გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე მიხეილ სააკაშვილსა და მისი განკარგულებით შეცვლილი საქართველოს დროშის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„რახან დროშა ვახსენეთ, ეს ინტერვიუც გავიხსენოთ და იდროინდელი ამბებიც. არამზადა და ავანტიურისტი - „დემოკრატიის შუქურა" - თავიდანვე ძალადობითა და კანონდარღვევით მოდიოდა. ვინც თავიდანვე ამხელდა, ყველა დახოცა. მარტო მამაჩემის და სულხანის დასახელება რად ღირს...
* * *
ხუთჯვრიანი დროშა - ქართული თუ იერუსალიმური
ქართულ სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბუნებრივია, შესაბამისი სახელმწიფო ატრიბუტიკაც - დროშა და გერბი - ჰქონდა. ძველ ქართულ სახელმწიფო დროშას საერთო სახელით ასე მოიხსენიებენ: გორგასლიან-დავითიან-თამარიანი. თუ როგორი ფორმა ჰქონდა მას, რა ცნობებს გვაწვდის ქართული, სომხური და ეროვნული წყაროები. რატომ მიაჩნიათ ნაციონალური პარტიის ხუთჯვრიანი დროშა დავითიან-თამარიანის ანალოგად, ჰქონდა თუ არა საქართველოს მორალური, ისტორიული ან კონსტიტუციური უფლება, ეს დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოეცხადებინა - ამ კითხვებით მივმართეთ ბატონ გურამ შარაძეს და საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის დამდგენი კომისიის წევრს ბატონ მამუკა გონგაძეს.
- ბატონო გურამ, პარლამენტის იმ სხდომაზე, სადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად დამტკიცდა, მხოლოდ თქვენ გამოთქვით პროტესტი. ისინი ამბობენ, რომ ხუთჯვრიანი დროშა დავითიან-თამარიანის ანალოგია და ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში თბილისის თავზე ფრიალებდა. ისინი ცდებიან თუ...
- კი არ ცდებიან, ცრუობენ. არცერთი ქართული, სომხური, არაბული თუ ევროპული საისტორიო წყარო დავითიან-თამარიან დროშაზე არ ამბობს, ხუთჯვრიანი იყოო. ვახუშტი ბაგრატიონი არ ამბობს, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბაგრატოვანია. ყველა საისტორიო წყარო, სადაც ქართულ დროშაზეა საუბარი, მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო თეთრი ალამი, სადაც წმ. გიორგი იყო გამოხატული. ამიტომ ვიყავით და ვართ გეორგიანელები. რაც შეეხება იმას, რომ მე-14 საუკუნეში თბილისის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებდა, სიმართლეა, მაგრამ რატომ არ ახსოვთ, რომ ბევრი სხვა ქვეყნის თავზეც ფრიალებდა მსგავსი დროშა? ეს იყო თავისებური გზამკვლევი მისიონერებისათვის. რუკაზე გამოხატული დროშა მიანიშნებდა, თუ სად იყო დაარსებული კათოლიკური მისია. საქართველოში მისიონერები ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის ორმოციან წლებში შემოვიდნენ. ამიტომ ჩნდება ეს დროშა რუკაზე.
- ანუ ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკურია.
- კათოლიკური გახდა მას შემდეგ, რაც ეკლესია მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად გაიყო. მაშინ დიდი ჯვარი მაცხოვრის სიმბოლო იყო, ოთხი პატარა ჯვარი კი სამსჭვალს აღნიშნავდა. მაგრამ როცა ჯვაროსნებმა წმინდა მიწა გაათავისუფლეს და 1099 წელს იერუსალიმის სამეფო დაარსდა, ხუთჯვრიანი დროშა იერუსალიმის სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. ამის შემდეგ მან ახალი განმარტება მიიღო: რომ დიდი ჯვარი იერუსალიმია, ოთხი პატარა ჯვარი კი - კლიტენი იერუსალიმისა. ეს დროშა ქრისტიანთათვის ყველგან მისაღებია.
- და თუკი ასეა, გამოვაცხადეთ კიდეც სახელმწიფო დროშად.
