logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საკითხს, რომ „ნამახვანჰესი“ არ აშენდეს, არ განვიხილავთ
- +

7 აპრილი. 2021. 01:06

 

 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდება. საკითხზე მან, „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

"პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ის უსაფრთხოა.

 

ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს და გადაამოწმოს.

თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადაა დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ,"- აცხადებს მინისტრი.

 

მისივე თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებობს როგორც ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც ხელისუფლება კონკრეტული პასუხებით და გადაწყვეტილებებით პასუხობს, ასევე სხვადასხვა ძალის მიერ ინსპირირებული კრიტიკა და ცრუ ინფორმაციაც:

 

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შეიძლება უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ დიდი პროექტია და ამას იმსახურებს. თუმცა ამ ეტაპზე გაძლიერებული კომუნიკაციის შემდეგ ძალიან ბევრი კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე შევთავაზეთ და გავახმოვანეთ, რაც ძალიან ბევრ თუნდაც ლეგიტიმურ შიშს პასუხობს და დღის წესრიგიდან ხსნის, ახლა სიმართლე გითხრათ მეჩვენება, რომ რაღაცა მასირებული შეტევა მიდის ამ პროექტზე და პრემიერ მინისტრმაც ბრძანა, რომ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ გულწრფელი კითხვები და წუხილები და ისეთი ტიპის კრიტიკა, რომელიც არაა გულწრფელი და შეიძლება იყოს სხვადასხვა ძალის მიერ ინსპირირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. რამდენი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება მათ შორის სამწუხაროდ ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ "ღამის კურიერში".

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner