„დაკანონებული უკანონობა" - ასე ჰქვია ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმულ რობერტ სტურუას სპექტაკლს, რომლითაც რუსთაველის თეატრმა სეზონი დახურა. სამწუხაროდ, საპრემიერო ჩვენებას ვერ დავესწარი, მაგრამ, როგორც მითხრეს, სპექტაკლის ბოლოს დიდმა მაესტრომ მართლაც „დახურა" - სცენაზე გამოსულმა, აპლოდისმენტების ფონზე წარმოთქვა: „ძვირფასო მეგობრებო, მიიწურა ჩვენი 137-ე სეზონი, „ბარსა" ჩემპიონია!"
„კვირის პალიტრა" რობერტ სტურუას ესაუბრა:
- „დრო თითქოს მაინც ერთ ადგილას დგას", - ეს თქვენი სიტყვებია, ბატონო რობერტ. ასეთი რა გვჭირს ადამიანებს, რომ საუკუნეები გადის, სამყაროში უამრავი რამ იცვლება, თანაც უმეტესად, ყველაფერს ჩვენვე ვცვლით, მაგრამ საკუთარ თავსა და ქვეყანას სასიკეთოს ვერაფერს ვუხერხებთ?
- ეტყობა, ცხოვრების კანონია. თუ შეიცვლება ადამიანი, მაშინ ხომ მთელი ლიტერატურა, ხელოვნება წაიშლება. ჩვენ ანტიკურ პიესას ისე ვკითხულობთ, თითქოს პერსონაჟები თვითონ ვართ, ვაიგივებთ ჩვენს თავს თუნდაც ელექტრასთან ან ოიდიპოსთან. თუ შევიცვლებით, მაშინ ეს პიესები, და კიდევ ბევრი რამ, უნდა გადაიყაროს... ადამიანი ისეა მოწყობილი, თავის ძირითად არსს ვერ ღალატობს. ვერ ღალატობს ბევრი მიზეზის გამო. მე-19 საუკუნეში ილია, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი გრძნობდნენ, რომ ყველაზე საშინელი ერისთვის უმეცრება და უცოდინარობაა. ასევეა ალბათ მსოფლიოში და ამაში, მე მგონი, ღმერთის ხელიც ურევია, იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი, ბავშვობიდან სიკვდილამდე, გადის გოლგოთის გზას. უნდა გავიაროთ ეს გზა. ზოგი გაივლის იუდას გზას, ზოგი - პილატესას და ნახსენები ისტორიული პერსონაჟები თითქოს ჩვენი ნიღბები არიან. შეიძლება მეტისმეტად პირდაპირ ვლაპარაკობ, მაგრამ რა უნდა ვუყოთ ამბიციებს, შურს! რა უნდა ვუყოთ, რომ არ ვართ ისეთი ლამაზები, ისეთი ძლიერები, ამიტომ ხშირად ვჩაგრავთ სხვას! ჩვენი სულის გაბოროტებაც, იმიტომ, რომ რაღაცას ვერ მივაღწიეთ, სხვას უნდა დავაბრალოთ და ამის გამო შური ვიძიოთ! ეს არ მოისპობა...
- ანუ როგორც მარადიული ფასეულობები არსებობს, ასევე არსებობს მარადიული მანკიერებებიც - ასეთია ცხოვრება ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში... თუმცა ჩვენთან ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქართველებს გვჭირს ეს?
- ჩვენთან სხვა ჭირია. ნორმალური გზა აქ არ არსებობს: ან საშინელი გადახვევაა ძალადობისკენ, ან ძალიან დიდი იდეალიზმი მეფობს - შენ მაინც გგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გონს მოვლენ, ოღონდ სხვის ხარჯზე. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ზოგჯერ ისიც მეჩვენება, რომ სხვა რამეც გვჭირს... ერის კარგი თვისებაა, როცა ამის გამო რაღაც ხდება შენს სამყაროში და დანაშაულს შენს თავში ეძებ... ახლა „ვეფხისტყაოსანზე" ვმუშაობ და მეჩვენება, რომ რუსთაველმა ეს პირდაპირ ვერ დაწერა, მაგრამ... ქაჯები ჩვენ ვართ. ეს ფრაზა აქვს, სხვათა შორის, ძალიან კარგად ნათქვამი, თუმცა ზუსტად მაინც ვერ იტყვი, რომ ქაჯებს გვადარებს, მაგრამ... გმირებშიც კი არის რაღაც ისეთი, რასაც თვითონ გმირები ებრძვიან. უბრალოდ, იქ გმირებს ძალიან ეხმარება ერთმანეთის სიყვარული, რომ არიან მეგობრები და ვერ უღალატებენ ერთმანეთს. და ამიტომ ქაჯებთან ბრძოლაში არც არის აუცილებელი, ის ციხე აიღონ. შენს თავში უნდა დაჯაბნო ბოროტი ძალა და თუ არ გიყვარს, თუ არ მეგობრობ და თუ არ იცი, რომ სიკეთე არის ისეთი მოვლენა, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალა, ამას ვერ შეძლებ... უცბად გამახსენდა - რასულ გამზათოვს „ჩემი დაღესტნის" ეპიგრაფად ჰქონდა შამილის სიტყვები, - პატარა ერებს დიდი ხანჯლები უნდა ჰქონდეთო. ცენზურამ ამოუღო. ეს ამ შესანიშნავმა კაცმა თვითონ მითხრა. თუ ბოროტებასთან დაიწყე ძალიან დიდი ბრძოლა, თვითონაც ამ ბოროტებას უერთდები. ეს ჰამლეტისებური პრობლემაა, ჰამლეტსაც იმიტომ უჭირს: თუ მოკლა, უკვე მკვლელი ხდება. ამიტომ ბრძოლა სიკეთის გამო ორმაგი უბედურებაა. რა უნდა ქნა? ვინც სიკეთისთვის იბრძვის, როგორც ჰამლეტი, ვეღარ იცოცხლებს.
