შემძრა ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებამ! გარდა იმისა, რომ მისი დარი მოღვაწეები თითებზე ჩამოსათვლელი დარჩა საქართველოს, ის ჩემი მასწავლებელი და მერე ჩემი მეგობარი იყო. მე ვერ ვივარგე მოწაფედ, თორემ მასწავლებელი ისეთი მყავდა, ალექსანდრე მაკედონელს შეშურდებოდა! მერე ჩვენ დავმეგობრდით. ეს მოხდა ზუსტად 40 წლის წინათ, მისი ცხოვრების ნახევარ გზაზე, როცა მე მისგან ინტერვიუ ავიღე და როცა მას ჩემი მოწაფეობის ამბავი გავახსენე. უკვე მაშინ ის ჭეშმარიტი მოღვაწე გახლდათ, ურომლისოდაც საქართველო და ქართული კულტურა ის არ იქნებოდა, რაც დღეს არის. ასეთ ადამიანებს იაპონიაში „ცოცხალი საგანძურის“ ტიტულს ანიჭებენ და სიკვდილის მერეც ასე იხსენიებენ. სხვათა შორის, ანზორ ერქომაიშვილმა იაპონელებსაც შეასწავლა ქართული სიმღერა. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს „იამასიროგუმის“ კონცერტი თბილისში 1988 წელს. თუ რა, რამდენი და როგორ გააკეთა ანზორ ერქომაიშვილმა თავისი სიცოცხლის მეორე ნახევარში, ამაზე ბევრი თქმულა და კიდევ ბევრი ითქმება, მე კი მინდა ჩემი ის მაშინდელი პუბლიკაცია გავიხსენო, რომელიც მისი ცხოვრების პირველ ნახევარს ეხება. თუმცა ტექსტი საკმაოდ ვრცელია „ფეისბუქის“ ფორმატისთვის, მაგრამ არც შემიმოკლებია და არც არაფერი შემიცვლია. დაე, იყოს ისე, როგორც თავის დროზე დაიწერა და დაიბეჭდა არჩილ გოგელიას „სკოლასა და ცხოვრებაში“, როგორიც თავის დროზე წაიკითხა ის ანზორ ერქომაიშვილმა.
ეს ფოტოც ჩემი გადაღებულია ვენაში, 2005 წელს.
შ ვ ი ლ ი შ ვ ი ლ ი
სკოლის გუნდში ვის გინდათ ჩაწერაო, რომ გამოგვიცხადეს, სხვებთან ერთად მეც ავწიე ხელი; იმიტომ კი არა, რომ დიდი მუსიკალური მონაცემების პატრონი გახლდით, უბრალოდ გუნდის წევრებს კვირაში სამჯერ ბოლო ორი გაკვეთილიდან ითხოვდნენ ხოლმე. ეს კი მეშვიდეკლასელი ბიჭისათვის საკმაოზე მეტი კომპენსაცია იყო, რათა გუნდის მეცადინეობაზე მჯდარიყო.
დღესაც კარგად მახსოვს ის პირველი სიმღერა, ჩვენმა ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა რომ შეგვასწავლა:
„გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია, ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია“.
მერე ხალხურ სიმღერაზე გადავედით:
– ნამ-გა-ლო ჩე-მოოო რკიი-ნა-ოო, – ვცოდვილობდი სხვებთან ერთად და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ჩემთვისაც და გუნდისთვისაც უკეთესი იქნებოდა, თუ მე იმ ორ გაკვეთილს არ გავაცდენდი.
ასე თუ ისე, თვე-თვენახევარი როგორღაც ვიარე გუნდზე და მერე ისიც ისევე მომბეზრდა, როგორც მანამდე ჭადრაკი, ცეკვა, ვიოლინო... ახლა კი მწარედ ვნანობ, მაგრამ რაღა დროს! ან იქნებ ასეც სჯობდა: როგორც ჩანს, ღვთიური ნაპერწკალი მაკლდა და ტყუილად უნდა მეწვალებინა ჩემი თავიც, ლოტბარიცა და ამხანაგები.
სიმღერასთან ზიარების იმ ჩემი უიღბლო ცდიდან მთელი თხუთმეტი წლის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილი მეტყვის:
– ადამიანთა დაახლოებით ნახევარი ალბათ სავსებით მოკლებულია სიმღერის ნიჭს.
სამწუხაროდ, მე კაცობრიობის სწორედ ამ ნახევარში აღმოვჩნდი, მაგრამ მერწმუნეთ, იმ ნახევარში მყოფნო, რომ ამ ნახევრიდანაც კარგად ჩანს, თუ უფრო უკეთ არა, სიმღერის – ამ ჩემთვის მიუღწეველი და შეუღწეველი ფენომენის - საოცარი ძალა და იდუმალი ჯადო.
* * *
სკოლის მოსწავლემ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ანზორ ერქომაიშვილი მომღერალ-მგალობელთა ცნობილი გვარის შთამომავალი იყო. მე კი არა, ეს ფაქტი არც სხვებს, ჩემზე უფროსებს, სცოდნიათ.
– ჯარიდან დაბრუნებულმა ეკონომიკური სივიწროვის გამო სკოლაში გადავწყვიტე მუშაობის დაწყება, მაგრამ არსად არ მიმიღეს: ავტორიტეტებს მისახელებდნენ. ჩვენთან ესა და ეს კაცი მუშაობდა და ახლა შენ, სტუდენტი, როგორ მიგიღოთო. კიდევ კარგი, პირველი სკოლის მაშინდელ დირექტორს ნიკოლოზ კიკვაძეს ეცნო ჩემი გვარი, ჩემი წინაპრების სახელებიც გაეგო და მიმიღო. კარგად მახსოვს მისი სიტყვები, სასწავლო ნაწილის გამგეს სევერიან კაშიას რომ უთხრა, ეს ისეთი გვარის შვილია, უეჭველად ივარგებსო.
რამდენიმე თვეში მოსწავლეთა თვითმოქმედების ოლიმპიადაზე თბილისის პირველი საშუალო სკოლის გუნდმა ყველა გააოცა უკვე მხოლოდ იმით, რომ მის რეპერტუარში რთული ხალხური სიმღერები შედიოდა. გამარჯვება, გასაკვირველია, ამ სკოლას დარჩა, მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც! თუ სხვა გამარჯვებული გუნდები საერთო ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ, პირველი სკოლის გუნდის ყოველ წევრს პირადად გადაეცა ასეთი მედალი.
– ეს იყო ჩემი პირველი ცდა, – ამბობს ანზორ ერქომაიშვილი, – ბავშვებისათვის მესწავლებინა ქართული ხალხური სიმღერები. გუნდი, რასაკვირველია, „სავალდებულო“ სიმღერებსაც ასრულებდა – სხვადასხვა საზეიმო მარშებს, ქართველ კომპოზიტორთა საბავშვო ნაწარმოებებს, მაგრამ მთავარი მაინც ხალხური სიმღერები იყო. სწორედ ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა განაპირობა პირველი სკოლის გუნდის გამარჯვება ოლიმპიადაზე.
კიდევ ორ თუ სამ წელიწადს მოღვაწეობდა ანზორ ერქომაიშვილი ჩვენს სკოლაში. მერე ის იყო, კონსერვატორია დაამთავრა და რუსთავში გაგზავნეს სამუშაოდ...
* * *
დღეს ხშირად ვლაპარაკობთ ზეპირი თუ წერითი მეტყველების კულტურაზე და აღარც იმას ვმალავთ, რომ ჩვენი ინტელიგენციის დიდი, ძალზე დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, მოკლებულია ამ კულტურას: დიდებული სპეციალისტია კაცი თავისი საქმისა, მაგრამ ორ სიტყვას ვერ გადააბამს ერთმანეთს, აზრის გამართულად დაწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არადა, მეტყველების კულტურა, ალბათ, უპირველესი საზომია ინტელიგენტობისა. ასეთ ვითარებაში ერთობ სასიამოვნო გამონაკლისად მოჩანს 1980 წელს გამოსული ორი წიგნი: აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის „მოგონებები თხიერ ჰელიუმზე“ და რესპუბლიკის სახალხო არტისტის ანზორ ერქომაიშვილის „ბაბუა“. ორივე ეს წიგნი ისეა დაწერილი, რომ ბევრ ლიტერატორს შეშურდება, თუმცა როგორც ფიზიკოსი, ისე ლოტბარი, აქ პირველად მოგვევლინენ კალმოსანთა როლში. ანზორ ერქომაიშვილის წიგნს ამ წერილში ხშირად დავიმოწმებთ, რაკიღა ბევრი ჩვენთვის საინტერესო ფაქტი თუ მოსაზრება ავტორს აქ დიდებულად აქვს ჩამოყალიბებული.
„გიგოს, გიორგის და ლუკას საფლავებს რომ მიუახლოვდნენ, ბაბუამ სთხოვა ირაკლის ჩემოდანი მოეტანა, იქიდან პატეფონი ამოიღო, გიგოს და გიორგის საფლავებს შუა ჩადგა და ზედ 1907 წელს ჩამღერებული ფირფიტა დასდო.“
„გიგო ერქომაიშვილო, ერთი ძველი შვიდკაცა, თუ ძმა ხარ“, – გაისმა პატეფონიდან და გიგოსა და ლუკას ხმებს აჰყვა გიორგის არაჩვეულებრივად მაღალი და საოცრად ლამაზი ტემბრის გამყივანი.
სიმღერა გუგუნებდა. ხალხი გარინდული უსმენდა ამ საოცარ მომღერლებს. ჩვენგან მარცხნივ ეკალ-ბარდების დიდი ზვინი ტკაცანით იწვოდა. მისი ალი გორმაღალზე მაღლა ასულიყო. მზე გურია-აჭარის მთებიდან გადაგორებულიყო და შავ ზღვაში ნელ-ნელა იძირებოდა. მე იზაბელათი სავსე ჭიქა მეჭირა ხელში და ჭიქიდან გავცქეროდი ჩამავალ მზეს, რომელსაც იზაბელასფერი დასდებოდა. გიგოს, გიორგის და ლუკას საფლავებზე სანთლები ენთო, მათ მშვიდი ძილით ეძინათ, მაგრამ მათი ხმები საუკუნეებს მოარღვევდა და თანდათან შლიდა საზღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. გაღმა, შემოქმედის მონასტრის თავზე ძველი მგალობლების ვარლამ სიმონიშვილის, ანტონ და დავით დუმბაძეების აჩრდილები აღმართულიყვნენ და ნაკაშიძის ქედისაკენ იყურებოდნენ: ნაკაშიძის ქედიდან კი სოფელში ნელ-ნელა იღვრებოდა „ძველი შვიდკაცა“, რომელმაც ჯერ ცეცხლის ტკაცანი, მერე ბათუმისაკენ მიმავალი მანქანებისა და ცაში აჭრილი თვითმფრინავების ხმაურიც კი დაფარა".
* * *
გიგო ერქომაიშვილი გურული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი იყო. იგი სათავეში ედგა მომღერალთა სახელგანთქმულ ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ: გიორგი ბაბილოძე, ივლიანე კეჭაყმაძე, გიორგი იობიშვილი, ნანიკო ბურძგლა, ერმილე მოლარიშვილი, ლუკა თოიძე და გიგოს შვილი – 20 წლის არტემი – ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა. ამ ჯგუფის შესრულებით 1907 წელს თბილისში რამდენიმე ფირფიტა ჩაწერა უცხოურმა ფირმამ. სწორედ მაშინდელი ჩანაწერი იყო ათეული წლების შემდეგ გიორგის, გიგოს და ლუკას საფლავებზე რომ დაატრიალა არტემმა.
1929 წელს ეს ჯგუფი ლენინგრადში მიიწვიეს; მაშინ გიორგი ბაბილოძე 95 წლისა იყო, გიგო ერქომაიშვილი კი – 90-ის. ერთ-ერთ კონცერტს რომან როლანი დასწრებია.
არტემ ერქომაიშვილი იგონებდა:
„რომენ როლანი ჩვენით დაინტერესდა და ბევრი შეკითხვა დაგვისვა. გამომშვიდობებისას ითხოვა, მომასმენინეთ ეს საოცარი „ხასანბეგურაო“ და როცა სიმღერა დავამთავრეთ, გვითხრა: ბედნიერია ის კუთხე, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, ბედნიერია ის ხალხი, ვისაც ასეთი სიმღერები აქვსო“.
რომენ როლანი, გარდა იმისა, რომ დიდი მწერალი იყო, ცნობილია, უაღრესად ერუდირებული მუსიკათმცოდნეც გახლდათ...
გიგო ერქომაიშვილის მთელი ცხოვრება და შემოქმედება მეტად მნიშვნელოვანი რგოლია ქართული ხალხური სიმღერის განვითარების მრავალსაუკუნოვან პროცესში. არადა, იყო საშიშროება, რომ ეს რგოლი სამუდამოდ ამოვარდნილიყო ამ პროცესიდან: პატარა გიგო ბეწვზეა გადარჩენილი თურქეთში გაყიდვას. მისი გამზრდელის ქმარმა ნაოსა იორაშვილმა მას იმ დროს მიუსწრო, როდესაც მათი ერთი მეზობელი უკვე ფულზე ურიგდებოდა აჭარლებს.
გიგოს ცოლად ჰყავდა, მეორე ცნობილი მომღერლის გიორგი ბაბილოძის და ეგვიტი, რომელთანაც ათი შვილი შესძენია. სამი მათგანი – არტემი, ანანია და ვლადიმერი – საქვეყნოდ სახელგანთქმული მომღერალი გახდა.
„მომღერლებს საქართველოში რა გამოლევს, მაგრამ გურული სიმღერების ისეთი შემსრულებლები, როგორებიც ძმები არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები იყვნენ, იშვიათია“.
თითოს თითო ბიჭი ჰყავდა დაკარგული. არტემის ვაჟი – დათიკო, ანზორ ერქომაიშვილის მამა, 1954 წელს დაიღუპა ავარიაში. ოცი წლით ადრე კი...
– 1934 წელს გამართულ ამიერკავკასიის მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადაზე ერთად უმღერიათ 95 წლის გიგოს, 50 წლის არტემს და 11 წლის მამაჩემს. შემონახულია ფოტო და ხმის ჩანაწერი. მამა კრიმანჭულს მღერის. ამ წლინახევრის წინ კინორეჟისორმა შალვა ხომერიკმა მითხრა, რომ მას ფირზე აღუბეჭდავს ჩემი წინაპრების ეს გამოსვლა და ფირის ჩამოტანასაც შემპირდა მოსკოვიდან. სამწუხაროდ, შალვა ხომერიკი მალე გარდაიცვალა და დაპირება ვერ შეასრულა, მაგრამ რაკი არსებობს, იმედი მაქვს, რომ ამ ფირს მივაკვლევ.
როგორც ოჯახურ ტრადიციას შეჰფერის, პატარა ანზორ ერქომაიშვილსაც პირველად ბაბუასთან და მამამისთან ერთად უმღერია.
„გამახსენდა ჩემი პირველი საკონცერტო ნათლობა, რომელიც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. მამაჩემისა და ბაბუაჩემის ჩახვეულ ხმებს ვეღარ გავუძელი, ტონალობას ავცდი, გავჩერდი და „სემესალა ბაბუ“-მეთქი – ვუთხარი სკამზე შემდგარმა, ოთხიოდე წლის ბავშვმა ბაბუას, რითაც მაყურებლის გულიანი ხარხარი და ოვაცია გამოვიწვიე.
– შენ კი არა, ჩვენ შეგვეშალა, – დამამშვიდა ბაბუამ, – აბა ერთხელ კიდევ დავიწყოთ და აღარ შეგვეშლება, – მითხრა მან ტკბილად და თვითონ დამაწყებინა სიმღერა, რომელიც მართლაც აღარ შეგვშლია.
აქედან მახსოვს ბაბუაჩემი, აქედან მომყვება იგი დღემდე, როგორც წინაპარი, აღმზრდელი, მეგობარი, მასწავლებელი და მართალი კაცური კაცი. ასევე გამყვება იგი ბოლომდე და მინდა ხმამაღლა ვთქვა, თუ რამ კარგი არსებობს ჩემში – ბაბუას წყალობითაა“.
* * *
ამ ერთი წლის წინათ ჟურნალმა „სკოლა და ცხოვრებამ“ მეტად აქტუალური დისკუსია მოაწყო: „ხალხური სიმღერა სკოლაში“ (N 11, 1980). დისკუსია ერთგვარი გამოხმაურება გახლდათ ჩემი კოლეგების ნუგზარ შატაიძისა და ირაკლი ბერიაშვილის საინტერესო წერილზე, რომელსაც „ცრემლი სულისა“ ერქვა („სკოლა და ცხოვრება“, N 6, 1980) და რომელიც ქართული ხალხური სიმღერის უსამართლოდ მივიწყებას და საშუალო სკოლაში სიმღერის გაკვეთილის ავ-კარგს ეხებოდა.
დისკუსიის მონაწილენი მეტად და მეტად საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ საკითხის გარშემო, მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ეძიებდნენ გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. დისკუსიაში, სამწუხაროდ, არ მონაწილეობდა ანზორ ერქომაიშვილი, კაცი, რომელსაც სხვაზე მეტი შეეძლო ეთქვა, რაკიღა სხვაზე მეტი იცის და სხვაზე მეტიც მოეკითხება ამ საქმეში. ამასთანავე, ანზორ ერქომაიშვილი ის კაცია, რომელსაც პირადად გაუკეთებია და აკეთებს ყველაფერ იმას, რასაც დისკუსიის მონაწილენი ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისათვის აუცილებელ პირობათა რიგში იხსენიებდნენ; აკეთებს ყველაფერს, რაც ერთ კაცს, პროფესიონალსა და ენთუზიასტს შეუძლია და ხშირად უფრო მეტსაც.
აქ მინდა რამდენიმე წლის წინანდელი ერთი საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი მოვიყვანო. ეს გახლავთ ანზორ ერქომაიშვილის წერილი საქართველოს კომპარტიის მახარაძის რაიკომის მაშინდელი ხელმძღვანელებისადმი. ვფიქრობ, ამ წერილში გამოხატულია დიდი ნაწილი იმ სათქმელისა, რასაც ანზორ ერქომაიშვილი უთუოდ იტყოდა, ჟურნალის დისკუსიაში მონაწილეობა რომ მიეღო:
„ქართულმა ხალხურმა სიმღერამ მსოფლიოში ფართოდ გაითქვა სახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გურული სიმღერები, რომლებიც უნიკალურად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს სიმღერები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყოფასთან, ამიტომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა სასიმღერო ტრადიცია და სიმღერა ქართველი კაცის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
მომღერალ კაცს ადრე დიდი დაფასება ჰქონია, მას ხალხში საპატიო ადგილი ეჭირა და საერთოდ საზოგადო მოღვაწედ სთვლიდნენ, ამიტომ სიმღერას ყველა სწავლობდა. გურიაში დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა ხალხური სასიმღერო სკოლა. ეს სკოლა ბევრმა ჩინებულმა მომღერალმა გაიარა. საკმარისია, დავასახელოთ მისი ბოლო წარმომადგენლების – დუმბაძეების, ჩავლეიშვილების, სიმონიშვილების, ერქომაიშვილებისა და სხვათა – გვარები, რომ ნათელი გახდეს, თუ რა დიდი მოღვაწეების ხელში იყო გურიაში სასიმღერო ხელოვნება. ისინი ოზურგეთში მოღვაწეობდნენ, რომელიც გურიაში ყოველთვის ტონის მიმცემად და ბევრი კარგი წამოწყების ინიციატორად ითვლებოდა.
ახლა მახარაძის რაიონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, ქართული სიმღერა გადაშენების გზაზეა. მისი ადგილი იაფფასიანმა მუსიკამ დაიკავა, თუმცა ხალხური სიმღერების პოპულარიზაციისათვის ბევრი რამ კეთდება როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო მასშტაბით; მაგრამ ერთი, ორი ან თუნდაც რამდენიმე კოლექტივი ამოდენა საქმეს ვერ აუვა. ცოტა ხანში კი ძველი ხალხური სიმღერების მცოდნე თაობა აღარ გვეყოლება და სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, კრიმანჭულის შემსრულებელი გურიაში თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. ეს მაშინ, როცა თანამედროვეობის უდიდესმა კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ ესოდენ დიდი შეფასება მისცა კრიმანჭულიან სიმღერას.
გურიაში ყოველთვის მრავლად იყო მომღერალთა ოჯახები, რომლებიც სხვა ოჯახურ ტრადიციებთან ერთად თაობიდან თაობას გადასცემდნენ სიმღერას, როგორც საგვარეულო რელიკვიას. ბევრი გვარის სასიმღერო ტრადიციების უკან საუკუნეები დგას.
ახლა ოჯახებში ტომ ჯონსისა და დემის რუსოს ფირფიტებს მოგასმენინებენ, ხოლო პატარა ბავშვებს იაფფასიან სიმღერებს ასწავლიან ზოგიერთი საესტრადო კოლექტივის რეპერტუარიდან.
ოზურგეთის მაზრაში ყოველთვის მრავლად იყო პატარა ანსამბლები 3-4 ან 6-7 კაცის შემადგენლობით, რომელთა სიმღერები ჯერ კიდევ 1907 წელს ჩაწერა უცხოეთის ფირმამ და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებენ მსმენელებს. ამ ანსამბლების შემოქმედებითმა შეჯიბრებებმა გამოიწვია სიმღერის განვითარება და იგი ვირტუოზულ საშემსრულებლო დონემდე აიყვანა.
დღეს რატომღაც ყველა დაინტერესებულია 100 ან 200-კაციანი გუნდების შექმნით, რომელთა რეპერტუარი მდარე სიმღერებით შემოიფარგლება. ეს გუნდები ძირითადად რომელიმე ღონისძიებასთან დაკავშირებით ყალიბდებიან და მისი დამთავრებისთანავე წყვეტენ არსებობას. ჩემი აზრით, ასეთ პირობებში ზედმეტია ლაპარაკი ყოველგვარ მაღალ შემოქმედებაზე. უმჯობესია, არსებობდეს მუდმივმოქმედი პატარა ანსამბლები და მომღერალთა ოჯახები, რომლებიც დიდხანს შეინახავენ ხალხურ სიმღერებს.
ადრე გურიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩონგური. ამ მდიდარ ინსტრუმენტზე ვირტუოზულად უკრავდნენ და სასიამოვნოდ აღიღინებდნენ სამკურნალო, სახუმარო და ლირიკულ სიმღერებს. ჩონგური ოჯახის აუცილებელი ნივთი, ძვირფასი სამახსოვრო საჩუქარი და მზითევის შემადგენელი ნაწილი იყო. მისი ადგილი დღეს გიტარამ დაიკავა.
საგუნდო და ქორეოგრაფიული საზოგადოების ინიციატივით ერთ დღეს მახარაძეში ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერების აღმდგენელი სკოლა, რომელსაც უნდა აღეზარდა ლოტბარები. ამ სკოლაზე დიდ იმედებს ამყარებდა საზოგადოება, მაგრამ მისი მუშაობა არასწორად წარიმართა. სკოლამ შეწყვიტა არსებობა, ხოლო მის მიერ მომზადებულმა ლოტბარებმა დაკარგეს თავიანთი ფუნქცია. ისინი ახლა ან ანსამბლებში მღერიან, ან სხვა სპეციალობით მუშაობენ.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ, ხალხური სიმღერისა და სასიმღერო ტრადიციების აღსადგენად საჭიროა მიღებულ იქნას სასწრაფო ზომები:
შეიქმნას ძველი გურული სიმღერების აღმდგენელი ცენტრი.
ახალგაზრდა ლოტბართა ანსამბლს (ხელმძღვანელი ვლ. ერქომაიშვილი) შეექმნას სათანადო სამუშაო პირობები. ეს წამოწყება მეტად საჭირო და დროულია.
სასწრაფოდ უნდა განაახლოს მუშაობა ძველი გურული სიმღერების აღმდგენელმა სკოლამ, მისი კურსდამთავრებული ლოტბარები გაიგზავნონ სოფლებში და დასაქმებულ იქნან მხოლოდ თავიანთი პროფილის მიხედვით.
სპეციალური მუშაობა ჩატარდეს მომღერალთა ოჯახებთან მათი სასიმღერო ტრადიციების აღსადგენად.
სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ხელი შეუწყონ მცირე ანსამბლების ჩამოყალიბებას, რომლებიც მხოლოდ ძველ სიმღერებს შეასრულებენ.
შეიქმნას ხმის ჩამწერი კაბინეტი და ბიბლიოთეკა ძველი გურული მომღერლების უნიკალური ჩანაწერებით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს სიმღერის სხვადასხვა ვარიანტებისა და სწორი სასიმღერო მანერის ათვისებაში.
გაიხსნას სახელოსნო, რომელიც დაამზადებს ძველებურ ჩონგურებს, ყველა ანსამბლის რეპერტუარში შეტანილ იქნას საჩონგურო სიმღერები.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მუსიკალურ აღზრდას, მუსიკალურ სკოლებში შემოღებულ იქნას ხალხური სიმღერების სავალდებულო სწავლება, ხოლო საშუალო სკოლებში შეიქმნას მომღერალთა ჯგუფები სიმღერის გაკვეთილის ხარჯზე, რომლებიც თითქმის ყველგან ფაქტიურად ტარდება.
საგუნდო და ქორეოგრაფიულ საზოგადოებასთან უნდა გაიხსნას სპეციალური საბავშვო სტუდია, სადაც მხოლოდ გურულ სიმღერებს შეისწავლიან.
მოეწყოს კონკურსები რაიონული მასშტაბით, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ პატარა ანსამბლები, მომღერალთა ოჯახები და ინდივიდუალური შემსრულებლები (ჩონგურზე). გამარჯვებულთათვის დაწესდეს ცნობილი მომღერლების სახელობის საპატიო პრიზები (მაგალითად, სამუელ ჩავლეიშვილის, ვარლამ სიმონიშვილის, არტემ ერქომაიშვილის და სხვათა). გაზეთმა, რადიომ და ტელევიზიამ ფართო პროპაგანდა გაუწიოს ამ პატრიოტულ წამოწყებას, გამარჯვებულები სათანადოდ უნდა იქნეს დაფასებული. ეს სტიმულს მისცემს ანსამბლებს მუშაობაში.
ვფიქრობთ, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს გურიაში ძველი სიმღერების აღდგენას. ჩვენმა მოზარდებმა დედაენასთან ერთად უნდა შეისწავლონ ხალხური მუსიკა. ეს უკვდავყოფს იმ სასიმღერო ტრადიციებს, ასე შორს რომ გაუთქვა სახელი ქართულ კულტურას, ჩვენს ხალხს".
ანზორ ერქომაიშვილის ეს წერილი უყურადღებოდ არ დარჩენილა და მალე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები გურული სიმღერის ტრადიციების აღსადგენად.
* * *
როდესაც ანზორ ერქომაიშვილს ხალხური სიმღერის სკოლაში სწავლების შესახებ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებაში“ დაბეჭდილი მასალები გავაცანი და ვთხოვე, ამ საკითხის ირგვლივ თავისი აზრი გამოეთქვა, მან, პირველ ყოვლისა, სწორედ ზემოთ მოყვანილი წერილი გადმომცა და მერე დაუმატა:
მე თქვენ ჩემს ბიოგრაფიას, ჩემს მუსიკალური აღზრდა-განათლების ამბავს გიამბობთ და გზადაგზა ის პრობლემებიც თავისთავად წარმოჩნდება, რომლებიც თქვენ გაინტერესებთო.
* * *
– სკოლაში სიმღერას ფიზკულტურის ან ხატვის მასწავლებელი მასწავლიდა, ესე იგი ის, ვისაც საათობრივი დატვირთვა ნაკლები ჰქონდა. არადა, ახლა რომ ვუკვირდები, იქნებ სჯობდა, რომ გურიაში მაინც, ხატვა და ფიზკულტურა სიმღერის მასწავლებელს, რომელიმე მომღერალს ესწავლებინა. მათი მოძებნა სად-სად და გურიაში ნამდვილად არ გაჭირდებოდა.
ანზორ ერქომაიშვილი სიმღერის გაკვეთილებიდან განთავისუფლებული იყო ზოგიერთ სხვა მოსწავლესთან ერთად. ფიზკულტურისა თუ ხატვის მასწავლებლებს რცხვენოდათ მისი თანდასწრებით სიმღერის გაკვეთილების ჩატარება.
– ომამდე გურიის სკოლებში ცნობილ მგალობელ-მომღერლებს უსწავლებიათ სიმღერა. მერე ახალი პროგრამები გამოსულა, რომელთა მიხედვითაც მოკავშირე რესპუბლიკებისა და უცხოური სიმღერების შესწავლაც სავალდებულო გამხდარა. ამდენად, საშუალო სკოლის სიმღერის გაკვეთილის მოთხოვნებს ისეთი ცნობილი ლოტბარიც კი ვეღარ აკმაყოფილებდა, როგორიც ვარლამ სიმონიშვილი იყო! ერთბაშად ჩამოშორდა სკოლას ის ხალხი, ვინც ხალხური სიმღერის მთელი სკოლა შექმნა. დღეს სკოლებში კონსერვატორიადამთავრებულები ასწავლიან, რომელთაც, მართალია, კარგად იციან ნოტებიც, მოკავშირე რესპუბლიკებისა თუ უცხოური სიმღერებიც, მაგრამ ქართულ ხალხურ სიმღერებზე, რბილად რომ ვთქვათ, უკაცრავად არიან. ამას კიდევ მოევლება, მოსწავლეთათვის ხალხური სიმღერების კრებულები მაინც რომ გვქონდეს; კონსერვატორიადამთავრებულს ასეთი კრებულის მიხედვით არ უნდა გაუჭირდეს მოსწავლეს ხალხური სიმღერის ანბანი შეასწავლოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს არის.
ანზორ ერქომაიშვილს არასოდეს უფიქრია პროფესიული მუსიკოსობა, უფრო ინჟინრობა იტაცებდა ან ჟურნალისტობა (როგორი ჟურნალისტი იქნებოდა, ეს მისი წიგნიდანაც კარგად ჩანს!), მაგრამ ბაბუამ კარგად იცოდა, რომ ქვეყანას არც ინჟინრები აკლდა და არც ჟურნალისტები...
„ჩვენ პროფესიული მუსიკალური განათლება ვერ მივიღეთ, ვინაიდან მაშინ სხვა დრო იყო და ამის საშუალება არ გაგვაჩნდა. ახლა, ბაბუ, მომღერლების ძველი თაობა წავიდა. ჩვენც თანდათან მივდივართ და ამ სიმღერებს შენახვა უნდა, პატრონი უნდა, ახალგაზრდობას ეს ნაკლებად აინტერესებს, აგერ, ჩვენი სასიქადულო მომღერლები და გურული საგალობლების იშვიათი და უკანასკნელი მცოდნენი ვარლამ სიმონიშვილი და დიმიტრი პატარავაც წავიდნენ ჩვენგან და ამჟამად მხოლოდ მე გამაჩნია ის სიმდიდრე, რომელიც არც ფულზე იყიდება და არც ოქროზე აიწონება. ამ სიმდიდრის ფასს შენ ჯერ ვერ გაიგებ. ეს არის სიმდიდრე, რომლის ბადალი მსოფლიოში არ მოიპოვება. მე რომ რაიმე შემემთხვას, ისეთი განძი წამყვება თან, რომლის დაკარგვას ერი არ გვაპატიებს, რომელსაც ვერავინ ვეღარ აღადგენს და ამ ცოდვის სიმძიმე მე და შენ დაგვაწვება კისერზე. იცოდე, ეგ შენი და ჩემი საქმე როდია, ეს საერთო საქმეა, შენ სისხლში გაქვს გურული სიმღერა გამჯდარი და ამიტომ ყველაზე მეტად შენ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, თუ მუსიკალურ განათლებას მიიღებ. მახსოვს, ლენინგრადში ცნობილმა მუსიკოსებმა ჩვენი სიმღერები რომ ვერაფრით გაშიფრეს, აზრი გამოთქვეს, ნოტები ესწავლებინათ ჩვენთვის, თავად უკეთესად შეძლებდნენ სიმღერის ჩაწერასო. ეს არ მოხერხდა მაშინ. ეს შენ უნდა გააკეთო. საჭიროა პროფესიული მუსიკალური განათლების მიღება.
