„მოხდა ისეთი რამ, რომ იძულებული ვარ, ვთქვა ის, რასაც თქვენს ეთერში პირველად და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
„ქართული ოცნებისგან" და პრემიერმინისტრისგან მივიღე წინადადება, რომ პირადად მე „რესპუბლიკური პარტია" დამეტოვებინა, მაჟორიტარულ ოლქში კენჭი დამოუკიდებლად მეყარა და მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა ასე გამეგრძელებინა. პოსტებზე დარჩენის შესაძლებლობა ექნებოდათ იმ მინისტრებს, რომლებიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამდნენ. მე ამ შემოთავაზებაზე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, რომ ეს შეუძლებელი, გაუმართლებელი იყო და შედეგის მომტანი არავისთვის არ იქნებოდა.
ჩვენ გვქონდა სანაცვლო წინადადება, რომ თუ გვაქვს სურვილი, ჩვენი თანამშრომლობა ახლაც და მომავალშიც დავადასტუროთ, ჩვენი მინისტრები მზად იქნებიან, არჩევნების ბოლომდე მთავრობაში დარჩნენ. ამას საპასუხო წინადადება მოჰყვა, რომ რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობაში დარჩენა, პარტიაში დარჩენასთან ერთად, „ქართული ოცნებისთვის" წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, „რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციასთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც თავად „ქართულმა ოცნებამ" არ გააკეთა.
"„რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციასთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც თავად „ქართულმა ოცნებამ" არ გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიდის და ჩვენც ეს ვთქვით. არჩევნებზე დამოუკიდებლად წასვლა ერთი პარტიის მინისტრებისთვის თუ მთავრობის დატოვებას არ ნიშნავს, მეორისთვის რატომ ნიშნავს?! გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების" ლიდერია და არჩევნებზე აპირებს, პარტიას საარჩევნო სიაში გაუძღვეს, მთავრობას ემიჯნება?! ან რომელიმე მინისტრი, თუ ის პარტიაშია, თავის პარტიას ემიჯნება?! ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.