- „დაკანონებული უკანონობა" ჩვენი უახლოესი წარსულიცაა. ადამიანები, რომლებმაც საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით, ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს, დღესაც „ცხვირ-პირის დანაყვასა" და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობენ. ჟურნალისტებს არ წყალობთ, მაგრამ „მწარე" და ორაზროვანი ფეისბუკსტატუსებით აშკარად გამოხატავთ განწყობას. თქვენი ერთ-ერთი სტატუსი: „არ იოცნებოთ დაბრუნებაზე, ჩაირეცხა თქვენი დრო!" „ნაციონალებს" მიუძღვენით?
- დიახ... ზოგჯერ საშინელი აზრები მებადება... დამთავრდა მმართველობა ამ საშინელი ადამიანებისა, რომლებიც აღარაფერს ერიდებოდნენ და ჩადიოდნენ, რაც უნდოდათ, ბოროტება იყო მათი კერპი. დადგა მომენტი, რომ ისინი უნდა დაგვესაჯა, მაგრამ ჩაერივნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, საერთაშორისო მართლმსაჯულება, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ხალხი არ უნდა დაგვესაჯა. მივაწეროთ ეს მხოლოდ იმას, რომ მოქრთამულები იყვნენ (დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა) და ახლა ის ნაცისტები აშანტაჟებენ მათ, თუ არ დაგვიცავთ, ვიტყვით, რომ ფულს იღებდითო.
ან კიდევ რაღაცები იქნება... თანაც მე-20 საუკუნეში თუ გყავს ბოროტების ისეთი ტიტანები, როგორიც სტალინი და ბერია არიან, გეჩვენება, ნუთუ სხვისი მოსპობის სიყვარული შენი, ეროვნული ხასიათია? გასაგებია, გერმანიასა და ავსტრიაში ჰიტლერი იშვა... თუმცა არ მესმის, ასეთ განათლებულ, კულტურულ ერში უეცრად ბოროტებამ ასე რომ იჩინა თავი, მაგრამ ამ პატარა, ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტს რა ვუყოთ... ახლახან ვიყავი ზუგდიდში, ჭიათურაში, ფოთში... საოცარი ქვეყანა გვაქვს. ასე მგონია, საქართველო სულ ასეთი იყო - ამ პატარა ქვეყანაში ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა მართლაც ძალიან მძაფრი იქნებოდა. გავიხსენოთ რუსთაველი: არც ერთ მატიანეში არ არის ნახსენები, არ ვიცით, ვინ იყო, სად არის დასაფლავებული, რატომ გააძევეს აქედან... დაბნეული ხარ... ზოგჯერ მეჩვენება, რომ ისტორია გვეთამაშება, როგორც მარიონეტებს. 1990-იან წლებში ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით, თვითონ მოვლენებს მივყავდით სადღაც, გვეჩვენებოდა - უფსკრულისაკენ. ერთადერთი საშველი რამ გვრჩება, ისიც...
ეწყინება ღვთისმშობელს, რომელმაც ასეთი დიდი ღვაწლი იკისრა და ჩვენ დაგვასახელა თავის წილხვედრად. და ფიქრობს ალბათ ახლა: რა არის, არ რცხვენია ამ ხალხსო? მაგრამ მე მგონი, ჩვენ ეროვნული იდეა დაგვეკარგა... სად მივდივართ, რატომ, სად უნდა იყოს ჩვენი ნიშა, რისთვის გავჩნდით ამ სამყაროში, რა უნდა ვუთხრათ სამყაროს ახალი? რაღაც როლი თუ არ გაქვს, ე.ი. აღარ არსებობ!
- ნათქვამი გაქვთ, საკუთარ ფესვებს უნდა ეყრდნობოდეო...
