ხშირად ვამბობ - ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი. ეს იქნება მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა - ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე იყო.
ამ თანამედროვე პოპ - და რაღაცმუსიკების მოსმენის შემდეგ რა უკეთესი უნდა გახდე, არ ვიცი... ნაყოფსაც კი ემჩნევა დედის მუცელში, როდესაც უსმენს ბახს, მოცარტს - თურმე მშვიდი სუნთქვა აქვს, გულისცემა... და რომ მოასმენინებენ დედის მუცელში ამ რაღაც არეულ-დარეულ მუსიკას - (”ცუნამის” ვეძახი მაგას, შეურაცხყოფით კი არა, შესაფერისი სიტყვაა) - იმან რა უკეთესი უნდა გახადოს ადამიანი?..
არამცთუ ადამიანი, დასაბადებელ ბავშვსაც კი ერევა გულისცემა და სუნთქვა. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვასმენინებენ ასეთ მუსიკას. კიდევ კარგი, ახლა საპატრიარქოს ტელემაუწყებლობასა და რადიოში სულ ისმის კლასიკური მუსიკა, რომელიც ამშვიდებს და ამაღლებს ადამიანს... ჩვენი ხალხური სიმღერები - თავი და თავი ჩვენთვის...