logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: მაქვს მორალური უფლება, ამომრჩეველს შევთავაზო ჩემი კანდიდატურა
- +

13 ივლისი. 2016. 12:02


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" სამთავრობო ცვლილებებთან და „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მათი პირადი სურვილი იყო.


„დავიწყებ იმით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. როგორც თვითონ გააკეთეს განცხადება, დაკავებული თანამდებობები თინა ხიდაშელმაც და პაატა ზაქარეიშვილმაც თავიანთი სურვილით დატოვეს. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას", - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.


დათო ლორთქიფანიძე თვლის, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც კარგად იქნება გარკვეული სამხედრო სფეროში. რაც შეეხება შერიგების საკითხებში მინისტრის შემცვლელს, მისი აზრით, პაატა ზაქარეიშვილის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს მინისტრის მოვალეობას.


„თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც კარგად ერკვევა ჯარის საკითხებში, კარგად განსწავლულია სამხედრო სფეროში და უშუალოდ იქნება ჩახედული ყველა ნიუანსში. ასეთები საკმაოდ მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვრცელდება სხვადასხვა შესაძლო კანდიდატურის გვარები, მაგალითად კობა კობალაძე, ირაკლი სესიაშვილი და ა.შ.  რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელს, აქ უფრო მარტივად არის საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ მის პირველ მოადგილედ მუშაობს ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სავარაუდოდ იქნება მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი", - ამბობს ლორთქიფანიძე.

 

დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბარში გიგლა აგულაშვილის თანამდებობაზე დარჩენის ფაქტს ეხმაურება და ფიქრობს, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მიიღო და სავარაუდოდ,  თავის მომავალს „ქართულ ოცნებას" უკავშირებს.


„გიგლა აგულაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო თანამდებობაზე დარჩენა. მას ჰქონდა ძალიან დიდი დრო, რომ კარგად გაეანალიზებინა, თუ სად იყო და მიეღო გადაწყვეტილება. იგი გამოცდილი ადამიანია, დიდი გზა აქვს გავლილი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება არის ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილება. ალბათ, ჩათვალა, რომ სწორი იქნებოდა, რესპუბლიკური პარტიიდან წამოსულიყო და დარჩენილიყო თანამდებობაზე, ანუ თავის მომავალს უკავშირებს „ქართულ ოცნებას". საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, არ ვიცი, ამ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. გიგლა არ არის ის ადამიანი, ვისი გუნდში ყოფნა, დარჩენა ან მისვლა უმნიშვნელო ფაქტი იქნება", - ამბობს დათო ლორთქიფანიძე.



რაც შეეხება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, ლორთქიფანიძე თვლის, რომ მაჟორიტარებად ისეთი ადამიანები უნდა შეირჩეს, რომელთაც ცნობადობის პრობლემა არ ექნებათ.


„საარჩევნო ოლქებში, რომლებიც ჩვენ გავამსხვილეთ და მანდატს შევძინეთ უფრო დიდი წონა, ვიდრე ჰქონდა ადრე, ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვისი კანდიდატურა იქნება შერჩეული. აუცილებელია, მაჟორიტარებად შეირჩეს ისეთი კანდიდატურები, რომლებსაც გაერთიანებულ ოლქებში ცნობადობის პრობლემა არ ექნებათ. ვთვლი, რომ ასეთი ადამიანი მეც გახლავართ,  ჩემი განვლილი გზიდან და ხელისუფლებასთან ერთად გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული ვანის მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარებაში, ამიტომ მაქვს სრული მორალური უფლება, რომ მქონდეს პრეტენზია და მოკრძალებულად შევთავაზო ამომრჩეველს ჩემი კანდიდატურა ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში. ჩვენი პარტიის შიგნით მიმდინარეობს კვლევები, ხდება კანდიდატების დატესტვა და შემიძლია დაზუტებით გითხრათ, რომ ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მეც განვიხილები. იქ სხვა კანდიდატიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი დივიდენდები ბევრად მაღალია, ვიდრე იმ კონკურენტისა, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს შესაძლო კანდიდატად, მაგრამ მთავარია ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს არის, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი არჩევნები. ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს", - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner