logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ესეც ქალბატონი ელისოა!
- +

25 თებერვალი. 2016. 16:23


 


როდის მივხვდებით, რომ ასე არ შეიძლება?! არ შეიძლება, ერი და ბერი სეირის მაყურებლის სავარძელში მოკალათებული, იჯდეს და ისმენდეს მაღალი რანგის ჩინოვნიკებისგან - უსაშველო „სერიოზულობის" განცხადებებს.


...პარლამენტში ყოფნა ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას და იმას, რომ ძალიან დიდი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გაქვს. მე არ მინდა, რომ ჩემი სადმე ყოფნა ფიქცია იყოს, მინდა, რეალური ძალაუფლება მქონდეს..." ეს ფრაზა პარლამენტარ ქალბატონს, ელისო ჩაფიძეს ეკუთვნის. (?!)

 

გულწრფელად ვამბობ: შეიძლება, ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი რამ მაღიზიანებს კიდეც, მაგრამ პირადად მე და საზოგადოებასაც პარლამენტი ბევრად უფრო სერიოზული, უმაღლესი სახელმწიფო სტრუქტურა გვგონია, ვიდრე ზოგიერთ პარლამენტარს მიაჩნია!


ხალხისგან ქვეყნის სამართავად მინიჭებულ ძალაუფლებას უფრო მაღალი სტატუსი დედამიწის ზურგზე არსად აქვს და კიდევ უფრო მეტს რას ითხოვს ეს ქალბატონი?!


სხვისი ხელის შემყურე და სხვის თვალებში შეციცინებას გადაყოლილმა ზოგიერთმა დეპუტატმა საკუთარი თანამდებობა თვითონვე აქცია ფიქციად და ახლა სხვას ემართლება!


„...საერთოდ პოლიტიკაზე ვიტყვი უარსო..." - ისე გვამადლის თავს ეს ქალბატონი, თითქოს არ იცოდეს, რა მოხდებოდა მაშინ, ელისოს მაგივრად, ჟუჟუნა რომ ეთქვა ივანიშვილს?!


„ციდან ჩამოვარდნილმა", ნაჩუქარმა და სწორედ სხვისი ავტორიტეტის წყალობით მიღებულმა ძალა-უფლებამ იცის ეგ!


 „...ასე ვაყენებ საკითხს, მიეცით ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი! მიეცით ტყიბულელ მეშახტეებს უკეთესი სამუშაო პირობები! სახელმწიფოს რაც შეუძლია, იმ დონეზე ჩაერიოს და დაიცვას მათი უფლებები..." - ესეც ქალბატონი ელისოა!


მიეცითო?!


სახელმწიფომ დაიცვასო?!


აი, ასეთი „სერიოზული" აზროვნებაა ხალხის მხრიდან ხელისუფლების მიმართ ყველა უნდობლობის, გულის გატეხისა და ხელჩაქნეულობის მიზეზი!


ძალიან ძნელია! იქნებ უტაქტობაცაა ცინიზმის გამჟღავნება, მაშინ, როცა ქალბატონს ესაუბრები, მაგრამ რევერანსი და კოჭის გორება - როდემდე?!


 „ფიქტიური" რომ არ გინდა და რეალურ ძალაუფლებაზე რომ წუწუნებ, ისეთი პარლამენტარი(!!!) ბიძინა ივანიშვილს უნდა ეკითხებოდე: - რა დააშავეს ტყიბულელებმაო?!


რა დააშავეს და...


როგორც ჩანს, არც ტყიბულელებმა იცოდნენ (და როგორც ჩანს, არა მარტო ტყიბულში), რომ არჩევნებამდე ერთი მარტივი კითხვა უნდა დაესვათ კანდიდატებისთვის: „პარლამენტი მართლა ფიქციაა თუ ის ორგანო, რომელმაც უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე, სხვა რამესთან ერთად, შრომის უფლების დაცვის ძლიერი ბაზაც უნდა შექმნას?! ჰოდა, რომ არ ვიკითხეთ და ისე ავირჩიეთ, მიტომ ვაწყობთ ზოგი აქციას და „ზოგიერთი" დღემდე სამი წლის წინანდელ პრემიერ-მინისტრს (ესეც ჩვენი უსერიოზულესი პოლიტიკური აზროვნების ნაყოფია) ვთხოვთ შველას.


ქალბატონი ელისოს „სერიოზულ" განცხადებას ბრჭყალების გარეშე სერიოზული და ძალიან რომ მოდაშია, ისეთი შეკითხვა რომ შევუბრუნოთ: რას ფიქრობთ, ერევა თუ არა ივანიშვილი ქვეყნის მართვაშიო?! დარწმუნებული ვარ, სასტიკ და, ასე განსაჯეთ, გულწრფელ აღშფოთებას ისე დაგვიბრუნებს, თითქოს „...რა დააშავეს, ბატონო ბიძინა, ტყიბულელებმაო..." სხვისი ნათქვამია და არა მისი!


თავს ვერ დავდებ - რას და ვის როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილი! არავითარი სურვილი არ მაქვს, „კურიოზული ჭორების" მაძიებლებში ჩავეწერო! ჩვენში ეს „სიკეთე" უჩემოდაც თავზე საყრელია! მაგრამ იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ ქართული პოლიტიკა (განსაკუთრებით „ოცნების" შიგნით) ზედმეტად „გასერიოზულდა", ერთი სერიოზული კითხვა მეც მაქვს სამი წლის წინანდელ პრემიერთან: იმ მითქმა-მოთქმის ერთი მიზეზი და საფუძველი, რომ ქვეყნის ფაქტიური მმართველი ბიძინა ივანიშვილია - სწორედ „ოცნების ერთგული" წევრების და მხოლოდ საკუთარ ოჯახებზე მზრუნველი პოლიტიკური „ცეხავიკების" მომავალ სიაში ვერმოხვედრით გამოწვეული განაწყენება ხომ არ არის?!


ეს ისე, რიტორიკულად ვიკითხე, თორემ გაგიხარია, „ოცნების" ახალი სიის შედგენამდე ჩვენ რომ „გულწრფელი" გამოსვლები და „სიურპრიზები" გველის! :)

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner