საქართველოში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, „რუსთავი 2-მა“ რუს შოუმენთან, ვლადიმერ პოზნერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტად ცნობილმა ვლადიმერ პოზნერმა, საქართველოში მისი ხანმოკლე და ხმაურიანი მოგზაურობის განხილვა არ ისურვა.
რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე – არის, თუ არა აფხაზეთი საქართველო?! რუსი ჟურნალისტი საკუთარი აზრის დაფიქსირებას გაექცა. თუმცა აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ გახდა მის მიერ 3 წლის წინ გამოთქმული შეხედულება აქტუალური ახლა.
ინტერვიუს უცვლელად, კითხვა პასუხის რეჟიმში გთავაზობთ:
– თუ მეკითხებით ჩემი საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 3 დღის წინ უკვე დავწერე კიდეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს და ინტერვიუებს არ ვაკეთებ.
- რატომ, ნაწყენი ხართ?
– ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ უკვე ავხსენი, თუ რატომ არ მსურდა ამის გაკეთება. თუ ჩემი განცხადება წაიკითხეთ თქვენ ეს უნდა გესმოდეთ, თუ არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საიტზე.
- ამ დრომდე განხილვის საკითხია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიმეორებ კითხვას – აფხაზეთი საქართველოა?!
– რაც შეეხება თქვენს შეკითხვას იმაზე აფხაზეთი, თუ საქართველოა, პირველ რიგში ეს განცხადება სამი წლის წინ გავაკეთე, არ მესმის, ამას რატომ მიუბრუნდნენ. ვფიქრობ, ამის მიზეზი საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკურ ბრძოლაა.
- თქვენ ამბობ, რომ ეს იყო სამი წლის წინ, ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრი ახლა, ყველას აინტერესებს – აფხაზეთი საქართველოა?
– მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს ამ საკითხზე ჩემი პოზიცია, თუმცა მე არ მაინტერესებს ამაზე საუბარი. პატივს ვცემ თქვენს დაჟინებას, თუმცა უნდა დაგემშვიდობოთ.
- აფხაზეთი საქართველოა?!
– რა გინდათ ყურმილი გაგითიშოთ? მე გითხარით არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას.
- როგორ გაიგებს თქვენს დამოკიდებულებას ქართველი ხალხი?
– გასაგებად არ ვსაუბრობ?! არ ვაპირებ საკითხის განხილვას!