„გულწრფელად გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან თუ ახლა არ არის ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ ოპოზიციის მხრიდან, მაშინ რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„შეიძლება ოპოზიციამ ისევ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების სამართლიანობა და შედეგები. ხელისუფლება იტყვის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი ... ანუ ზუსტად იგივე სიტუაციას მივიღებთ.
პირველად რაც უნდა მოხდეს, ესაა შეთანხმების მიღწევა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, იმისათვის, რომ მოვლენები არ განმეორდეს და ანალოგიური მდგომარეობა არ მივიღოთ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უნდა გაიმართოს თუ არა რეფერენდუმი არჩევნებზე.
ჩემი აზრით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან კარგი ტესტი იქნება, თუ როგორ იმუშავებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს და მერე ვისაუბროთ სურთ საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმის გამოყენებით გადაწყდეს ახალი არჩევნების ჩატარება, თუ მათ ურჩევნიათ ქვეყანა კალენდარს მიჰყვეს და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართოს. ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.