საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან წაგებული (1:2) შეხვედრა „დინამო არენაზე“ გამართიულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„არ ვაპირებ ჩემი გუნდის შესახებ ნეგატიურად ვილაპარაკო. შევეცადეთ, რომ დღეს საუკეთესო თვისებები გვეჩვენებინა და ისევე როგორც შვედეთთან მატჩის შემდეგ, ახლაც ვიძახი, რომ ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბში არ თამაშობს და შესაძლოა, ამის შედეგი იყო დაღლილობა, რომლის შედეგიც ბოლო წუთებზე გამოჩნდა.
ნამდვილად სამწუხარო დასასრული ჰქონდა დღვანდელ შეხვედრას. ვთვლი, რომ კაკაბაძემ კარგი თამაში ჩაატარა, რომელიც კლუბში ყოველთვის არ თამაშობს. ამის გამო შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ მისით დღეს კმაყოფილი ვარ, ჩაბრაძემ შვედეთში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
ცუდია, რომ თავდასხმაში ბევრი ტრავმირებული გვყავს, კაჭარავა, მიქაუტაძე, ყაზახეთში ლობჯანიძე, მაგრამ ვინც დღეს ჩვენს განკარგულებაშია და ვინც გამოძახებული მყავდა, მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.“