მედიაექსპერტი ია ანთაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორის, ლევან ყუბანეიშვილის ჩვენებას სამარცხვინოს უწოდებს.
„რა სამარცხვინოა ეს ამბავი ქართული ჟურნალისტიკისთვის. სააკაშვილის ხელისუფლება რას აკეთებდა, ეს ერთია; მაგრამ მეორეა, ჟურნალისტები როგორ გატყდნენ და გაიყიდნენ, თანაც, ზუსტად იმ მენეჯერების მონდომებით, რომლებსაც ჟურნალისტების დამოუკიდებლობის გარანტად ყოფნა ევალებოდათ... ისიც არ დავივიწყოთ, რომ იმ დროსაც იყვნენ ჩვენი ძვირფასი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც არ გატყდნენ და არ გაიყიდნენ - გაზეთი „ბათუმელები" და ძალადობის მანქანასთან მათი უშიშარი დაპირისპირება მახსენდება, პირველ რიგში.
თუმცა, ეთერ თურაძის, თედო ჯორბენაძის და მთელი მათი გუნდის სიმამაცე ვერ შეამსუბუქებს ლევან ყუბანეიშვილის ამ ჩვენების სიმძიმეს. მრავალი ადამიანის ხანგრძლივი და პატიოსანი შრომა დასჭირდება ამ ტვირთის ჩამოცილებას", - წერს ია ანთაძე.
ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორი და „თიბისიტივის" დამფუძნებელი ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს, რომ 2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დროების" ჟურნალისტების გადაბირებაში, რომლის ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, ლევან ყუბანეიშვილი მონაწილეობდა.