საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით, ევროპარლამენტარების განცხადებებში მოწოდების მხარე „უპირველესად ოპოზიციაა“.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი აცნობიერებს გზავნილების მნიშვნელობას და ევროკავშირის დამოკიდებულება და ინტერესი ძალიან დიდია საქართველოს საკითხის მიმართ.
„რა თქმა უნდა, წავიკითხეთ და ვაცნობიერებთ იმ გზავნილების მნიშვნელობას, რომელიც მართლაც, რეალურად ჩანს და ძალზედ საინტერესოა.
პირველი, რაც ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია არის ის, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება და ინტერესი საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი.
საკმაოდ კარგად ფლობენ ინფორმაციას. ვფიქრობ, ახლა მათთვის ყველაფერი რეალურად ნათელია. საკმაოდ მკაფიოა გზავნილები, რომელიც კეთდება. ამ შემთხვევაში, ალბათ, მოწოდების მხარე, უპირველესად რა თქმა უნდა, მაინც ოპოზიციაა. მთავარი სტრესი, რაზეც არის ამ შემთხვევაში გაკეთებული, არის პარლამენტში შესვლის საჭიროება. სწორედ სტრიქონებს შორის აზრს თუ ამოვიკითხავთ, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საუბარი ერთხელ და სამუდამოდ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის განცხადებებში სტრიქონებს შორის კითხვა უნდა ისწავლოთ".