logo_geo
eng_logo
ვაჟა აზარაშვილს 80 წელი შეუსრულდა
- +

13 ივლისი. 2016. 14:00


დღეს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს 80 წელი შეუსრულდა.


კომპოზიტორის იუბილესთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.


8 მაისს თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოს მასპინძლობდა, რომელიც კომპოზიტორის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.


კომპოზიტორის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 6 ივნისს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მერი დავითაშვილის სახელობის საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ფარგლებში კონცერტი „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" ჩატარდა.


ვაჟა აზარაშვილის იუბილე აღნიშნეს თელავშიც. 11 ივლისს თელავის სამუსიკო სასწავლებელში შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელზეც როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული სტუმრები წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.



კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (კომპოზიციის კლასი). 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ II და III სამუსიკო სასწავლებლებში, 1971 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997-2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა თბილისს: „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე", „სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: „მუსიკა", „დღეები მიდიან", „პატარა გოგო", „მზე ჩემი მეგობარია", „ისევ წვიმს", „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", „დინამო, დინამო".


ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა: 1974 წელს მიიღო საქართველოს კომკავშირის პრემია, 1982 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია, სახელმწიფო პრემია. არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1999 წელს.


„რეპორტიორი" ულოცავს ბატონ ვაჟა აზარაშვილს იუბილეს და შემოქმედებით წარმატებებსა და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner