პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს, არასამთავრობოები მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ეს ცვლილებები არსებითად არაფერს არ ცვლის. ამ ცვლილებების შემდეგ ჩვენ ვერ გვექნება გარანტია თუნდაც ერთი ისეთი ადამიანის დანიშვნის, რომელიც არ იქნება ლოიალური კანდიდატის მიმართ. რა არის საჭირო? საჭირო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმხრივი მხარდაჭერით დაკომპლექტება ოპოზიციის და ხელისუფლების, საჭირო არის უზენაესი სასამართლოს ამავე წესით დაკომპლექტდება და საჭირო არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებაში ჩავრთოთ ასევე არამოსამართლე წევრების უმრავლესობა," - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი კანონპროექტს არალერევანტულს უწოდებს, რადგან მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური პრობლემებია.
„მართლმსაჯულების სისტემაში დგას ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც უკავშირდება შიდა გავლენებს, უსამართლოდ წარმართულ საკადრო პოლიტიკას, უსამართლოდ დანიშნულ მოსამართლეებს თანამდებობებზე და ზოგადად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებულ ძალაუფლებას, რომელიც ვიწრო ჯგუფის ხელშია. ამ პრობლემების გადასაჭრელად, არარელევანტურია ის კანონპროექტი, რომელიც ამ დღეებში განიხილება პარლამენტში,"- აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.
„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ კანონპროექტით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდება და მმართველი გუნდის ინიციატივები კანონპროექტში ასახული არ არის.
„მათ არც ერთი შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი რამეს ვერ უზრუნველყოფს. მათ თქვეს, რომ ეს კარგია და სწორია, როდესაც კანონპროექტით ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება. მათ აქვთ წუხილები ზოგადად სხვა საკითხებთან მიმართებაში და ამ კანონპროექტის არსი არ არის სხვა საკითხების დარეგულირება, ამ კანონპროექტის მთავარი არსია რეკომენდაციების შესრულება. თუ ვინმე კითხვის ნიშანს სვამს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ კითხვის ნიშანს სვამს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მიმართებაში. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, ჩვენი სხვა ინიციატივა ამ კანონპროექტში არ არის ასახული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, პროექტზე დეპუტატები ახლა საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ, ხვალ კი მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.