logo_geo
eng_logo
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
- +

8 აპრილი. 2021. 12:38

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.

 

ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. კერძოდ, ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ მომხდარიყო პროცესის პირდაპირი ტრანსლირება, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის მიზეზად მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაასახელა ის, რომ პროცესს იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა მედიასაშუალებებს აქვთ უფლება, მიიღონ მასალები.

 

ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას დასწრებას. ნიკა მელია აღნიშნული საქმის ფარგლებში მოსამართლის მიერ პროცესიდან იყო გაძევებული. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაეხმარა ბრალდების მხარეც.

 

„შუამდგომლობა უნდა იყოს მოტივირებული, ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, ეს შუამდგომლობაც კი არის ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის გამძაფრების, ხაზი გაესვა, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი, რა შუაშია მისი პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ დავუბრუნდეთ სამართლებრივ არგუმენტებს. ბრალდების მხარე არ იქნება წინააღმდეგი, რომ ბრალდებული დაბრუნდეს სხდომათა დარბაზში, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საქმის არსებითი განხილვა მომავალში გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში და წესრიგი არ დაირღვევა“, – განაცხადა პროკურორმა გულუაშვილმა.

 

მოსამართლემ საბოლოოდ, ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას მიეცა საშუალება, სასამართლო სხდომას დაესწროს.

 

აქედან გამომდინარე, პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რომელსაც თავად ბრალდებული ნიკა მელიაც დაესწრება.

 

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოსამართლე 13 აპრილის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

 

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner