საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტით კანონი არ დარღვეულა და მესაზღვრეებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ ის და მასთან მყოფი პირები არ შემოეშვათ.
საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
“ეს ადამიანი [ვლადიმირ პოზნერი] ყველა იმ მოთხოვნის დაცვით შემოვიდა, რომელიც სასაზღვრო კვეთასთან არის დაკავშირებული.
მოგეხსენებათ, რომ ის შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტით, მას და მის სტუმრებს ჰქონდათ კოვიდრეგულაციების კუთხით ყველანაირი პირობა დაცული და შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტული პირების ვიზიტებთან დაკავშირებით არეგულირებს, უარის საფუძველს იმასთან მიმართებაში, რომ არ მოხდეს ასეთი ადამიანების შემოშვება, ეს გადამოწმებული იქნა და მათ ეს კანონი არ ჰქონდათ დარღვეული.
შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ეს კონკრეტული პირები გაებრუნებინათ მესაზღვრეებს, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
მეორე და უმთავრესია, რომ მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის განცხადება თუნდაც ის მცირედით მაინც აყენებდეს ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამას შეშფოთებით აღიქვამს და მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ ჩვენი გუნდისთვის მისი მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და ეს პოზიციები, რა თქმა უნდა, გამიჯნულია.
მაგრამ ის ადამიანი ჩამოვიდა გარკვეულ პირებთან ერთად ვისთან სურდა, რომ საქართველოში ყოფილიყო, ის ჩამოვიდა ჩვეულებრივ ტურისტად და ამ ვიზიტის დროს მან რეგულაციები დაარღვია ისევე, როგორც მისმა თანმხლებ პირებმა და მისმა მიმღებმა კონკრეტულმა დაწესებულებამ, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან და კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერად გატარდა ადეკვატური ზომები ისვე, როგორც შრომის ინსპექციის მხრიდან და მოხდა მათი დაჯარიმება”, - განაცხადა მიქანაძემ.