- მაშინ გჭირდება ძალიან დიდი განათლება და უჭკვიანესი მმართველი. ასეთი ხალხი შეიძლება გაზარდო. მეფეები ცდილობდნენ, რომ თავიანთი მემკვიდრეები უფრო განათლებულები და სამართლიანები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეტყობა, იმ სკამს, სადაც ისინი სხდებიან, რაღაც ვირუსი აქვს, რომელიც წამლავს ადამიანს. ჩემი რამდენი მეგობარი მინისტრის მოადგილედ დაჯდა, ერთ წელიწადში ვეღარ ვცნობდი, სხვა ადამიანი ხდებოდა. მაგალითად, „რიჩარდ მესამეში" მქონდა ასეთი ეპიზოდი, მაგრამ მერე მოვშალე: ყველაზე მკვეთრ ბრძოლაში (იქ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის) შემოდიოდა სამი ტიპი. ერთს ეჭირა ტომარა, მეორეს - თოხი, მესამესაც კიდევ რაღაც ნივთი... გლეხები იყვნენ. ფეხზე ეკიდათ, ვინ გაიმარჯვებდა: რიჩარდი, ჰასტინგსი თუ ბეკინგემი. ისინი თავისთვის მუშაობდნენ და ცხოვრება გრძელდებოდა.
კომუნისტებმა ჩაიდინეს ყველაზე დიდი საშინელება, როცა შეეცადნენ, მოესპოთ ეს კლასი, რომელიც არის ცხოვრების მარილი - ვინც თესავს, ხნავს, თოხნის, ვინც დაკავშირებულია ბუნებასთან და ცხოვრების მუდმივ ციკლთან... ეს ისეთი საკითხებია, რაზეც არ შემიძლია პასუხის გაცემა. მეც ისევე დაბნეული ვარ, როგორც თქვენ, როგორც ყველა ქართველი; ხან დათრგუნვილი ვარ, ხან პირიქით - გამიხარდება რაღაც, იმედი მომეცემა, რადგან გულის სიღრმეში, როგორც ყველას, მგონია, რომ არასოდეს მოვა „ის" ფინალი, რასაც მე მივუახლოვდი.
ახლაც კი, უფრო ღამე, ვფიქრობ, იქნებ უკვდავი ვარ-მეთქი. ეს შეგრძნება თუ არ გაქვს, ძალიან ძნელია, იცხოვრო. ასევე მებადება იდეა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ანუ ხანდახან მაინც აქარწყლებთ ხოლმე თქვენივე ნათქვამს, - სააკაშვილმა შექმნა ისეთი სულიერი კორუფცია, რომ ადამიანებმა ყველანაირი მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები დაკარგესო... კვლავ არჩევნები მოდის და ფიქრობთ, რომ უკან არ წავალთ?
- უკან ვერ წავალთ... და თუ წავედით, ეს უკვე დასასრული იქნება.
- ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში, ხედავთ პოტენციალს, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს?
- ხშირად ვადარებ ჩემს ხელობას მებაღის როლს. ე.ი. მე ვთესავ რაღაცას, ვუვლი, არ ამოდის. მერე დავკარგე იმედი, რადგან თესლი, რომელიც ჩავაგდე, არ იყო მთლად ჯანმრთელი... მერე უცბად იქიდან ამოვა რაღაც მწვანე და უკვე მიხარია. მერე ვუვლი, რომ ნაყოფმა იხაროს. ეს პროცესიც ასეთი მიმალულია. ჩვენ რომ გვგონია, რომ არ არის ასეთი ხალხი, ისინი არ ჩანან. ისინი პოლიტიკაში არ შემოვლენ. მათ პოლიტიკაში გამოჩენის რცხვენიათ, პატიოსნები არიან და იციან, რომ ეს, სამწუხაროდ, უზნეო სფეროა და შენგან შესაბამის საქციელს მოითხოვს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინც იქ შედის, კეთილია. ამიტომ აქაც სასწაულს ველოდებით. სხვა გზა არ გვაქვს.
ყური მოვკარი, ილია მეორე ამბობდა, ცუდად რომ ხარ, შეიძლება სწორედ მაშინ მოვიდეს გადარჩენაო. 22 დეკემბერს იქნება ყველაზე დიდი ღამე, როგორც ახლა, 22 ივნისს იყო ყველაზე დიდი დღე. დიდ ღამეს ჰგონია, რომ გაიმარჯვა, აჯობა დღეს და ზეიმობს, 23-ში კი გრძნობს, რომ 1 წამი დააკლდა და მერე ნელ-ნელა ილევა. ეს, ეტყობა, ცხოვრების კანონია და ჩემი პატარა მეტაფორა აღნიშნავს იმას, რომ ღამემ, რომელიც საქართველოს დაგვტრიალებს, კარგა ხანია, მიაღწია კულმინაციას და ახლა დაიწყება მისი დაპატარავება, შემცირება. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს.
ირმა ხარშილაძე