ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყანას ურაპატრიოტიზმი დაღუპავს. აბაშიძე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ცდილობენ ყველა საშუალება გამოიყენონ იმისთვის, რათა ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
„საზოგადოებაში ფართო დებატები უნდა გამოცხადდეს იმაზე, რას ვუშვებთ საჯარო პოლიტიკაში და რას არა. მაშინ ამ მიდგომით და ლოგიკით, ნინო ბურჯანაძეს, ნატო ჩხეიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს რუსეთთან კავშირები რატომ უნდა შერჩეს და რატომ გვაქვს მაშინ ასეთი რეაქცია რუს ტურისტზე, რომელსაც რაღაც აზრი გააჩნია? კი ბატონო, არავინ ამბობს, რომ მისი აზრი ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ პროტესტის ფორმასაც ხომ გააჩნია. მოდი, ისიც გავიხსენოთ, რომ ლიეტუელმა პოლიტიკოსმა პავილიონისმა დაახლოებით იგივე თქვა, რაც პოზნერმა - საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგული აქვსო. გასაგებია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ მისი ეს განცხადება მისაღები აღმოჩნდა. აი, აქ ძალიან მრავალ სტანდარტთან და არათანმიმდევრულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რაც სააკაშვილის პარტიას ახასიათებს“, - აცხადებს აბაშიძემ.
ჩვენი რესპონდენტი ასევე იხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ის კრემლს 2008 წლის ომის შემდეგ ემუდარება, რომ ქართველებმა იქნებ რუსეთში იცეკვონ.
„თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რა უფლება აქვს გიორგი კანდელაკს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს, პოზნერის ჩამოსვლა გააპროტესტონ, როცა მათ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერეს და იქ შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო? ეს ორმაგი სტანდარტი საქართველოს საზოგადოებას ღუპავს და ასეთი შერჩევითი მიდგომები არ შეიძლება. გიგა მაქარაშვილი, რომელიც ამ აქციას აპროტესტებს, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. რა უფლებით ბედავს ეს ადამიანი დეოკუპაციაზე საუბარს? „ენმ“ ცდილობს, ასეთი დესტრუქციული გამოხდომებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა მოშალოს. როგორც რუსი, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები არ ჩამოვიდნენ. ეს ადამიანები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საქართველოში არეულობაა, ქუჩაში ტურისტებს თავს ესხმიან. ამიტომ რუსეთის არ შემოსვლით და ვალუტის გაუფასურებით, სააკაშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. ასევე ეს არის რუსეთის ინტერესების გატარება, მათ მიზანიც ესაა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოიშალოს, არ იყოს სტაბილურობა, არავინ ჩამოვიდეს და ქვეყანა თავზე დაგვენგრეს“, - აცხადებს აბაშიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, დააჯარიმა სტუმრები და რესტორნის მეპატრონეც, რომელიც მათ ღამის საათებში მასპინძლობდა. თუმცა, საზოგადოებას დარჩა უკმაყოფილების გრძნობა, რადგან არ დაჯარიმდნენ ის ადამიანები, რომლებიც ვითომ პროტესტის გამო, ამ კანონს არღვევდნენ.
„სამწუხაროდ, ეს ადამიანები, ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, ვერც კი ათვითცნობიერებენ, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი და იარაღი არიან კონკრეტული პოლიტიკოსების ხელში. ფსევდოპატრიოტიზმით, შესაძლოა, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს უდიდესი პრობლემები შეექმნათ. ასეულობით ათასი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და ოჯახებს იქედან ინახავენ. ეს პრეცენდენტი 2006 წელს უკვე გვქონდა. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მშვიდობის ალტერნატივა ჯერ არ მოფიქრებულა. ასეთი დესტრუქციით და შავრაზმული ქცევით, სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავენ. ეს ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ჩვენს დებს და ძმებს აფხაზეთსა და ცხინვალში. კანონმა მთელი სიმკაცრით ყველა უნდა დასაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქე და რომელი პარტიის წევრია“, - ამბობს გია აბაშიძე.