logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ეროვნული ვალუტის რყევა პოლიტიკური სპეკულაციებისა და რეიტინგის აწევით დაინტერესებულ პირებს არ გამოადგებათ
- +

27 მარტი. 2021. 14:59

 

საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმარისი რესურსი, რომ არა მარტო ღირსეულად გაუმკლავდეს კორონავირუსით მიყენებულ ზარალს, არამედ უზრუნველყოს პოსტპანდემიურ პერიოდში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

 

„საზოგადოების წევრების, მაყურებელთა ემოციების ექსპლუატაცია საკმაოდ კარგი საშუალებაა ხელოვნების სფეროში - რაც უფრო აქტიურად ეწევი ამას, მით უფრო მაღალია მსახიობის, რეჟისორის, მომღერლისა თუ მხატვრის პოპულარობა და რეიტინგი.

 

პოლიტიკაში კი საზოგადოების წევრთა ემოციების გამოყენება საკმაოდ სარისკოა, რადგან მას ბევრი უკუჩვენება აქვს და ხშირად სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფასა და დაზიანებაში გამოხატება.

 

ასეთ შემთხვევებს უნდა მიეკუთვნოს არაჯანსაღი აჟიოტაჟი ლარის კურსთან დაკავშირებით, რომლითაც მავანნი „ოპოზიციური მჭიდიდან“ ცდილობენ პანიკის ელემენტების შემოტანას და ამით მართლაცდა დევალვირებული საკუთარი პოლიტიკური რეიტინგების ამაღლებას,“ - წერს არჩვაძე.

 

ეკონომიკის ექსპერტი ვალუტის გაუფასურების საკითხებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

 

„ჩვენ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და არა უკაცრიელ კუნძულზე.

 

- ერთი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ მეორე ქვეყანაშიც სწრაფად ვრცელდება და საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ წარმოადგენს გამონაკლისს.

 

თურქეთი საქართველოსათვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა, ამ ქვეყანაში საქართველოს ბაზრისათვის პროდუქციის წარმოების წყალობით 70 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, ხოლო იმპორტი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება.

 

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თურქული ლირის 10-პროცენტიანი გაუფასურება გარკვეულად იმოქმედებდა საქართველოს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან პროპორციებზე და ის ბოლო დღეებში დაახლოებით მართლაც გაუფასურდა 1.2 პროცენტით. სხვათა შორის, ბოლო დროს ევროც გაუფასურდა დოლართან მიმართებით მთელი 2.9 პროცენტით, თუმცა არავითარი პანიკა ევროპულ სავალუტო ბაზარზე და მოსახლეობაში ამას არ გამოუწვევია.

 

მით უფრო, პანიკის არავითარი საფუძველი საქართველოში არ არსებობს. ისეთი პოზიტიური ფაქტორები კი, როგორიცაა:

 

ა) დაგეგმილზე მეტი ფისკალური შემოსავლები;

 

ბ) დამატებითი სავალუტო რეზერვების შემოდინება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და

 

გ) ექსპორტის ზრდის ტენდენცია (თებერვალში იანვართან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 21.8%-ით, ხოლო წინა წლის თებერვალთან - 23.3%-ით), ცალსახად განსაზღვრავენ საქართველოს სავალუტო ბაზარზე პოზიტიური მოლოდინების ფორმირებას.

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია და დედოლარიზაცის პროცესი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებენ მეზობელი ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებისაგან წამოსულ სავალუტო რისკებს.

 

ეროვნული ვალუტის მდგრადობაში სულ უფრო აქტიური როლის შესრულებას იწყებს ტურისტული სექტორიც, რომელშიც კრიზისიდან გამოცოცხლებისაკენ შემობრუნების პროცესის ერთგვარ სიმბოლურ აქტად უნდა მივიჩნიოთ ამ ორიოდე დღის წინ განხორციელებული პირველი „ტურისტული დესანტი“ ისრაელიდან ბათუმში.

 

ასე რომ, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი რყევა ნამდვილად არ გამოადგება პოლიტიკური სპეკულაციებისა და საკუთარი დაბალი რეიტინგის აწევით დაინტერესებულ პირებს, სახელსა და ღირსებას არ მატებს ის აგრეთვე მიკერძოებულ და ანგაჟირებულ მედიას,“ - წერს სოსო არჩვაძე.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner