„ქრონიკამ“ მოიპოვა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმების ჩვენებები, საიდანაც ირკვევა, რომ პირველ ჩვენებაში მედიკოსი ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს გართულების შემდეგ ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა, მეორე ჩვენებაში, გამომძიებლის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალა.
ამასთანავე, გამომძიებლის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა სხვა მედიკოსებმა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ იცოდნენ, მაგრამ იმიტომ მოაწერეს საპირისპიროს ხელი, რომ პროტოკოლით ანაფილაქსიის ნიშნების შემთხვევაში ადრენალინი აუცილებლად უნდა გამოყენებულიყო.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.