logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: აქციაზე 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო - ოპოზიცია სავალალო დღეშია
- +

6 აპრილი. 2021. 21:27

 

უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის შეფასებით, ციფრები, რაც „ქართულ ოცნებას“ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის შედეგებში აქვს, საკმაოდ მაღალია, „ოპოზიცია კი სავალალო დღეშია“.

 

„ფაქტები მეტყველებს შემდეგზე: ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება კვლევები, დაიდება რაღაც ციფრები. 2-3 კვირის შემდეგ კი, როდესაც არჩევნები ჩატარდება, ციფრები არის 15-20-25%-ით განსხვავებული.

ამიტომ რამდენად სანდოა ეს კვლევები, ძნელია თქმა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენციებს გამოხატავს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაღალია იმ ადამიანების ციფრი, ვინც ჯერ პასუხს არ ამბობს, ყოველთვის ასეა, როცა არჩევნები შორსაა. რაც უფრო ახლოს მოდის არჩევნები, მცირდება ეს რიცხვი და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც გარკვეულ პარტიას აძლევენ ხმას. აქედან თუ ამოვალთ, ციფრები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, საკმაოდ მაღალია და ოპოზიცია სავალალო დღეშია“,- განაცხადა სუბარმა.

 

ამასთან,  სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

 

„ერთი თვე დარჩა 15 მაისამდე და იქ დავინახავთ საზოგადოების განწყობას. 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო. შემდეგ კი რამდენიმე საათში დაგვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით თავებს, რა მნიშვნელობა აქვს, 500 ვიყავით თუ 50 000, მთავარია აქცია ხომ შედგაო. ძალიან კარგად ვიცით, ხალხი რომ მართლა უკმაყოფილო იყოს, ხელისუფლების საქმიანობით, 5 ათასი კი არა, 50 ათასი ადამიანიც გამოვა და 500 ათასიც. ბევრჯერ გვინახავს ქადილი, მაგრამ შედეგი არაფერი“,- განაცხადა სუბარმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner