შეუცვლის თუ არა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათზე გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გუშინ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მივიდნენ და მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი განცხადებით, თუ სასამართლო მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, 15 მაისიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.