საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გაიმართა. იგი მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.
თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას და, სამინისტროს არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფეხბურთი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია, რაც მასში ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების, უფრო მარტივად და უფრო დიდი მასშტაბით ჩართვისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხს, ასევე, 2023 წელს გასამართ 21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომელიც 4 ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოში ორი ჯგუფის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ. მატჩები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც უეფა-ს უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.
შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.
https://1tv.ge/news/tea-wulukianma-sportul-federaciebtan-samushao-shekhvedrebi-daiwyo-1tsvport/