logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს!
- +

13 ივლისი. 2016. 14:22


მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ „ქართული ოცნების" თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში „ქართული ოცნების" ახალი წევრების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მოგესალმებით იმ ადგილიდან, რომელიც ყველა ქართველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც თითოეულ ქართველს გვაკისრია სამშობლოს წინაშე - რადგან ილია ჭავჭავაძემ მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ყოველი თავისი სიტყვითა და ნააზრევით სამოქმედო გეგმა და შეგონება დაგვიტოვა ერს.

 

დღევანდელი ჩვენი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგულნი ვიქნებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ისევ ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი. დღეს ჩვენს თაობას პატივი ერგო, იყოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი, ისტორიული პოლიტიკური პროცესების მონაწილე. დღეს ყველანი ერთად გავდივართ იმ გზას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოაქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად.

 

საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ, „ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი რამდენადაც შესაძლოა ბედნიერი იყოს". ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს. ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც გახლავთ ადამიანი და მისი ღირსება. „ქართულმა ოცნებამ" შეძლო და 4 წელიწადში სირთულეების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით, რომლებიც სულ მალე თითოეული ადამიანისთვის ხელშესახები გახდება. ხელისუფლების ვალდებულებაა, ემსახუროს ხალხს და ჩვენ ვცდილობთ, ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს. როგორც ილია ამბობს, ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.

 

დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახალი ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომელსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არამარტო „ქართულ ოცნებაში", არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზრივნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს კარგი რეპუტაცია უმაგრებთ, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა ქვეყნის სამსახურს მოახმაროს. მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" განახლებული გუნდით, არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ „ქართული ოცნების" თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner