ავტორი თეა ფირცხალავა
„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, –
მას საქართველო ჰქვია!“
დღეს ამ სიტყვების ავტორის და ჩვენი საყვარელი მგოსნის, ჩვენი იოსებ ნონეშვილის დაბადების დღეა.
მე ჩემი მცირედი მოგონება მაქვს სამშობლოს, ვაზისა და ქალის სიყვარულზე მომღერალ ამ დიდებულ კაცზე და ეს მოგონება ჩემს ბავშვობას და „მჟავანაძის ბაღს“ უკავშირდება, სადაც მე და სანდრო, მგოსნის ვაჟი, ერთსა და იმავე დროს დავდიოდით.
მახსოვს, ერთხელ ჩვენმა საყვარელმა მასწავლებელმა, თამარ ბუაძემ სიხარულით გვაუწყა, დღეს, „რთვლის“ შემდეგ, მგოსანი იოსებ ნონეშვილი გვესტუმრებაო და უნდა გენახათ, როგორი ჟრიამული ატყდა ბავშვებში, რადგან ყველამ ზეპირად ვიცოდით დედასა თუ მასწავლებელზე დაწერილი მისი ლექსები და მოუთმენლად ველოდით ავტორთან შეხვედრას. რთველი ტყუილად როდი ვახსენე. საქმე იმაშია, რომ სწორედ იმ დღეს ყურძნის მოსავალი უნდა აეღოთ ბაღის ეზოში. მახსოვს, ყველანი ვმონაწილეობდით რთველში, მერე მასწავლებლებმა თათარა მოადუღეს, ბავშვები კი სათითაოდ მივდიოდით და ვავლებდით ჩურჩხელას. სართვლო ფაციფუცი დასრულებული არ გვქონდა, რომ... ეზოში მგოსანი შემოვიდა, თავის ულამაზეს მეუღლესთან, ქალბატონ მედეასთან ერთად. იგი ყველას სათითაოდ მოგვესიყვარულა, ჩვენ კი მგოსანს მისი საყვარელი კახეთის სიუჟეტი დავახვედრეთ და მისივე ლექსებით „გავუმასპინძლდით“.
აი, იმ დროიდან დამამახსოვრდა ბატონი იოსები... გავიდა ხანი და... 53-ე სკოლიდან ან მე-9 მუსიკალურიდან მომავალი ხშირად ვხვდებოდი ხოლმე მგოსანს, რომელიც, დამინახავდა თუ არა, მთელი სახით მიღიმოდა და ერთმანეთს გულწრფელად ვესალმებოდით... იმ დროს, მე, სულელ გოგონას მეგონა, რომ მგოსანი იმიტომ მიღიმოდა, რომ საბავშვო ბაღიდან დამიმახსოვრა და მიცნო... ახლაც კი მეცინება ჩემს თავზე... მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ ჩავხვდი, რომ მგოსანი მე კი არა, მთელი საქართველოს თითოეულ მცხოვრებსაც ანალოგიურად უღიმოდა და ესალმებოდა, ნებისმიერს ეგონებოდა, რომ ბატონ იოსებს მასზე ახლობელი არავინ ჰყავდა.
გავიდა ხანი და მგოსნის ულამაზესი მეუღლე, მედეა ფაღავა უფრო ახლოს გავიცანი, ჩემი მეგობრის, გელა ჩარკვიანის ოჯახში. მედეა საოცარი ქალბატონი იყო, ყოველმხრივ მომხიბვლელი და დახვეწილი. მათ ოჯახს, რომელიც თავისი სტუმართმოყვარეობით იყო განთქმული, ხშირად სტუმრობდა „მეფე“ გალაკტიონ დიდი, რომელსაც საოცარი სიტყვებით „უმღერა“ დღევანდელმა იუბილარმა:
„როგორც კვარცხლბეკზე,
საქართველოს მთებზე შემდგარი,
თითქოს მომავალს გაჰყურებდი გულდაჯერებით.
იყავ ამბოხი, ბობოქარი, დაუდეგარი
და დაედევნე ტატოს მერანს ლურჯა ცხენებით...“
იოსებ ნონეშვილი ნაღდი კაცი იყო, სახენათელი, სახეკეთილი, კაცთმოყვარე და, როგორც უკვე აღვნიშნე, უზომოდ სალმიანი. იგი არასოდეს და არავის აყვედრიდა მისალმებასა და კეთილ ღიმილს, რაც დღეს, სამწუხაროდ, სასურველ იშვიათობად იქცა. ვინც ბატონ იოსებს იცნობდა, დამეთანხმება, რომ მას მუდამ ბავშვური სიმორცხვით უღიმოდა სახე და თვალებიდან სითბოს და სიყვარულს აფრქვევდა. აი, ასეთად დამამახსოვრდა დიდი მგოსანი, რომლის „დახასიათებასაც“ ასე დავასრულებდი:
იოსებ ნონეშვილის „საფირმო ნიშანი“ იყო სალამი, ღიმილი და ადამიანების უანგარო და კახეთის განსაკუთრებული სიყვარული, რომელსაც რამდენიმე „ჰიმნი“ უძღვნა, მათ შორის „რთველი არის თუ შენი ქორწილი?!“, ანუ ბალადა ვაზზე, რომლის მუსიკაც უდიდესმა რეზო ლაღიძემ შექმნა: „ნაზო ქალწულო, დალალდაწნულო“-ო, ასე უმღერა და ამღერა სრულიად საქართველო ვაზის „ქორწილში“... მერე კი... მერე იყო კახეთისადმი გამოხატული სიყვარულის კულმინაცია - „კახეთო, ჩემო კახეთო“, რომლის მუსიკაც ნუნუ დუღაშვილს ეკუთვნის... აუ... განა შეიძლება, ერთხელ მაინც მოისმინო ეს შედევრი და არ „გაგიჟდე“, არ აფორიაქდე და სიამაყით არ აივსო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სიმღერას ჩვენი უნიჭიერესი ეკა ჭაჭიაშვილი ასრულებს?!
„მიყვარხარ ტკბილო კახეთო -
დიდო ალაზნის ჭალაო,
ქვეყანა შემოვიარე - ვერ ვნახე შენისთანაო,
ალაზნის ტალღამ გაკურთხა,
იორმა პირი გბანაო,
ვერ მოგერია დუშმანი -
თუმც ბევრჯერ მოგეძალაო,
ერთიან საქართველოის შეურყეველო ძალაო“.
იოსებ ნონეშვილის ლექსებზე სხვა სიმღერებიც დაიწერა. შეუძლებელია, მისი სატრფიალო ლირიკიდან არ გამოვყო ლექსი „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა“, რომლის ადრესატად მრავალი ქართველი მანდილოსანი სახელდება, მათ შორის ნატო ვაჩნაძე, ლატავრა ფოჩიანი, რუსუდან მაისურაძე... ჩემი მოკრძალებული აზრით კი, მგოსანმა ეს ლექსი საქართველოს ყველა ლამაზ ქალბატონს უძღვნა:
„შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა…
დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი...“
იოსებ გრიშაშვილისა არ იყოს, იოსებ ნონეშვილიც განსაკუთრებული სიტყვაკაზმულობით და დაუზოგავი ვნებით უმღერდა ქალის სილამაზესა და სიყვარულს:
„და ლამაზი ქალებიც, ვნებით ფერმიმქრალები, თითქოს ვარკვლავებია...“-ო ამბობდა მგოსანი, რომლის ლექსები მრავალ ენაზე გამოიცა. მას თარგმნიდნენ უდიდესი პოეტები, მათ შორის არსენი ტარკოვსკი, ბელა ახმადულინა და ანდრეი ვოზნესენსკი.
იოსებ ნონეშვილზე ათასი ისტორია და კეთილი მოგონება დადიოდა, რომელთაგან ბევრი მის საყვარელ კარდენახს უკავშირდებოდა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა:
„ჩემი სოფელი კარდენახი -
აქ გული სხვაგვარად ღელავს...
კარგად მოიარე, კარგად ნახე -
დაგხვდება, მოგეცეს ლხენა.
ჭერამი, ბროწეული, ხომარდული,
გულაბით სავსეა ხონჩა.
წინ, როგორც ლურჯი სუფრა მოხატული,
ალაზნის მინდორი მოსჩანს“.
და... სწორედ კარდენახიდან დაიწყო ყველაფერი, სადაც 1918 წლის 6 აპრილს დაიბადა მომავალი დიდი მგოსანი, ჟურნალ „დილას“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი და ორი საამაყო პრემიის - შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი იოსებ ნონეშვილი. მისი პირველი ლექსი ირაკლი აბაშიძემ დაბეჭდა, 1938 წელს, როდესაც პოეტი-აკადემიკოსი ჟურნალ „ჩვენი თაობის“ მთავარი რედაქტორი იყო.
62 წლის იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა 1980 წელს. მას გული „გაუსკდა“... ასე მგონია, რომ გული სიყვარულით გაუსკდა, ადამიანების უზომო სიყვარულით... მგოსანი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.
1985 წელს სოფელ კარდენახში გაიხსნა იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მგოსნის საარქივო მასალები, ხელნაწერები, ფოტოები, ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და ა.შ.
მუზეუმი ალაზნის ველსა და კახეთის კავკასიონს გადაჰყურებს, რომელსაც ასე იგონებდა პოეტი:
„გახედე ენისელს, გრემსა თუ გავაზს,
მთების კიბეებზე ადი...
წინ - კავკასიონზე - მოსჩანს მარად
ილიას ჯვარცმული ლანდი“.
და... ჩემს მოგონებას კვლავ იოსებ ნონეშვილის მრავლისმთქმელი სიტყვებით დავასრულებ:
„ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის,
თურმე ესეც გმირობაა დიდი“.