ასე გადაწყდა ჩემი მუსიკალურ სასწავლებელში გაგზავნა. უკვე კონსერვატორიის სტუდენტს, როცა არდადეგებზე სოფელში ჩავედი, ბაბუამ მკითხა, შეგიძლია თუ არა ნოტებზე გადაიტანო ერთი გურული საგალობელიო. მგონი შევძლებ-მეთქი, ვუპასუხე. მთელი დღე ვიმუშავეთ, რომ პატარა საგალობელი სანოტო ფურცელზე გადაგვეტანა. ეს იყო „ქრისტეშობის საგალობელი“, ამ საგალობლის არაჩვეულებრივმა პოლიფონიურმა და ჰარმონიულმა სიმდიდრემ აღმაფრთოვანა, მსგავსი რამ ჩემს სიცოცხლეში არ გამეგონა.
აი, თურმე რა სიმდიდრეზე მელაპარაკებოდა ბაბუა...
რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფოდან ეკლესიის გამოყოფის პერიოდში შეწყდა გალობის შესრულება. მგალობლები არ ამხელდნენ, რომ ადრე ეკლესიაში მღეროდნენ. გალობის შესწავლაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ძველი მომღერლებიდან მხოლოდ არტემი იყო ცოცხალი, რომელმაც დასავლეთ საქართველოს (დასავლეთ საქართველოში გურული კილო იყო გავრცელებული) ყველა საგალობლის ყველა ხმა იცოდა. აი, რატომ სწუხდა არტემი, როდესაც საგალობლების დაკარგვის საშიშროება შეიქმნა.
ასე დაიწყო ჩვენი მუშაობა დაკარგული სიმღერებისა და საგალობლების აღსადგენად. უკვე პირველ ზაფხულს, ბაბუას იშვიათი მეხსიერების წყალობით 60-მდე სიმღერა და საგალობელი ჩავიწერე (სულ კი, როგორც ამავე წიგნიდან ჩანს, არტემ ერქომაიშვილს 2000-მდე მხოლოდ საგალობელი სცოდნია! – პ.ნ.). ამ ამბით თავად ისე იყო გახარებული, რომ მომღერლებთან დაიტრაბახა: ისეთი საქმე გავაკეთეთ, რომლის ბადალი ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებიაო.
როცა თბილისში მაცილებდა, ბაბუამ მთხოვა, იქნებ შეეცადო ეგ სიმღერები და საგალობლები კონსერვატორიაში ბიჭებს შეასწავლოო.
ასე ჩაეყარა საფუძველი კონსერვატორიის ვოკალურ ანსამბლ „გორდელას“.
მაგრამ კონსერვატორიამდე ანზორ ერქომაიშვილმა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის „სალხინებელი“ გაიარა, რაკიღა მუსიკალური განათლება საერთოდ არ ჰქონია და ასეთს კი კონსერვატორიაში ვერ მიიღებდნენ. მასთან ერთად, სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე სწავლობდნენ მომღერლები, რომელთაც სხვადასხვა გარემოებათა გამო თავის დროზე პროფესიული მუსიკალური განათლება ვერ მიეღოთ. თითქმის ყველა მათგანი შემდგომში ცნობილი ლოტბარი დადგა.
– აუცილებლად უნდა მოვიხსენიო პედაგოგთა ის თანავარსკვლავედი, რომელიც იმ წლებში მოღვაწეობდა კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში: დირიჟორის ოსტატობას ნინო მწითლავიშვილი მასწავლიდა, მუსიკალურ თეორიულ საგნებს – აკაკი ანდრიაშვილი, მიხეილ ყანჩელი, ლეილა ხაფავა და აწ განსვენებული გივი ლორთქიფანიძე, რომელიც ყველაფერთან ერთად გვაჭმევდა, გვასმევდა, შინ დავყავდით თავისთან სოფლელი ბიჭები და ყველანაირად გვპატრონობდა. უნარიანად ხელმძღვანელობდა მთელ კოლექტივს სასწავლებლის დირექტორი ვახტანგ გურგენიძე. ფაქტი სახეზეა: მათი აღზრდილები დღეს დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. მაშინ სასწავლებელში ოთხი განყოფილება იყო: საგუნდო-სადირიჟორო, თეატრალური, საკლუბო მუშაობისა და ხალხური ინსტრუმენტების. ახლა კი პროფილი შეიცვალა და თუ ადრე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის სამი მეოთხედი ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, დღეს ერთი კაციც არაა აქედან. ამას დაუმატეთ ისიც, რომ რაიონებში თითქმის აღარ არიან სპეციალისტები. საჭიროა, სასწავლებელს დაუბრუნდეს პროფილი, ან რომელიმე სხვა სასწავლებლის ბაზაზე დაარსდეს საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება ასეთივე სახით. კარგი იქნება, რომ იმ განყოფილებაზე რაიონებიდან სიმღერის მცოდნე ახალგაზრდები ლიმიტით მიიღონ; კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელმა ძალზე ბევრი მომცა, თუნდაც ხალხური სიმღერების შესწავლის თვალსაზრისით: მე ხომ მხოლოდ გურული სიმღერები ვიცოდი, სასწავლებელში კი ყველა კუთხის სიმღერებს ასწავლიდნენ.
დიახ, კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მაშინ მაღალ დონეზე იდგა ქართული ხალხური სიმღერის სწავლების საქმე, რომელსაც სათავეში ცნობილი პედაგოგები და ლოტბარები ვასილ და ლევან მახარაძეები უდგნენ.
„მახსოვს ასეთი შემთხვევა – ვასილ მახარაძემ რეპეტიციაზე პირველად რომ მომიყვანა, შესვენების დროს ერთ მოხუცთან წარმადგინა და უთხრა: ბატონო თეოფილე, ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში (შვილიშვილი) გახლავთ.
თეოფილე დაეყრდნო თავის ჯოხს, გამომცდელად ამათვალიერა და მკითხა: „არტემის ხარ, ბიჭო, შენ?“ - პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი, რომ თეოფილემ გიდლის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ პირველი ხმა დააწია, მე მივხვდი, რომ თეოფილემ „ალიფაშა“ წამოიწყო და ბანი შევაშველე. თეოფილე ლომთათიძე მაშინ 80 წელს იყო გადაშორებული, მაგრამ ხმაში ბზარიც კი არ ემჩნეოდა. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, რომ გულში ვიფიქრე, ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი. როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა: კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო.
