logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ვერც მერაბ კოსტავას სახელს შებღალავს მისი სახლის ეზოში აყრილი ასფალტი!
- +

4 მარტი. 2016. 16:12


 

 

ძალიან ბევრი რამ გვაწუხებს ქართველებს. გვაწუხებს და გვაშფოთებს წლების მანძილზე ერთ ადგილზე „დაბუქსავებული" ეროვნული ეკონომიკა. ვდარდობთ, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გადამთიელის ხელში აღმოჩნდეს ქართული ზვარი და ბაღ-ბოსტანი. ვერ აგვიხსნია, როგორ შეიძლება, სახელმწიფოს მოსახლეობის ათი პროცენტი ჩინოვნიკის ხელფასს იღებდეს. ჭკუიდან ვიშლებით, როცა ყველა გზა-კვალარეული „პარტნიორი" ჭკუას გვარიგებს და მაშინ გვახსენდება, რომ თურმე, საქართველოც სახელმწიფოა. წესად გვექცა, რომ მე დამჩაგრეს და შეურაცხმყვეს, პასუხი კი სხვამ უნდა მოსთხოვოს. საქართველოში ყველა ყველაფერს და ყველას უფლებას იცავს - ქართველებისა და ქართულის გარდა. დღევანდელი პროფესორი ნახევარი საუკუნის წინანდელ საშუალო განათლებას ვერ ქაჩავს. ათი წლის მანძილზე, ქვეყნის დამაქცევარ, ცინიზმად ქცეულ კაცის მკვლელს და მოძალადეს სიტყვას შებედავ თუ არა, პოლიტიკური დევნილის სტატუსი დასავლეთიდან „დავესკასავით" მოჰყვება. ქართულად დაწერილი აბრა, ფირნიში და რეკლამა მალე ისტორიის კუთვნილება გახდება...


ერთი სიტყვით, ვფიქრობთ და ვწუხვართ ყველაფერზე, გარდა ერთი მთავარისა - რამ, რატომ და როდის გაგვიჩინა ამდენი საფიქრალი და სატკივარი?!


ამ რამდენიმე წლის წინათ, ვინც საგურამოს მეტ-ნაკლებად ხშირად სტუმრობდა, კარგად ეხსომება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მორღვეული ეზო-ჭიშკარი. ვერავის დაავალდებულებ ადამიანი - გინდა თუ არა, შენი წარსულის დამფასებელი რატომ არ ხარო, მაგრამ ეს სურათი ასმაგად გულსაკლავი იყო, იმ ხუთ, ექვსმეტრიანი გალავნების ფონზე, იქვე, „ახალი ქართველების" სასახლეებს და ეზოებს რომ ჰქონდათ შემორტყმული. მადლობა ღმერთს, ერთმა ქართველმა ითავა ბოლოს და ეს სირცხვილი თვალს აღარ ჭრის.


მარტო ფული არა, სინდისიც სხვაზე მეტი ჰქონდა და იმ სხვისთვის თუ სხვებისთვის ცდა არ დაუწყია.


სინდისი - სინდისად, მაგრამ ახლა ისიც რომ ვთქვა: რომ არ ჰქონოდა ამ ადამიანს საჭირო სახსარი და საშუალება, ილიას ეზოს ჭიშკარი ახლაც მორღვეული იქნებოდა თუ მთელი ერი დავდგებოდით ფეხზე და თვითონ გამოვიღებდით ხელს მის შესაკეთებლადო - რიტორიკის მსხვერპლი ვიქნები?! თუ გურამიშვილების მამულის მეზობლად ახლა დასახლებულ, სხვა რომელიმე „თავადიშვილს" დაასხამდა სირცხვილის ოფლი?!


ესეც რიტორიკაა, მაგრამ დიდ ილიას საკუთარი მამულის მორღვეული ღობე აწი ვერაფერს ავნებს.


არც ექვთიმე თაყაიშვილს ქონებას დააკლდება რაიმე, სულ რომ უთავბოლოდ გავფლანგოთ მის მიერ შიმშილის ფასად ნაგროვები და გადარჩენილი ეროვნული საგანძური.


ვერც გაუტეხელი და დაუმორჩილებელი მერაბ კოსტავას სახელს შებღალავს ზანდუკელის ქუჩის პირველში, მისი სახლის ეზოში აყრილი ასფალტი და უწესრიგობა.


არ გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს „იმ კაცმა" მერაბ კოსტავას ეზოსაც „გადაავლოს თვალი" და საკუთარი საქციელით კიდევ ერთხელ შეგვაგდოს სინდისზე, მაგრამ ამით მხოლოდ ის შეიცვლება, რომ მხოლოდ გარეგნულად მოწესრიგდება - მანამდე მოუწესრიგებელი.


მათ ეს აღარ სჭირდებათ! სიცოცხლეში არაფერი მოუთხოვიათ ჩვენგან და აწი რას მოგვთხოვენ?! პირიქით, ყველაფერი და მათ შორის ყველაზე ძვირფასი - სწორედ სიცოცხლეც იქით გაიღეს იმისთვის, რომ თავში ჩამოთვლილი ამდენი უბედურების სათავე, გულმავიწყობა და სიმბოლოების საკუთარი ფეხით გათელვა დღეს საქართველოში სენად არ გადაქცეულიყო! ამ სენს გუშინდელისადმი უმადურობა ჰქვია. ამიტომაც არის, რომ არც მტერი და არც მოყვარე საკუთარ, ღობემორღვეულ და ჭიშკარჩამოღლეტილ ეზოში არაფრად გვაგდებს!


არა, ილიაც გვახსოვს, ექვთიმე თაყაიშვილიც, მერაბ კოსტავაც და ისიც, რომ „მამულს გვართმევენ"! გვახსოვს! ოღონდ, ხელში - „განსხვავებულით"!






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner