათს ღელვის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

 

იგი - შამათავა - სანაპიროსთან მარტო დაბრუნდა.



***

ნაციონალურ ფაშიზმს ქართველთა დასამარხავად ხმელეთი აღარ ჰყოფნიდა!

 

ამიტომაც ნაციონალურმა ფაშიზმმა წყალქვეშა სასაფლაო გახსნა!

 

თვითონ კი არსებობას აგრძელებს და მიწას ამძიმებს!


ზღვაში დამარხული დათო ცინდელიანის და პაატა ქარდავას სულები სიმშვიდეს მანამდე ვერ პოვებენ, სანამ მათი მკვლელი ნაციონალური ფაშიზმი არ გასამართლდება და სამუდამოდ არ დაიმარხება!

 

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა!

 

ეს ქართველი ხალხის გასაკეთებელია!

 

 

 

ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner