როგორ ხვდება ადგილობრივი მასალები „National Geographic"-ში და როგორ გახადა კომპანია „სილქნეტმა" ჟურნალი უფრო ხელმისაწვდომი.
მსოფლიოს ახალი აღმოჩენები, სამეცნიერო კვლევები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები თუ ტექნოლოგიური მიღწევები ერთ გამოცემაში იყრის თავს და ის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. შემეცნებითი ჟურნალი „National Geographic" მეოთხე წელია ქართულად გამოიცემა. ჟურნალის შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს ბრენდის პოპულარიზაციასა და მის განვითარებაზე.
იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა „National Geographic"-ის ლიცენზია სარედაქციო ჯგუფმა, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა კავკასიის მასშტაბით საკმაოდ გართულებულია, „National Geographic-საქართველოს" გამომცემელს თათა კვაჭაძეს ვესაუბრეთ:
- ქართველი საზოგადოება, საწუხაროდ, არ არის განებივრებული კვალიფიციურ სამეცნიერო კონტენტზე წვდომით. შესაძლოა, მრავალი წელი გასულიყო და მსოფლიო დონის ეს ჟურნალი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ვერ გამხდარიყო, თუმცა კომპანია „სილქნეტმა" ამ ღირებულებების დეფიციტის შევსება „National Geographic"-ის საქართველოში შემოყვანით გადაწყვიტა. ამ შემთხვევაში მხოლოდ რედაქციის დაფუძნებას და ჟურნალის ქართულ ენაზე გამოცემას არ ვგულისხმობ - „სილქნეტი" დღემდე ხელს გვიწყობს, რომ „National Geographic- საქართველო" მეტად ხელმისაწვდომი იყოს: სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ სტუდენტები და „სილქნეტის მომხმარებლები". ამოქმედებულია IOS პლატფორმებისთვის ჟურნალის ელექტრონული ვერსია. ჟურნალის გამოწერაც მარტივადაა შესაძლებელი ონლაინ ან სილქ-ტივის პულტის მეშვეობით.
რაც შეეხება ლიცენზიის მოპოვების პროცესს, მოლაპარაკებები მართლაც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც წესი, „National Geographic" ლიცენზიას მხოლოდ მასშტაბურ და დიდი ხნის ისტორიის მქონე გამომცემლობებს ანიჭებს, ბრენდის პრესტიჟის შენარჩუნებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და გამომცემლობებს, რომლებსაც ლიცენზიის მოპოვება სურთ, საკმაოდ მძიმე ვალდებულებებს აკისრებს. იმ ფონზე, რომ ჩვენ გამომცემლობას არ წარმოვადგენდით და უბრალოდ, ქვეყანაში შემეცნებითი ბრენდის შემოტანა გვსურდა, საკითხის დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „სილქნეტის" ფაქტორის გათვალისწინებით. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გამომცემლობა ჩამოყალიბდა და სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა „National Geographic"-ის ბრენდთან და დღემდე მათი ერთადერთი პარტნიორები ვართ საქართველოში. კომპანია „სილქნეტიც" რედაქციის დაფუძნებიდან მოყოლებული თითქმის ყველა პროექტის ხორცშესხმაში გვეხმარება.
- რა რაოდენობის ადგილობრივი მასალების მომზადების საშუალება აქვს ქართულ რედაქციას? უმეტესად ვინ ქმნის ჟურნალის ამ ნაწილს - ქართველი თუ უცხოელი პროფესიონალები?
- ქართულ მასალებს, რომელსაც ჟურნალის 30% უკავია, ადგილობრივი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ქმნიან. ჟურნალის გარდა, გვაქვს მკითხველზე მორგებული ვებ-გვერდი, სადაც არ ვართ შეზღუდულნი, უფრო ვრცელი მასალა გამოვაქვეყნოთ. ვებ-გვერდი ადგილობრივი პროფესიონალებისთვის მართლაც უამრავ შესაძლებლობას ქმნის. მის ფარგლებში ბევრი საინტერესო ქართველი ბლოგერი აღმოვაჩინეთ. „National Geographic-საქართველოს" რედაქციის კარი დაარსების დღიდან ღიაა ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომელთა ნამუშევრების ხარისხიც ბრენდის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამის შესახებ ყველგან აღვნიშნავთ, მათ შორის ჩვენს ქართულ ვებ-გვერდზეც. ვცდილობთ, პროფესიონალებისთვის ჩავატაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო წვრთნებიც. მაგალითად, 2013 წელს, „National Geographic"-ის ამერიკის ოფისიდან შტატის ფოტოგრაფი მარკ ტისენი და მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილე ვიქტორია პოუპი ჩამოვიყვანეთ. მათ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და ფოტოგრაფებისთვის 3-დღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარეს. ეს პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა - ბევრი ნიჭიერი პროფესიონალი აღმოვაჩინეთ, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ.