- კანონით, პარლამენტის სხდომაზე მისი გამოტანის უფლება არ ჰქონდათ, სანამ სახელმწიფო სიმბოლიკის დამდგენი კომისიის დასკვნა არ იქნებოდა.
- ეს კანონი მარტო თქვენ გახსოვდათ, ბატონო გურამ?
- თუკი პარლამენტარი ხარ, უნდა იცოდე, კანონი რის უფლებას განიჭებს... მათაც მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ეს ვადაგასული პარლამენტარები ახალ პრეზიდენტს შესციცინებენ, ცდილობენ, ასიამოვნონ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოწყალების თვალით გადმოხედოს.
მამუკა გონგაძე: ეს დროშა ბოლნური ჯვრებით ჩემი და ჩემი მეგობრების გაკეთებულია და არაფერი აქვს საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან".
- მაგრამ ხუთჯვრიანი დროშა ხომ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" დროშა იყო და ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის ინაუგურაციამდე სახელმწიფო დროშად გამოცხადდა.
- მე არ ვიცნობ ისეთ დოკუმენტს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროშად მიეჩნიოს ხუთჯვრიანი დროშა.
- თუ სწორად გავიგე, პლაგიატობასთან გვაქვს საქმე და ამ დროშას თქვენთან და თქვენს მეგობრებთან შეუთანხმებლად აფრიალებდნენ.
- ეს დროშა ჯერ კიდევ 1995 წლიდან ფიქსირდება... ჩვენ მას პოპულარიზაციას ვუწევდით. 1997 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნისას დიდი რაოდენობით დაამზადებინეს.
- თქვენ და თქვენი მეგობრების მიერ გაკეთებული თუ გაცოცხლებული იერუსალიმური დროშა დავით აღმაშენებელთან რა კავშირში იყო?
- ეს არ არის და ვერც იქნება დავითიანი დროშა, მაგრამ რატომღაც ასე ჩათვალეს... უბრალოდ, ძალიან ლამაზია და მოეწონათ, ყველაფერი მიესადაგებათ.
- ისე ამბობთ, თითქოს ფრანგი იყოთ ან გერმანელი... ე.ი. მოგვეწონა ხუთჯვრიანი დროშა და ჩავთვალეთ, რომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფო დროშა იყოს.
- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა... ამას კარგა ხანია ვამბობდით და როგორც იქნა, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად გამოაცხადოს.
- და ეს უფლება კანონიერების დაცვით შესრულდა?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ვიქნები, მაგრამ კანონი, ვფიქრობ, არ დარღვეულა.
- რატომღაც პარლამენტმა ბოლო 45 დღეში მიიღო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ეს პარლამენტი უფუნქციოა, შეგნებულად ხომ არ ცდილობენ, რომ მას მიაღებინონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, რათა შემდეგ ხელები შეაწმინდოდ?
- მართალია, ეს პარლამენტი ბრეჟნევისდროინდელს დაემსგავსა, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის... ზოგჯერ ასეთი კურიოზებიც ხდება, რომ ფუნქციადაკარგული დიდ საქმეს აკეთებს.
P.S. ხუთჯვრიანი დროშა რომ იერუსალიმური წარმოშობისაა, ამაზე კათოლიკოს-პატრიარქმაც მიუთითა. გარდა ამისა, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეც ასე მიიჩნევს... თუმცა, ამ დროშის გაცოცხლების პრეტენზიას ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მონარქისტები აცხადებდნენ, მაგრამ ახლა მონარქისტები არავის ახსოვს, რადგან იგი სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის ეგიდით გახდა პოპულარურლი და მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ალბათ, ამიტომაც გამოცხადდა სახელმწიფო დროშად. თუკი ეს ტენდენცია დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში, მაშინ... საქართველოში ბევრი პარტიაა... მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლეიბორისტების, ტრადიციონალისტების... ლიდერებმა რომ გაიმარჯვონ, მათი პარტიის დროშა სახელმწიფო დროშად უნდა ვაქციოთ?
თეონა ნაყოფია
"ახალი ჟურნალი", 19-25 იანვარი, 2004