„მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კარგად მესმის, რომ ოპოზიციაც უნდა იყოს მზად, მათი მხრიდანაც უნდა იყოს სურვილი. თუ პირველ ნაბიჯს „ქართული ოცნება“ გადადგამს, ამას უნდა მოჰყვეს ოპოზიციის მზაობა“, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს სჭირდებათ დრო, დაფიქრება და გაანალიზება, თუ როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს მომავალზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე.
„დროს მივცემთ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს, დრო გვექნება ევროკავშირშიც. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ ავაგებთ მომავალ ურთიერთობებს საქართველოსთან ისე, რომ დავეხმაროთ დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან რეალისტები ვართ.
მე საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ თუ კომპრომისზე წასვლის სურვილს და შეთანხმებას ვერ დავინახავთ, მაშინ მოგებული არ იქნება არავინ. მხოლოდ დამარცხებულები გვეყოლება. ყველაზე მეტად დამარცხებული იქნება ქართველი ხალხი. თუ შეთანხმება არ იქნება, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებსაც გართულებები მოჰყვება.
კომპრომისისკენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას, დროებით დაივიწყონ პარტიული ინტერესები და ემსახურონ საქართველოს უფრო ფართო ინტერესებს. მე არ ვადანაშაულებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ან კონკრეტულ პარტიას . შეთანხმებას ორივე მხარე სჭირდება“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.