- ყოფილა შემთხვევა, როცა ადგილობრივი ფოტოგრაფის ნამუშევრით საერთაშორისო გამოცემა დაინტერესებულა?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, მაინც გურამ წიბახაშვილის ფოტონამუშევრების „National Geographic"-ის მთავარ გამოცემაში დაბეჭდვა იყო, როდესაც დმანისის აღმოჩენას რამდენჯერმე მიეძღვნა ვრცელი სტატია, 1997, 2000, 2005 წლებში, ხოლო 2002 წელს ხელოვანის მიერ გადაღებული ფოტო ყდაზეც კი მოხვდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოცემამ გამოაქვეყნა ნათელა გრიგალაშვილის ფოტო, რომელიც „National Geographic"-ის ფოტორედაქტორმა აარჩია დეპარტამენტისთვის „Your Shot" („შენი კადრი"). ზოგადად, ფოტოგრაფებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, აქვთ კარგი შესაძლებლობა, სხვა გამოცემებშიც მოხვდნენ, რადგან ჩვენ რეგულარულად ვცვლით ადგილობრივ მასალებს.
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა საქართველოს მოხვედრა „National Geographic Traveler" -ის რეიტინგებში?
- უკვე 128 წელია, „National Geographic"-ის მწერლები, ფოტოგრაფები და საზოგადოების მიერ დაფინანსებული მკვლევარები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ. მათი არქივი საქართველოში გადაღებულ უნიკალურ ფოტომასალას მოიცავს. „National Geographic"-დან საქართველოში პირველად მე-19 საუკუნეში (ჟურნალის დაარსებიდან სულ მცირე ხანში) ჩამოვიდნენ. ჩვენს რედაქციას ცნობილი მკვლევარის, ჯორჯ კენანის 1887 წელს გადაღებული ფოტოც აქვს, რომელზეც 3 ქალია გამოსახული. მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს სტუმრობდნენ საქართველოს და სხვადასხვა მოვლენას ასახავდნენ. ფაქტი, რომ „National Geographic" საქართველოზე წერს, გასაკვირი სულაც არ არის. მაგალითად, 2 წლის წინ ცენტრალურმა გამოცემამ დიდი სტატია გამოაქვეყნა სვანეთზე, რომლის ავტორი ბრუკ ლარმერია, ფოტოები კი აარონ ჰიუის ეკუთვნის. სტატია ყველა ადგილობრივმა გამოცემამ დაბეჭდა. საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამიტომაც იბეჭდება მასზე ხშირად „National Geographic Traveler"-შიც.
უნდა აღინიშნოს, რომ სულ ახლახან „National Geographic-საქართველოს" ივნისის ნომრის მასალა „ბრინჯაოს ხანის ქურდები" საუკეთესო სტატიად დაასახელა საერთაშორისო სარედაქციო საბჭომ, რომელიც 37 ქვეყნის გამოცემებიდან Best Edit-ებს (საუკეთესო სტატიებს) ავლენს. სტატია საქართველოს ტერიტორიაზე სამარხების ძარცვის ერთ ფაქტს ეხება - არქეოლოგებმა 5000 წლის წინ სამარხის ჩამონგრეული კედლების ქვეშ მოყოლილ ორ „ქურდს" მიაკვლიეს. ისტორია ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვისაც და როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო რედაქციისთვისაც.
- პარტნიორებზე გვესაუბრეთ, როგორ შედგა თქვენი ეროვნულ მუზეუმთან კოლაბორაცია?
- რედაქციამ თავიდანვე ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდო ბინა. ეს ლოგიკური სვლა იყო - შემეცნებითი გამოცემა მუზეუმის სივრცეში მოქცეულიყო. ამის ხელშემწყობი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძეა, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება კარგად იცნობს.
