არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი ყველასთვის" ხელმძღვანელი ზურაბ ჯორბენაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ვალერი გრიგალაშვილის განცხადებას ეხმაურება. აღნიშნულ განცხადებაში გრიგალაშვილი ამბობს, რომ სულხან მოლაშვილმა თავად მიიყენა დაზიანებები და ის არავის უწამებია.
ზურაბ ჯორბენაძე ამბობს, რომ ვალერი გრიგალაშვილი ნამდვილად მონაწილეობდა მოლაშვილის წამებაში და ამას თვითონ სულხანი აცხადებდა საჯაროდ.
„ის, რაც წავიკითხე და ვალერი გრიგალაშვილმა შეთითხნა, არის უზნეობის აპოგეა! შეფასებაც კი მიჭირს ამისა, რადგან სულხან მოლაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ გაცივებულიც არ იყო, როდესაც მას, აცხონოს უფალმა, პროვოკატორობა და ცრუპენტელობა დასწამეს! კაცი აწამეს, გააუბედურეს, მოკლეს და ახლა აქეთ ემართლებიან და ადანაშაულებენ!
პრაქტიკოსი იურისტი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: სისხლის სამართლის კოდექსში შავით თეთრზე წერია, რომ პირის მიერ სხვა პირის საჯარო მხილება არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის!
სულხან მოლაშვილი კი არა მხოლოდ საჯაროდ აცხადებდა, არამედ ოფიციალური ჩვენებაც აქვს მიცემული, რომ მის წამებას პირადად ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი!
ვალერი გრიგალაშვილი მაშინ იყო თბილისის პროკურორი და სააკაშვილისა და ადეიშვილის „შნირი"!
გარდა ამისა, სულხან მოლაშვილის საქმეში არსებობს მოწმეების ჩვენებაც: ის რომ აწამეს, ამას ადასტურებენ ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, მისი თანამესაკნე - ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და მამა ბასილ მკალავიშვილი! და ამას დავამატოთ სამედიცინო დასკვნაც! ეს სრულიად საკმარისია ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად!
ანუ სააკაშვილის დაკვეთით, ადეიშვილმა, ბოკერიამ და ვალერი გრიგალაშვილმა, სასურველი ჩვენების მისაღებად, სულხან მოლაშვილი აწამეს! კონკრეტულად ვინ დააწვა ზურგზე სიგარეტი და დაუმტვრია წვივები, გამოძიებამ დაადგინოს! ესენი კი აშკარად უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილეები არიან!" - ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.