„მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ტურიზმის დროული აღდგენა მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ეს საკითხი ბიზნეს და მოსახლეობას აწუხებს. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეული ადამიანის ჯიბეს ეხება.
აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთი მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა.
აქ არის ორი მიდგომა: ერთი - ჩართულია ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. მეორე - საშუალო ვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობს, რაც მეტი ინვესტიციის მოზიდვას გულისხმობს.
ასევე, მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. მათ შორის, ენერგეტიკაში იმპორტი შემცირდეს და ადგილობრივი წარმოება პირველ რიგში ჩვენ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი.
შესაბამისად, ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან იქ სადაც, ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმპორტი. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის დროული აღდგენა. პრემიერ-მინისტრი ქმნის რამდენიმე სათათბირო ორგანოს ბიზნესის ფართო ჩართულობით.
ჩვენი მისწრაფება არის, მაქსიმალურად ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთონ მდგრადი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შემანარჩუნებელი ღონისძიებების შემუშავებაში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.