ეს ამბავი ბაბუას რომ მოვუყევი, გაიღიმა და მითხრა: „ასე იყო უწინ, ბაბუ, ცნობილი მომღერლები გამოსცდიდნენ ახალბედას და უცნობ მომღერალს მალულად! ისინი ისე ჩაახვევდნენ თავიანთ ხმებს, ისე ართულებდნენ სიმღერას, რომ თუ მომღერალს კარგი სმენა და გამოცდილება არ ჰქონდა, უეჭველად ასცდებოდა სხვა ხმებს, ეს უკვე „დამარცხებას“ ნიშნავდა. ვინც ამ გამოცდას კარგად ჩააბარებდა, ცხადია, მისი ავტორიტეტი მომღერლების თვალში მაღლდებოდა“.
კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ანზორ ერქომაიშვილმა სამი არასრული წელი დაჰყო და მერე კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები.
1961 წელს შეიქმნა ცნობილი „გორდელა“, რომელშიც ანზორ ერქომაიშვილთან ერთად შედიოდნენ სხვა ენთუზიასტებიც: გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი, ბადრი თოიძე, თამაზ ანდღულაძე, კუკური ჭოხონელიძე, აბიკო დანელიანი და თამაზ პავლოვი. უნდა ითქვას, რომ მანამდე მსგავსი ანსამბლი საერთოდ არ არსებობდა საქართველოში, გურიაშიც კი. ეს იყო მხოლოდ, რომ 1957 წელს ჯანსუღ კახიძემ ჩამოაყალიბა შვიდკაცა, რომელიც ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა, მაგრამ ფესტივალის დამთავრების შემდეგ მალე დაიშალა. „გორდელამ“ 1970 წლამდე იარსება და ამ ათი წლის განმავლობაში ძალზე ბევრი გააკეთა ქართული ხალხური სიმღერის შეკრება-დამუშავებისა და პოპულარიზაციის მხრივ.
– ხალხური სიმღერა ჩვენ კონსერვატორიაში არ გვისწავლია. ყველაფერი, რაც ამ სფეროში ვიცოდით, ოჯახებიდან და სასწავლებლებიდან მოგვყვა. არადა, კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ხალხური სიმღერებიც, თანაც მაპროფილებელი სპეციალობის რანგში. ამასთანავე, ვფიქრობ, მომავალი დირიჟორებისა და ფოლკლორისტებისაგან აუცილებლად უნდა შეიქმნას ხალხური სიმღერის გუნდი. მით უმეტეს, რომ დღეს კონსერვატორიას აქვს ამის საშუალება: იქ მოღვაწეობს ქართული ხალხური სიმღერის საუკეთესო მცოდნე, დიდი ამაგდარი და დაუღალავი ენთუზიასტი ანზორ კავსაძე.
მესამე კურსზე იყო ანზორ ერქომაიშვილი, როდესაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. უკან დაბრუნებულმა კი სწავლაც განაგრძო და თბილისის პირველ საშუალო სკოლაშიც დაიწყო მუშაობა. მერე ის იყო, კონსერვატორია დაამთავრა და ახალგაზრდა სპეციალისტი რუსთავში გაანაწილეს სამუშაოდ.
* * *
ჯერ პედაგოგად მუშაობდა რუსთავის მუსიკალურ ტექნიკუმში, მალე კი მისი დირექტორიც გახდა. ტექნიკუმის პედაგოგების ბაზაზე ჩამოყალიბდა დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი ვოკალური ანსამბლი „რუსთავი“. ეს იყო 1969 წელს.
„რუსთავმა“ წარმატებით მოიარა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა კუთხე, უცხოეთის მრავალი ქვეყანა და ყველგან საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. უახლოეს ხანებში ფირმა „მელოდია“ გამოუშვებს ანსამბლის ხუთფირფიტიან ალბომს (ეს ალბომი 1981 წელს გამოვიდა და მალე იშვიათობად იქცა – პ.ნ.), რომელშიც ათობით ხალხური სიმღერა და უძველესი საგალობელია გაერთიანებული. ეს ალბომი ანსამბლის თორმეტწლიანი გზის, დაუღალავი ძიებისა და მუშაობის ერთგვარი ანგარიშია.
* * *
1979 წლის 9 მაისს საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა ახალი კოლექტივი – ბავშვთა გუნდი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. ის სატელევიზიო გამოსვლა ბავშვების პირველი კონცერტი იყო. პატარებს დიდი წარმატება ხვდათ წილად. რედაქციის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე სამასამდე ავტორმა გამოგზავნა ანსამბლის სახელწოდების თავისი ვარიანტი. ზოგმა „ჯეჯილი“ შესთავაზა, ზოგმა - „წყარო“, ზოგმა „სამასი არაგველი“. მაგრამ წერილების ერთი მესამედი „მართვეს“ უჭერდა მხარს.
ასე გაჩნდა „მართვე“.
თუმცა ეს კოლექტივი, ოღონდ უსახელოდ, მანამდე ორი წლით ადრე ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბდა თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის სახლის დირექტორის ნათელა ჯიღაურისა და ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით.
– დავიწყეთ სკოლების შემოვლა ბავშვების შესარჩევად. პატარებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ხალხურ სიმღერაზე. როცა რომელიმე ხალხური სიმღერის შესრულება ვთხოვეთ, ზოგმა „აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო“ გვიმღერა და ზოგმა – „ესროლე, ბიჭო, ესროლე, ნუ შეგვარცხვენ ყიურებსა!“ ძალიან გვიჭირდა ბავშვების დაყოლიება. წუწუნებდნენ, არავითარი ხალხური სიმღერა არ უნდოდათ, ბევრი სმენასაც კი მალავდა. როგორც იქნა, ოცდაათამდე ბავშვი შევაგროვეთ. მაგრამ ამათგან ზოგი არ მოვიდა, ზოგი მშობელმა არ მოიყვანა და ვინც თავისი შვილი მაინც „გაიმეტა“ ჩვენთვის, მანაც უფრო ჩემი გვარის „ხათრით“. ერთი წელი სიმღერა არ მისწავლებია, მხოლოდ ჩვევებს ვუვითარებდი და სავარჯიშოებს ვაძლევდი. ერთხმიან სიმღერებს იყვნენ მიჩვეული და ძალიან უჭირდათ პოლიფონია. ნელ-ნელა ორხმიანი სიმღერები შევაპარე, მერე – სამხმიანიც.
ანზორ ერქომაიშვილი სრულიად სამართლიანად თვლის, რომ ბავშვმა დედა ენასთან ერთად უნდა შეითვისოს ხალხური სიმღერის ეშხი. თუ ასე არ მოხდა, მერე მას ამისთვის არც დრო რჩება და აღარც სურვილი ებადება, რაკიღა ყური და გემოვნება ესტრადით აქვს „გამოჭედილი“.
– ესტრადას რომ ასე ხელაღებით ვუპირისპირებ ხალხურ სიმღერას, ესტრადის უპატივცემულობაში არ ჩამომართვათ. ესტრადას არაფერი გაუჭირდება! მას თავისი, საპატიო ადგილი უკავია. ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, ძირძველს, ეროვნულს, რომელიც ჩვენი ეროვნული ხასიათის საუკეთესო გამომხატველია.
– რა შეუძლია ამ მხრივ სკოლას?
– ბევრი, ძალიან ბევრი! სიმღერა პირველიდან მეათე კლასამდე უნდა ისწავლებოდეს და თანაც ქართული ხალხური სიმღერა. სხვა ეროვნებათათვის შედგენილი პროგრამა ჩვენ არ გამოგვადგება, ისევე, როგორც სხვები ვერ იხელმძღვანელებენ ჩვენი პროგრამით. თუ, ვთქვათ, მათემატიკასა და ფიზიკაში დასაშვებია, დასაშვები კი არა - ერითადერთი გზაა ერთიანი პროგრამებით სწავლება, სიმღერაში ეს, ისევე როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, დაუშვებელია და მე პირადად დიდ პედაგოგიურ სიბეცედ მიმაჩნია. კიდევ ის, რომ სიმღერის გაკვეთილები ფიქტიური არ უნდა იყოს და მათ სიმღერის, მუსიკის სპეციალისტები უნდა ატარებდნენ. აი, ამ მხრივ უნდა წარიმართოს სკოლაში მუშაობა. სასწრაფოდ უნდა გამოიცეს საგანგებო კრებულებიც. „მართვეს“ მსგავსი ანსამბლებიც დიდად შეუწყობს ხელს მდგომარეობის გამოსწორებას.
„მართვეს“ ანალოგიით უკვე შეიქმნა რამდენიმე კოლექტივი თბილისში, ხოლო მახარაძის რაიონის ორმოცდაერთივე საშუალო სკოლაში არსებობს ხალხური სიმღერის შემსწავლელი ჯგუფები. ჯგუფებს სათავეში უდგანან ახალგაზრდა ლოტბარები, რომლებიც თავის მხრივ გაერთიანებული არიან ახალგაზრდა ლოტბართა გუნდში. გუნდს „ელესა“ ჰქვია და მას ანზორის პაპისძმა ლადიკო ერქომაიშვილი ხელმძღვანელობს.
– დღეს კადრების მოძებნა, უფრო სწორად, აღზრდა, ყველგან შეიძლება: თელავშიც, ლენტეხშიც, ხულოშიც... საჭიროა მხოლოდ ერთი, ერთადერთი კაცი მთელ რაიონში, ვინც ლადიკო ერქომაიშვილის დარად ლოტბარებს აღზრდის და თავ-თავიანთი სოფლის გუნდებს ჩაუყენებს სათავეში.
მივუბრუნდეთ „მართვეს“: 1980 წელს პატარებმა დუბნაში გამართულ ბავშვთა გუნდების საკავშირო ფესტივალზე, რომელშიც ყველა მოკავშირე რესპუბლიკის 40-ზე მეტი კოლექტივი მონაწილეობდა, პირველი ადგილი და დიდი ოქროს მედალი დაიმსახურეს; ანსამბლი საგასტროლოდ იყო პოლონეთში; მალე გამოვა გრამფირფიტა „მართვეს“ რამდენიმე სიმღერით; მომზადებულია გამოსაცემად „40 სიმღერა „მართვეს“ რეპერტუარიდან“, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა შეადგინა სასკოლო გუნდებისა და ანსამბლებისათვის და რომელიც სწორედ ის სახელმძღვანელო იქნება სიმღერის მასწავლებელთათვის, რომლის საჭიროებაზეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ლოტბარმა.
„მართვეს“ წევრები ფაქტიურად სამივე ხმას სწავლობდნენ. პატარები პირველ ხმას მღერიან, ცოტა რომ წამოიზრდებიან, – მეორე ხმას და ბოლოს – 13-14 წლის ასაკში – მესამეს. ეს პრინციპი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა იქნას დაცული მუტაციის პერიოდში, როცა ბავშვს ხმა „უტყდება“ და არის საშიშროება, ხმის აპარატის დაზიანებისა.
ანსამბლის ყველა წევრის ჩამოთვლა აქ, რასაკვირველია, შეუძლებელია, მაგრამ ანზორ ერქომაიშვილმა მაინც ჩამაწერინა რამდენიმე სახელი: ზურაბ ნინუა, გიორგი იოსელიანი, ლაშა ჩხაიძე, ერეკლე ჩალათაშვილი, ბადრი ყარალაშვილი, ძმები დათო და შმაგი აფციაურები, დათო შანიძე, ტყუპი ძმები ზაზა და სულხან ნინიძეები, მაია მიქაბერიძე...
12 წლის მაია მიქაბერიძე ერთადერთი გოგონაა ანსამბლში და ერთადერთი, ვინც კრიმანჭულს მღერის.
– მაია რამინ მიქაბერიძის შვილია. „მართვეზე“ ლაპარაკისას, არ შეიძლება არ აღინიშნოს „რუსთავის“ წამყვანი სოლისტისა და „მართვეს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის რამინ მიქაბერიძის როლი.
თუ თავიდან „მართვეში“ ბავშვების მოზიდვა ჭირდა, ახლა მათი და მათი მშობლების მოძალებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ანსამბლი საოცრად პოპულარული გახდა. შეიძლება ამ ბიჭუნებიდან ყველა მომღერალი არ დადგეს, მაგრამ ის, რომ ყველა მათგანი კარგი ქართველი, კარგი მამულიშვილი და სიმღერის ჭეშმარიტი ქომაგი იქნება, ეჭვს არ იწვევს. ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ ბევრი მათგანი ცნობილი მომღერალი და ლოტბარი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ანზორ ერქომაიშვილი ყველაფერს აკეთებს ამისათვის, მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემს პატარებს. სწორედ ამაში პოულობს იგი თავის მოწოდებას. ანზორ ერქომაიშვილს შეუძლია ბაბუამისის სიტყვები გაიმეოროს:
– ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის ჩემთვის, სხვას რომ სიმღერას ვასწავლი!
და მანამ, სანამ ასეთი ხალხი იარსებებს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები საქართველოში არ გამოილევიან, ქართულ ხალხურ სიმღერას დაკარგვა და დავიწყება არ უწერია.
პაატა ნაცვლიშვილი
1981