ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი" - ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც, ექსპერტ ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. მისი თქმით, მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიებს, გარდა „ქართული ოცნებისა", ძალიან გაუჭირდებათ, დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებას არჩევნებში.
როგორც „რეპორტიორს" მაისაიამ განუცხადა, ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვს პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
„კოალიციაში შემავალმა ცალკე აღებულმა რომელიმე პარტიამ, რთულია, გადალახოს საარჩევნო ბარიერი. „ქართულ ოცნებაზე" არ მაქვს საუბარი, ის ბუნებრივია, ბარიერს გადალახავს. შანსები და პოტენციალი აქვს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". დანარჩენ პარტიებს რაც შეეხებათ, გააჩნია, როგორ სტრატეგიას აირჩევენ, როგორ განახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. „რესპუბლიკელებმა" შესაძლოა, მხოლოდ 4 %-ს მიაღწიონ, სხვებზე რა გითხრათ. „თავისუფალი დემოკრატები" და ასევე „რესპუბლიკელები" ან გადალახავენ, ან არა", - აცხადებს ექსპერტი.
მაისაიას თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გამარჯვების თვალსაზრისით, მომგებიანი იქნება, საარჩევნო პროცესებში კოალიციური ძალებით ჩაერთოს.
„შეიძლება პრობლემები შეექმნათ ისეთ შემდგარ პარტიებს, როგორიც არის „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ არჩევნებში კოალიციური ძალებით ჩართვა იქნება უფრო მომგებიანი. კოალიციებს უფრო მეტი შანსი აქვთ, გადალახონ ბარიერი, ვიდრე ცალკე აღებულ პარტიას ინდივიდუალურად, რადგან თითოული მათგანის ამომრჩეველთა ხმები საბოლოოდ კოალიციის ერთიან ყულაბაში ხვდება", - აღნიშნა მაისაიამ.