ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, აბსანძეების უბანში, მეორე დღეა მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს.
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დილიდან ადგილზე ზუგდიდის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის 3 ბრიგადაა მობილიზებული და ეპიდემიოლოგები სოფელში თერმოსკრინინგს ატარებენ.
სწრაფი ტესტირება 200-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. შედეგად, დღის განმავლობაში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პარალელურად, აბსანძეების უბნის შესასვლელთან პოლიციის სპეციალური პუნქტია მოწყობილი. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
31 მარტიდან დღემდე, სოფელ ორსანტიაში კოვიდ-დადებითი 21 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ, ფოთში მდებარე „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება.
ხვალიდან, ორსანტიაში სწრაფი ტესტირება საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღშია დაგეგმილი.