logo_geo
eng_logo
„სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ“
- +

12 ივლისი. 2016. 17:38



თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა სსსკ 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საქმე კი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ეხება.



დღევანდელ სხდომაზე უკვე დაიკითხნენ იმ პერიოდში სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების უფროსის თეიმურაზ ტაბაღუას პირველი მოადგილე შოთა მახარაშვილი და მე-10 დაწესებულების რეჟიმის უფროსი რამაზ ჭოხონელიძე.



ბრალდების მოწმეებმა განაცხადეს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების მათ ციხეში მიყვანამდე სპეციალური თათბირი ჩატარდა, სადაც ისინი ციხის უფროსმა თეიმურაზ ტაბაღუამ გააფრთხილა, რომ აღნიშნულ პატიმრებს არ უნდა შეხებოდნენ. ამასთან, მოწმეების თქმით, მსჯავრდებულებმა აგვისტოს ომის დროს ერთი კვირით დატოვეს საპატიმრო.



ერთ-ერთმა პატიმარმა გერონტი ალანიამ ციხე ერთი კვირით მამის გარდაცვალების დროსაც დატოვა. მოწმეების ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულები შინაგანაწესს საერთოდ არ ემორჩილებოდნენ და მათ შინაგანაწესი არ ეხებოდათ. არ მოწმდებოდა მათთვის განკუთვნილი ამანათები და მათი მნახველები.



შოთა მახარაშვილის ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულებს ხშირად ნახულობდნენ გაგა მკურნალიძე, მაშინდელი გენინსპექციის უფროსი და სხვები. ამასთან, მათთან მნახველების შესვლა შეუზღუდავი იყო. ოჯახის წევრებს კი ნებისმიერ დროს შეეძლოთ შესვლა და ხშირად ღამითაც რჩებოდნენ.



მოწმეების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულების დაწესებულებაში შეყვანამდე მათთვის განკუთვნილი ოთახები გაარემონტეს და არასტანდარტულად მოაწყვეს, რაც განსხვავებული ლოგინების დადგმას, პლაზმურ ტელევიზორსა და გათბობა-გაგრილების მოწყობას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner