„არც ამ ეტაპზე და არც იმ ეტაპზე, არანაირი დაპირისპირება არ იქნება, ამას გპირდებით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ამ ეტაპზე დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
კობახიძემ სპეკულაცია უწოდა მოსაზრებებს, რომ ის შესაძლოა, პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს და რომ მმართველი პარტია შესუსტდა.
„არის სპეკულაციები და ეს სპეკულაციები პირდაპირ დაკავშირებულია IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან. ამ კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე იყო. უნდოდათ, რომ ეს კვლევა რაიმენაირად გადაეფარათ და ასეთი რამ მოიფიქრეს, რაც წმინდა წყლის სპეკულაციაა. რაც შეეხება გუნდს, გუნდში ფუნქციები მკაფიოდ არის გადანაწილებული და ამ კუთხით ცვლილება მომავალში არ იგეგემება“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრობისას.