„გუშინდელი ფაქტი საკმაოდ უსიამოვნოა. უსიამოვნოა ფორმა, როგორც პოზნერს დახვდნენ „სირცხვილიას“ აქტივისტები.
ასევე უსიამოვნოა და მიუღებელია ის, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხო ქვეყნის, არღვევს რეგულაციებს, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი პრობლემის ერთი მხარეა, მეორე მხარეა საზოგადოების პოზიცია, თუ რას უპირებს რუს ტურისტებს.
„პოზნერის შემთხვევაში რუსი ტურისტი შეიძლება არ ემთხვეოდეს, რადგან მას 3 ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ ზოგადად, რას ვითხოვთ კონკრეტული ადამიანებისგან.
ჩვენ ორმაგი სტანდარტები გვაქვს. მოდი, ავიღოთ ბიზნესი. თუ ბიზნესისთვის შეიძლება ვაჭრობა რუსეთთან, მაშინ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის რუსულ გუნდში გადასვლა?
ამიტომაც უნდა შევჯერდეთ, რა გვინდა რუსეთთან ურთიერთობაში. რა არის ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არ შეიძლება და მიუღებელი იქნება და როდესაც ამაზე შევთანხმდებით, მერე უფრო მარტივი იქნება ვიღაცის კრიტიკა, საზღვარზე არ შემოშვება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.