ამ საგანმანათლებლო სივრცეში საჯარო ლექციები, დისკუსიები და შეხვედრები ხშირად იმართება. სულ ახლახან ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მოგზაური პოლ სალოპეკი გვსტუმრობდა, რომელიც „National Geographic"-ის მხარდაჭერით ჟურნალისტურ პროექტს სახელწოდებით „ედემის ბაღიდან" ახორციელებს. ეს არის მოგზაურობა ფეხით მსოფლიოს გარშემო. პროექტის ფარგლებში იგი მიუყვება 60 000 წლის წინ აფრიკიდან გამოსული ადამიანის გზას. პოლ სალოპეკი, ბლოგის მეშვეობით (www.outofedenwalk.com), გზადაგზა უზიარებს „National Geographic"-ის 60-მილიონ მკითხველს ამ ფათერაკებიანი თავგადასავლს. სალოპეკმა საქართველოში მოგზაურობას ემოციური ბლოგი მიუძღვნა.
ასევე, აქტიურად ვერთვებით სხვადასხვა ინიციატივებში: ყოველწლიურად მოსწავლეებისთვის კონკურსებს ვმართავთ. 2 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით ორგანიზაცია „UK Bridge"-თან - ორივე წლის კონკურსის გამარჯვებული ბრიტანეთში, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გავამგზავრეთ ინგლისური ენის შესასწავლად. წელს ფრანგულ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ - ამ წლის გამარჯვებული ნიცაში, საზაფხულო სკოლაში „Azurlingua" გაემგზავრება.
პროექტის მიზანია, მოზარდებმა კვლევის უნარები შეიძინონ: კონკურსის ფარგლებში ერთგვერდიანი ესეს დაწერა უწევთ, რომელიც ბიომრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებების და სხვა საკითხების შესწავლას მოითხოვს. გამარჯვებულები ასეთი პროექტებით მართლაც დიდ გამოცდილებას იძენენ - უცხო ქვეყნის კულტურას, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მოსწავლეებს ეცნობიან, ექსკურსიებზე დადიან.
წამოვიწყეთ საქველმოქმედო პროექტი - „გაავრცელე ცოდნა". „National Geographic"-ის ქართული ნომრის გამოშვების პირველივე დღიდან ჩვენი მიზანია, ჟურნალი საქართველოს ყველა სკოლაში შევიდეს - ბრენდის კონცეფცია სწორედ ცოდნის გავრცელებას ემსახურება.
პროექტში „გაავრცელე ცოდნა" ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს, იქნება ეს კერძო პირი თუ კომერციული ორგანიზაცია. აირჩიეთ რეგიონი, სკოლა და აჩუქეთ ჟურნალის გამოწერა. პირველი ასეთი გამომწერი „სილქნეტი" გახდა, რომელმაც ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდებს და კუმურდოს ერთადერთ სკოლას ჟურნალის სრული ბიბლიოთეკა გადასცა. ასევე, რაჭის 10 სკოლისთვის კომპანია „სკაილერმა" გამოიწერა ჟურნალი, ხოლო ამ სკოლის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში მწერალი დათო ტურაშვილიც ესტუმრა.
- ადგილობრივი ფოტოგრაფების ხელშეწყობისთვის რა აქტივობებს ახორციელებს რედაქცია?
- ვცდილობთ, ფოტოგრაფებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, არასტანდარტული, ორიგინალური ფორმატის გამოფენები მოვუწყოთ ხოლმე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება პირველი ქართველი ასტრო-ფოტოგრაფის - დათო დვალის გამოფენა იყო: აუდიტორიისთვის ვიზუალური მასალის მიწოდება არა ტრადიციულ საგამოფენო სივრცეში, არამედ კლუბურ გარემოში გადავწყვიტეთ. ნამუშევრების პროექცია მოვაწყვეთ „მტკვარზე"და „Kung Fu Junkie"-ს კონცერტიც გავმართეთ. ზოგადად, ვცდილობთ, ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში ხელოვნების რამდენიმე დარგის სინთეზი მოვახდინოთ.
ჟურნალის შემოქმედებითი გუნდი უამრავ პროექტზე მუშაობს და სამომავლოდ საინტერესო აქტივობებს, კონცეფციებს შესთავაზებს მკითხველს.