გენერალური პროკურატურა ძალაში ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის შეთავაზებას, რომ მის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ პროკურორმა გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე მტკიცებით, ნიკანორ მელიას პატიმრობა არასოდეს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის. ჩვენ მათ შევთავაზეთ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს ამის სურვილი ჰქონდა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა - მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება, მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში იწყება. შეუცვლის თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი. თავად ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება არ აქვს.
საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.
პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.
ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.