პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, „იმედის" საქმეში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე დაკითხულმა სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის ბრძანება ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.
„ადვოკატები ცდილობენ, სასამართლო დააჯერონ იმაში, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არიან „იმედის" დარბევასთან. დღეს დაიკითხნენ მოწმეები, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი 7 ნოემბერს დღის ბოლოს შეკრებილი იყვნენ მოდულის შენობაში და მათი მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები „იმედში". ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდულიდან ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მათი მითითებით მოხდა „ტელეიმედის" ძვირადღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა. ნაწილი მოქმედია, ნაწილი ყოფილი. მაღალი თანამდებობები ეკავათ კონტრდაზვერვაში და არ უნდა გახმაურდეს მათი ჩვენების დეტალები", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პროცესი 21 ივლისისთვის გადაიდო.