„მსურს, ჯორჯ კენტს მადლობა გადავუხადო იმ შეფასებებისთვის, რაც სენატში განხილვაზე ჰქონდა“, - ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას.
თალაკვაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ჯორჯ კენტის განცხადება გამგებმა კარგად უნდა გაიგოს.
„მან ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან დღემდე, საქართველოს დასავლური კურსიდან არასოდეს გადაუხვევია, ჩვენ მტკიცე პარტნიორობა და მეგობრობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ობიექტური შეფასება, რასაც წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ საქმით და პოლიტიკური განცხადებებით აძლიერებდა.
რაც შეეხება მის კომენტარს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს გამგებმა კარგად უნდა გაიგოს. ხელისუფლება პარლამენტშია წარმოდგენილი, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების პროცესში ძალიან კონსტრუქციული პოზიციები ჰქონდა. ჩვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა და პრინციპული მზადყოფნა გვქონდა, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ნათელია, ვის ეხება ეს მნიშვნელოვანი განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას, მართოს ქვეყანა, სრულად აცნობიერებს“, – აღნიშნავს თალაკვაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.