logo_geo
eng_logo
ილია მეორე სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ასრულებს
- +

13 ივლისი. 2016. 11:34


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ასრულებს.



ტაძარში მცხეთისა და თბილისის ეკლესიების მღვდელმსახურები, ბერ-მონაზვნები იმყოფებიან, ასევე რამდენიმე ათეული მღვდელმთავარი.



ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის გამორჩევის შესახებ იქნება საუბარი. მსახურების ბოლოს, პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.



სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.



წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner