„მოვუწოდებ ბატონ კუბილიუსს, კიდევ ერთხელ გაეცნოს, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას, რა მოთხოვნა აქვს ევროპარლამენტს და სენატს და მიხვდება, რომ სააკაშვილი არის ზარალი და მუხრუჭი ამ ქვეყნისთვის. რაც უფრო მალე ჩამოიშორებენ ამ ადამიანს მისი პარტია და კუბილიუსები, მათთვის უკეთესი იქნება,“- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე საუბრობს.
მისი თქმით, დიალოგში სააკაშვილის ჩართვა არაგონივრული იქნება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპონენტების შეფასებით მმართველი გუნდი ამას პატარა პარტიების პარლამენტში შესატყუებლად იყენებს, ზარქუა ამბობს, რომ ამ თემას „სააკაშვილი და მისი მარგინალური ოპოზიცია ავითარებს, რადგან მათ ინტერესებში დიალოგი და შეთანხმება არასდროს ყოფილა”.
„მათ იციან, რომ მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და პატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია მათ ვუთხრა - ბატონი მელია არის თავისუფალი, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს კონსტიტუციას და დღესვე გამოვაცილებ, თუ გასასვლელს ვერ აგნებს.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ იყო ხარვეზები, ვეთანხმებით, თუმცა ძირითადი უფლება არჩევანის გაკეთების, დაცული იყო.
ოპოზიციაშიც არ არის ერთსულოვნება. როდესაც ევროპარლამენტი და სენატი გეუბნება, რომ აქციები არის რუსეთის ინტერესებში და შენ მაინც ავითარებ ამ ობსტრუქციას, არ შეიძლება ეს გაიზიაროს იქ არსებულმა ზოგიერთი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამიტომ მათ მივმართავ, იქნებ დროულად გაემიჯნოთ“,- განაცხადა ზარქუამ.