„ნიკა მელიას უნდა, სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა, ასე არაა“, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ვფიქრობ, ხელისუფლება ეძებდა გირაოს გადახდის გზას, თუმცა, პასუხი იყო – ოჰ, არა, არაფერს მივიღებ, აქ ვრჩები! რატომ?! იმიტომ, რომ ეს პროვოკაციის ნაწილია. სამწუხაროდ, ამან სიტუაცია დაამძიმა და ალბათ, სჯობს, ამ ინტერვიუში არ გავცე რჩევა იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ყურადღება ახლა ევროკავშირის მონახაზზე უნდა გამახვილდეს. რამეზე უნდა შეთანხმდნენ და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება შედგება, თუკი ორივე მხარე მიიღებს ევროკავშირის შეთანხმებას. მელია სამყაროს ცენტრი არაა. უნდა, რომ სამყაროს ცენტრი იყოს, თუმცა, ასე არაა. სამყაროს ცენტრი ახლა პარლამენტის წევრები არიან, რომლებიც უკან დაბრუნდებიან, იმუშავებენ, იბრძოლებენ, რომ გააუმჯობესონ რეფორმები, რომელთა განხორციელების პირობაც ორივე მხარემ დადო. ესაა დემოკრატია. ეს მძიმე შრომაა“, – განაცხადა ჯოელმა.
ამ განცხადებით პოლ ჯოელმა გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელიას მხრიდან სამაჯურის მოხსნა და გირაოს გადახდაზე უარის თქმა პროვოკაცია იყო.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის ახლა გამოსავალი, ჯოელი პასუხობს, რომ გამოსავალი ორივე მხარის მიერ ევროკავშირის შეთავაზების მიღებაა, ყველა სხვა წითელი ხაზის, პოლიტიკური პატიმრების, ვადამდელი არჩევნების შესახებ განცხადებების გარეშე.
„ისე შეიმუშაონ რეფორმები, რომლებიც უნდათ, რომ შემდეგი არჩევნებისას ყველა ეს საარჩევნო რეფორმა აისახოს. ლიბერალიზმის არსი ამაში მდგომარეობს, რომ რადიკალურ ცვლილებებს ყოველთვის აპროტესტებენ“, – განაცხადა ჯოელმა.
მისი თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რათა დაცული იყოს წონასწორობა, რომ ხალხმა ისიამოვნოს თავისი თავისუფლებებით.
„აზრთა სხვადასხვაობა თავდასხმის სამიზნე კი არა, მისასალმებელი უნდა იყოს. უნდა შექმნათ საზოგადოება, სადაც განსხვავებულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ ცხოვრება. ქართული რეალობის რუსეთის, ან ვინმე სხვის უკან დაბრუნება ასე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება. იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება ერთი მისიით გაერთიანდება და ეს მისია ძალაუფლების მოხვეჭა კი არა, წარმატებული, აყვავებული ქვეყნის შექმნა იქნება, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ჯოელმა.
პოლ ჯოელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის მართვას თავი კარგად გაართვა.
„პანდემიის დაწყებისას, როცა ჩვენ, ამერიკელები დავიბენით, სიამოვნებით ვაკვირდებოდი იმ წინამძღოლობას, რომელიც ქართულმა მთავრობამ ყველაფრის შეჩერებაში გამოიჩინა. ამაზე დავწერე კიდეც და ვუთხარი ხალხს, ჩემს კოლეგებს მთელს მსოფლიოში – ნახეთ, რა გააკეთა საქართველომ! ინფექციის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გქონდათ და რატომ?! – მკაცრები იყვნენ! თუმცა, მერე საარჩევნო სეზონი დაიწყო, დაიწყო მასობრივი გამოსვლები, პლუს ბათუმი ზაფხულში, თქვენც ხომ იცით, ეს რას ნიშნავს?! ამან შემთხვევებიც გაზარდა. ძალისხმევათა ერთობლიობა არის მთავარი. პანდემიის დასაწყისში საქართველოს ეს ჰქონდა“, – განაცხადა ჯოელმა.
ჯოელმა მხარეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ვთხოვ ყველა მხარეს – მთავრობას, ოპოზიციას, რომ გაერთიანდნენ. შეიძლება, ერთმანეთი არ მოგწონთ, მაგრამ უნდა ილაპარაკოთ, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია, რომ დავგმოთ ისინი იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინეს, მაგრამ ასევე ვილაპარაკოთ საკითხებზე, რომლებიც ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს. მაგალითად, იარაღის კონტროლზე და ასე შემდეგ. რუსეთი ახლა აშშ-ს სცდის. საქართველო, გთხოვ, ნუ იქნები ამ ტესტის ნაწილი. ჩვენთან იყავი! ჩვენთან ერთად დარჩი, რომ ჩვენც შენთან ერთად ვიყოთ. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ!“ – განაცხადა პოლ ჯოელმა.